ავტორი:

როგორ ისჯებიან საქართველოში ცოლების მკვლელი ქმრები

როგორ ისჯებიან საქართველოში ცოლების მკვლელი ქმრები

წლებია, ოჯახში ძალადობასა და ფემიციდის შემთხვევებზე საზოგადოება სახელმწიფოსგან მკაცრ რეაგირებას ითხოვს, რიგ შემთხვევებში სასამართლოს მიერ მოძალადეების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენიც დგება, თუმცა გენდერული ნიშნით მკვლელობების სტატისტიკური მონაცემები მაინც შემზარავია.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტის, ანა თავხელიძის ინფორმაციით, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობას 40 ქალი ემსხვერპლა. მისივე ინფორმაციით, როგორც გახმაურებული, ისე გაუხმაურებელი საქმეების ნაწილზე სასამართლოში განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა იურისტის შეფასებით, გასულ წლებში რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე გამოტანილი განაჩენი ცხადყოფს, რომ სახელმწიფომ ფემიციდის შემთხვევების მიმართ მეტი პასუხისმგებლობა კანონის გამკაცრების მიმართულებით უნდა იგრძნოს.

როგორ სჯის სასამართლო ქალზე მოძალადე ქმრებს ან ნათესავებს, რომლებმაც ისინი სასიკვდილოდ გაიმეტეს?

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი მიშა ჯახუა რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ. იურისტების განმარტებით, მსგავსი საქმეების ძირითად ნაწილს, რომელსაც სასამართლო განიხილავს დამამძიმებელ გარემოებად, ფემიციდის კვალიფიკაცია არ ენიჭება, რაც ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს. ანა თავხელიძე 22 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობის გახმაურებულ საქმეს იხსენებს, რომელშიც, მისი თქმით, ხარვეზები იკვეთება.

„საქმეში ხარვეზი იმ კუთხით იკვეთება, რომ გენდერულ ნიშანზე აქცენტი საერთოდ არ გაკეთებულა, შესაბამისად, სასჯელი საკმაოდ არაპროპორციულია. ეს ფემიციდის ერთ-ერთი კლასიკური შემთხვევა იყო და 11 წელი პროპორციულ სასჯელად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. ეს საქმე იმ კუთხით არის პრეცედენტული, რომ სახელმწიფო სტრუქტურებისგან უმოქმედობა დადგინდა. აღმოჩნდა, რომ შს სამინისტრო და პროკურატურა უმოქმედო იყო, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურება დაეკისრა,“ - განმარტავს ანა თავხელიძე.

AMBEBI.GE-მ ქმრების მიერ მეუღლეების მკვლელობის კიდევ რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა მოიძია, რომლებზეც სასამართლოს მიერ განაჩენი უკვე გამოტანილია.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2017 წლის 4 იანვარს, თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობაა, როდესაც 50 წლის ვახტანგ სამხარაძემ ცოლი, 49 წლის ზიზი ურუშაძე მოკლა. გამოძიების ინფორმაციით, სამხარაძემ მეუღლე თოკით გაგუდა. ბრალდებული პოლიციაში თვითონ გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა. მოკლული ქალის ოჯახის წევრები მაქსიმალურ სასჯელს ითხოვდნენ. მათი ინფორმაციით, მოკლულს უამრავი დაზიანება ეტყობოდა სხეულზე, სახეზე სილურჯეები, შუბლზე - კოპი, ცხვირის ძვალი გატეხილი, ნიკაპი დაზიანებული, თითები დამტვრეული, ფეხები გადატყავებული... ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლის მკვლელობისთვის ვახტანგ სამხარაძეს 11 წელი მიესაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წელს ცოლის მკვლელობის კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე გამოიტანა 11-წლიანი განაჩენი. საქმე ეხება ქვემო ფონიჭალაში საქართველოს მოქალაქე ნოვრაზ ალიევის მიერ მეუღლის სასტიკ მკვლელობას. შემთხვევა 2016 წლის 12 ივლისს, მოხდა. ნოვრაზ ალიევმა ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მეუღლეს, 20 წლის კიუნაი ისაევას დანით ჭრილობა ყელის არეში მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მიღებული დაზიანების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ნოვრაზ ალიევი იმავე ღამეს თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

2016 წელს ქართული მედია კიდევ ერთ სასტიკ მკვლელობაზე წერდა. საქმე ეხება ედუარდ პაპანიანის მიერ ცოლის, პაიწარ პაპანიანის განზრახ მკვლელობას. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, მეუღლეს - პაიწარ პაპანიანს, დანით, გულმკერდისა და ზურგის არეში ორი შემავალი და 18 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა. პაიწარ პაპანიანი მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ედუარდ პაპანიანი მიიმალა. სამართალდამცველების მიერ იგი რამდენიმე საათში იქნა დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ პაპანიანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

2016 წელს, ვარკეთილში, 35 წლის ნელი სონიძე მეუღლემ მოკლა. ამ შემთხვევაშიც ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა იკვეთება. 42 წლის სანდრო ღვინიაშვილმა მეუღლეს დანა ყელში ჩასცა, ნელი სონიძის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. შს სამინისტრომ საქმე განზრახ მკვლელობაზე, 108-ე მუხლით აღძრა და ბრალდებულის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენიც დადგა. სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„108-ე მუხლით მინიმალური სასჯელი 7 წელია გათვალისწინებული, მაქსიმალური - 14, თუმცა მაქსიმალური სასჯელი არცერთ გახმაურებულ საქმეზე არ დამდგარა, ყოველთვის რაღაც საშუალო სასჯელი დგება, ამიტომ როგორც წინა შემთხვევაში, პროპორციულ სასჯელად ესეც ვერ ჩაითვლება. ამ საქმეშიც აქცენტი კეთდებოდა მეზობლების ჩვენებებსა და განმარტებებზე, რომლებიც ქალის ყოფა-ქცევაზე უთითებდნენ, რომ ის არ იყო მეოჯახე, ქალისთვის შეუფერებლად იქცეოდა და ა. შ. აქცენტი გადატანილი იყო გენდერულ როლზე და გენდერული ნიშნით მკვლელობის ჩადენა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად საქმეში არ ფიგურირებდა,“ - ამბობს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე.

2014 წელი მკვლელობა რუსთავში. „საქართველოს იურისტთა ასოციაცია“ ამ შემთხვევასაც ფემიციდის კვალიფიკაციით განიხილავს. მიშა ჯახუას განმარტებით, მსხვერპლმა პოლიციას დაცვის მოთხოვნით მიმართა, რომლის მხრიდანაც სათანადო ღონისძიებების მიღება არ მოხდა, გარდა ამისა, რეაგირება პროკურატურის მხრიდანაც უნდა მომხდარიყო, საგამოძიებო უწყებამ კი მსხვერპლის დაცვა ვერ უზრუნველყო და ქმარმა ქალი, სახელად ბელა, სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიდან 5 დღეში მოკლა.

„ეს საქმე სასამართლოში სახელმწიფოს უმოქმედობის კუთხითაა გასაჩივრებული. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შს სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ ძალადობის შესახებ იცოდა და მსხვერპლი ვერ დაიცვა,“ - განმარტავს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

მიშა ჯახუა აღნიშნავს, რომ გენდერული ნიშნით ძალადობაზე სახელმწიფო უწყებები ახლა უფრო ახდენენ რეაგირებას, ვიდრე გასულ წლებში. „ბოლო შემთხვევებზე სახელმწიფო რეაგირებას ახდენდა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. ფაქტია, რომ ახლანდელი პოლიტიკა გასულ წლებთან შედარებით უკეთესია, თუმცა კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და მსგავსი ფაქტების პრევენციის კუთხით, რა თქმა უნდა, მუშაობა გასაგრძელებელია,“ - აღნიშნავს იურისტი.

შეგახსენებთ, რომ ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამატებითი მექანიზმების ამოქმედება დაიწყო. კერძოდ, მოძალადეს ორდერის გამოცემის გარდა ელექტრონულ სამაჯურსაც გაუკეთებენ. როგორც შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განმარტა, ელექტრონული სამაჯურები გაუკეთდება მაღალი რისკის მქონე პირებს, თუ მათი მხრიდან სიცოცხლის ან ჯანმრთელობის მოსპობის საშიშროება არსებობს.

უზნაძის ქუჩაზე, სკვერში გაყინული მამაკაცი იპოვეს

შსს-მ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადადო - უწყების განცხადება

ქალაქ რენში დაკავებულია "ქართული მაფიის" 15 წევრი, მათ შორის კანონიერი ქურდები - რას წერს ფრანგული გამოცემა მასშტაბურ სპეცოპერაციაზე?