რუსეთი როგორც "ცალკე კუნძული" და "საერთაშორისო ხულიგანი"

რუსეთი როგორც "ცალკე კუნძული" და "საერთაშორისო ხულიგანი"

რამდენიმე წლის წინ, რუსეთი ევროპის მიმართ რთული, თუმცა მეტნაკლებად, მაინც პარტნიორი იყო, ბოლო ხანებში კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა - თუ ადრე, რუსეთის პირველი პირები შენიშვნებსა და მინიშნებას ევროპის მიმართ ირიბად ამბობდნენ, ახლა ამას პირდაპირ უხეში ფორმით აკეთებენ და პასუხად იღებენ იმას, რომ რუსეთი, როგორც პარტნიორი გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროპისთვის არ არსებობს.

"დღევანდელი მოცემულობა ასეთია, - რუსეთი ახლა ერთი ცალკეული კუნძულია, თავისი "სასიცოცხლო ინტერესებით", გააჩნია თავისი საზღვრები; ის აღიქმება სირიის პრობლემის მთავარ ძალად და მის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში გარკვეული გავლენების მოხდენა შეუძლია, თუმცა, ახლა ევროპისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და არც აპირებს..." - ამბობს პოლონელი მიმომხილველი და ანალიტიკოსი ეუგენიუშ სმოლარი, რომელიც საუბრობს იმაზე, თუ რა საგანგაშო გადაკვეთის წერტილები აქვთ რუსეთსა და დასავლეთს და სად შეიძლება კონფრონტაციის პოვნა.

"არაფერს ვამბობ ცალკეულ შესყიდვებზე, - ევროპას შეუძლია მათთან გაზითა და ნავთობით ივაჭროს, მათ ბაზარზე გავყიდოთ "მერსედესები", ასევე დიდი ევროპული კომპანიები რუსეთის ბაზრის მიმართ ინტერესს ინარჩუნებენ, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა; მსხვილი კომპანიები იქ დიდი ინვესტიციების ჩადებას აღარ განიხილავენ, რადგან არასტაბილურ სახელმწიფოდ აღიქმება.

ერთი გავლენიანი დიპლომატი, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში პრორუსული ორიენტაციის იყო, რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობა შეიძლება მხოლოდ "ტრანსაქციური" იყოს და მეტი არაფერი. თუ ბალტიისპირეთის ქვეყნები მასთან თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ხედავენ და მწარე გამოცდილების გამო, მისგან ტერიტორიის მიტაცების საფრთხის ქვეშ არიან. როდესაც რუსეთისგან მომავალ სხვადასხვა სახის საფრთხეზე საუბრობენ გერმანია, ჰოლანდია, საფრანგეთი და ბრიტანეთიც, გასაგებია, აქ გადაწყვეტილებების მიღების დროა და არა დისკუსიის..." - წერს სმოლარი.

ანალიტიკოსის თქმით, რუსეთმა ორი დიდი დანაშაული ჩაიდინა, - პირველი, ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გაღვივება. ამით დასავლეთის მიმართ უკრაინის ინტერესი გააღვიძა და ისევ რუსეთი დარჩა წაგებული, მან დასავლეთის არც ერთი რჩევა არ გაითვალისწინა და ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.

მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომა, - ეს არის რუსეთის მიერ სოციალური ქსელების გამოყენებით ევროპაში ქსენოფობიის გავრცელება და მხარდაჭერა... ეს ორი მიზეზი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების სურვილი აღარც არსებობს.

"კი ბატონო, დიპლომატებისა და მინისტრების ვიზიტი არ წყდება, მათ ამისთვის საკმაოდ კარგად უხდიან, თუმცა, დასავლეთის მხრიდან არავითარი შემხვედრი ნაბიჯები არ ჩანს",- აცხადებს პოლონელი ანალიტიკოსი.

რაც შეეხება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს, შეიძლება ითქვას, რომ ეს ურთიერთობა მომწამვლელია. ამერიკული "ისტებლიშმენტის", "დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" შეფასებით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სახელმწიფო სისტემებს და ამ ეტაპზე ურთიერთობის დალაგების პერსპექტივა არ ჩანს.

"ცივი ომის" დროს დაწყებული მოლაპარაკებები, თავიდან ჟენევის შეთახმება ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით, შემდეგ კი, პროცესების მთელი ციკლი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თავიდან მხარეები კამათობდნენ, თუმცა, დიალოგი მაინც გრძელდებოდა... ახლა ჩნდება განცდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდა.

ამერიკას და ჩინეთსაც ჰქონდათ გარკვეული გაუგებრობები, თუმცა, ამერიკას ჩინეთი, სხვადასხვა მოსაზრებებიდან გამომდინარე სჭირდება, - ვაშინგტონს ის "მოთმინებისა და განვითარების" ურთიერთობათა კატეგორიაში აქვს ჩასმული, რადგან სირიასთან დაკავშირებით ძალიან სჭირდება, რუსეთი კი სრულიად სხვა კატეგორიაში განიხილება.

რუსეთი ეს არის, საერთაშორისო ხულიგანი, რომელმაც 1990-2000-იან წლებში, თანამშრომლობისა და კოოპერაციების ფარგლებში თავის მიზნებს ვერ მიაღწია და ამის მიღწევას 2007 წლიდან ძალისმიერად ცდილობს... როდესაც დიპლომატიამ კრემლთან ყველანაირი რესურსი ამოწურა, ისინი რუსეთისთვის კარგად ნაცნობ ხისტ და პირდაპირ განცხადებებზე გადავიდნენ. ასევე მოიქცა ნატოც, - ალიანსის წევრ ნებისმიერ ქვეყანაზე თავდასხმა ნატოს მიმართ აგრესიად იქნება აღქმული და პასუხი "ადექვატური" იქნებაო.

მე ვმონაწილეობდი ნატოს კონფერენციაზე, სადაც ალიანსის გენერლებმა ვერ ამოხსნეს რისი მიღწევა სურს რუსეთს, თუმცა, ამოხსნეს, რომ არის სახელმწიფო რომლისგანაც მუდმივად მოდის საფრთხე და უნდა მართო", - ამბობს ევროპელი ანალიტიკოსი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე