ავტორი:

"100-ზე მეტი ადამიანი მოვკალი და სრულებით არ ვნანობ" - "ისლამური სახელმწიფოს" ყოფილი წევრის შემზარავი ისტორია

"100-ზე მეტი ადამიანი მოვკალი და სრულებით არ ვნანობ" - "ისლამური სახელმწიფოს" ყოფილი წევრის შემზარავი ისტორია

სირიაში საბრძოლო მოქმედებები 7 წელია, მიმდინარეობს. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება ერთდროულად ამბოხებულებს და „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტებს ებრძვის. ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი რაქა კონფლიქტში ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, რადგან ტერორისტებმა საკუთარ „დედაქალაქად“ სწორედ რაქა აირჩიეს.

BBC წერს ადამიანის შესახებ, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის მონაწილე იყო, შემდეგ კი სისხლისღვრაში ჩაება და სასტიკ მკვლელად იქცა.

ხალედი (სახელი შეცვლილია) 5 მამაკაცთან ერთად ალეპოში მიიწვიეს, სადაც ფრანგი მწვრთნელი მათ სხვადასხვა იარაღით ადამიანის მოკვლას ასწავლიდა.

„ჩვენი სამიზნეები დაკავებული ჯარისკაცები იყვნენ. მწვრთნელები მათ რთულ ადგილას აყენებდნენ, ისე, რომ სნაიპერს მიზანში მარტივად ვერ ამოეღო, მათ ვესროდით.

უმეტეს შემთხვევაში ხალხის დახოცვა მოტოციკლიდან გვიწევდა, საჭირო იყო კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ტრანსპორტს მართავდა, მეორე კი - უკან ჯდებოდა. მოტოციკლი მიჰყვებოდა უკან სამიზნე მანქანას და საჭირო დისტანციაზე მიახლოების დროს ესროდა. ასეთ დროს გადარჩენის შანსი ძალიან ცოტაა,“ - ჰყვება ხალედი.

2013 წლის შუა პერიოდში, როდესაც სახელისუფლებო ჯარებმა რაქადან უკან დაიხიეს, ქალაქი ისლამისტურმა დაჯგუფებამ აჰრარ ალ-შამმა დაიკავა. ხალედი დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური იყო. ამის მიუხედავად, ის BBC-სთან ამბობს, რომ 2011 წელს, როდესაც სირიის რევოლუცია იწყებოდა, მშვიდობიანი მოქალაქე იყო, „რელიგიური, თუმცა არც ისე მკაცრი“.

„ვგრძნობდით, რომ ქვეყნის დასახმარებლად რაღაცას ვაკეთებდით, გვსურდა სირიის გათავისუფლება და ასადის ნაცვლად სხვა პრეზიდენტის არჩევა. პატარა ჯგუფი ვიყავით, სულ 25-30 ადამიანი“, - აღნიშნავს ხალედი.

პროტესტის პირველ ეტაპზე იარაღის აღებაზე არავინ ფიქრობდა - „ამისთვის საჭირო მხნეობაც არ ჰქონდათ“, თუმცა სახელისუფლებო ძალებმა მათი დაპატიმრება დაიწყეს და ერთ დღესაც ხალედის დაკავების დრო დადგა. ის სასტიკად სცემეს, ცენტრალურ ციხეში გადაყვანის დროს კი სიარულიც აღარ შეეძლო.

„დაცვის წევრმა მაჩვენა ასადის სურათი და მითხრა, „შენი ღმერთი მოკვდება, ეს კი არასოდეს,“ - იხსენებს ხალედი.

მას ციხეში ყოველ დღე აწამებდნენ. საპყრობილე პარალიზებულმა დატოვა. ხალედმა ფიცი დადო, რომ თუ ცოცხალი გადარჩებოდა, დაცვის წევრს, რომელიც მას სისტემატურად აწამებდა, აუცილებლად მოკლავდა.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება.

ერთ დღესაც ხალედმა შეიტყო, სად ცხოვრობდა ადამიანი, რომელიც მას ციხეში აწამებდა, სახლთან დახვდა და გაიტაცა. ის ჰყვება, რომ დაცვის წევრი სასტიკი წამებით მოკლა, თუმცა ოდნავაც არ უნანია.

„ახლა რომ გაცოცხლდეს, კიდევ ერთხელ ისევე მოვკლავ,“ - ამბობს ხალედი.

მან რევოლუციის რწმენა დაკარგა და ცდილობდა, ყოველდღიური ბრძოლებით გადაერჩინა თავი. სულ მალე მან უფრო ბნელი როლი იპოვა სირიის კონფლიქტში - „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტი გახდა.

2014 წლისთვის რაქა დაჯგუფების დე-ფაქტო დედაქალაქი იყო. მებრძოლები მოსახლეობას თავის მოკვეთით, წამებითა და ჯვარზე გაკვრით აშინებდნენ.

„ისლამური სახელმწიფო“ მათ ართმევდა ქონებას, კლავდა, აპატიმრებდა სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო,“ - ჰყვება ხალედი.

მისივე თქმით, უდანაშაულო ქალებს ღალატში სდებდნენ ბრალს და საკუთარი შვილების თვალწინ ქვებით ქოლავდნენ.

ჯიჰადისტები ამბოხებულების ლიდერებს საკუთარ რიგებში მაღალ სტატუსსა და თანხას სთავაზობდნენ. ხალედს „უსაფრთხოების ხელმძღვანელის“ როლი ერგო. მიხვდა, რომ უარის თქმა სასიკვდილო განაჩენი იქნებოდა, ამიტომ დათანხმდა. გარდა „ისლამური სახელმწიფოსი“, ის მუშაობდა აბუ ალ-აბასთან, დაჯგუფება „ალ-ნუსრას“ ლიდერთან. „ხალიფატის“ წინადადებაც სწორედ ალ-აბასის თანხმობით მიიღო და ორმაგი აგენტი გახდა.

„ისლამურ სახელმწიფოს“ მეგობრული სახე ვაჩვენე, თუმცა მათ წევრებს ჩუმად ვიტაცებდი და ვკლავდი,“ - ჰყვება ხალედი.

მისივე თქმით, „ისლამური სახელმწიფო“ რელიგიას ფულზე ყიდდა, მებრძოლები ღალატობდნენ საკუთარ ლიდერებსაც.

მისი ერთ-ერთი მსხვერპლი ისლამისტი მქადაგებელი იყო.

„დავაკაკუნე სახლის კარზე, გამიღო, შევედი ოთახში და იარაღი დავუმიზნე. ცოლმა კივილი დაიწყო, იცოდა, რომ მის ქმარს მოვკლავდი.

ვიდრე ხმას ამოვიღებდი, მითხრა : „რა გინდა, ფული? აიღე რაც მაქვს“. ვუპასუხე, რომ ფული არ მინდოდა. მისი ცოლი გავიყვანე და სხვა ოთახში ჩავკეტე.

ამის მერე მქადაგებელმა მითხრა - „ჩემი ცოლი გინდა? შეგიძლია, ჩემს თვალწინ გააუპატიურო, ოღონდ არ მომკლა“. მისმა ნათქვამმა გადამაწყვეტინა, რომ აუცილებლად მომეკლა,“ - იხსენებს ხალედი.

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები ხშირად კლავდნენ ხოლმე მათ მიერ მოქრთამულებს და საკუთარ რიგებში დასაქმებულებს, ახალი ხალხით რომ ჩაენაცვლებინათ. ისინი მკვლელობას მათ წინააღმდეგ მებრძოლ საერთაშორისო კოალიციას აბრალებდნენ. „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებიდან 1 თვის შემდეგ ხალედი მიხვდა, რომ მისი მოკვლის დროც მალე დადგებოდა.

თავის გადასარჩენად ჯერ აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დეირ-ალ-ზურში, შემდეგ კი - თურქეთში წავიდა.

კითხვაზე, ნანობს თუ არა რამეს, ან ფიქრობს, რომ ერთ დღეს მას ჩადენილი დანაშაულებებისთვის გაასამართლებენ, ხალედი პასუხობს:

„მე მხოლოდ გადარჩენაზე ვფიქრობდი. რაც ჩავიდინე, დანაშაული არ არის. როდესაც ხედავ, როგორ უმიზნებს იარაღს ვიღაცა შენს ძმას, ცემს მამას, კლავს ახლობლებს, მშვიდად ვერ იქნები და ვერანაირი ძალა შეგაჩერებს. მე რასაც ვაკეთებდი, თავდაცვა იყო.

ასზე მეტი ადამიანი მოვკალი „ისლამური სახელმწიფოს“ და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის დროს და არ ვნანობ, რადგან ღმერთმა იცის, რომ მე არასოდეს მომიკლავს მშვიდობიანი მოსახლეობა, ან უდანაშაულო ადამიანი.

როდესაც სარკეში ვიყურები, საკუთარი თავის ნაცვლად პრინცს ვხედავ, რადგან ყველა, ვინც მოვკალი, სიკვდილს იმსახურებდა.

როდესაც სირია დავტოვე, მშვიდობიანი მოქალაქე გავხდი. ახლა თუ ვინმე რამეს უხეშად მეტყვის, ჩემი პასუხი იქნება - „როგორც ინებებთ“.

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა

რა გააკეთა 42 წლის ბრიტანელმა 105 მილიონი ფუნტის მოგების შემდეგ - "ასე  არავინ მოიქცეოდა..."

ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო - პუტინი