ავტორი:

"ჩემთვის ნანუკასთან ერთად სცენაზე დგომა ძალიან საინტერესოა..." - როგორ ემზადება მაია ასათიანი მხოლოდ ქართულის კონცერტებისთვის

"ჩემთვის ნანუკასთან ერთად სცენაზე დგომა ძალიან საინტერესოა..." - როგორ ემზადება მაია ასათიანი მხოლოდ ქართულის კონცერტებისთვის

7 მაისს `მხოლოდ ქართულის~ მესამე ლაივკონცერტი შედგა. პროექტი ერთ-ერთმა კონკურსანტმა - ქრისტინე შუშაძემ დატოვა. შოუ შემდეგ ორშაბათს 8 მონაწილით გააგრძელებს ბრძოლას. გუშინ ქალაქური სიმღერების ტური იყო, რომელიც თითოეულმა კონკურსანტმა მოირგო და სათქმელის მსმენელამდე მოტანა შეძლო.

შოუს პირველი ლაივის დაწყებისას, მაყურებლისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა სცენაზე ორი ცნობილი ტელეწამყვანის - მაია ასათიანისა და ნანუკა ჟორჟოლიანის ერთად ხილვა. მასშტაბური მეგაშოუს წამყვანობა ორივესთვის ახალი გამოცდილებაა. ამჯერად AMBEBI.GE "მხოლოდ ქართულის" ერთ-ერთ წამყვანს, გადაცემა `პროფილის~ ავტორს მაია ასათიანს ესაუბრა.

- მეგაპროექტის წამყვანის ამპლუა ვფიქრობ, თქვენთვის პირველია. როგორ მოირგეთ ეს როლი?

- სანამ საუბარს დავიწყებ, დიდი მადლობა თქვენ და AMBEBI.GE-ს იმისთვის, რომ ყოველ წამს ვგრძნობ თქვენს პროფესიულ მხარდაჭერას... ახლა რაც შეეხება შოუს წამყვანობას - ეს პროექტი საინტერესო გამოწვევაა, იმიტომ, რომ მას ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად ვუძღვები. თუმცა პირდაპირი ეთერი ჩემთვის ძალიან ჩვეულებრივი რამ არის - 5 წლის მანძილზე, ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, რომ საინფორმაციო-მუსიკალური პროგრამა მიმყავდა, რაც ძალიან დიდი სკოლა იყო...

`მხოლოდ ქართული~ საინტერესოა იმიტომ, რომ ახალი ორიგინალური პროექტია და არა რომელიმე დასავლური და უკვე აპრობირებული შოუს ანალოგი. ის `რუსთავი 2~-ის ბაზაზე შეიქმნა და მთელი გუნდი ჩავერთეთ. ხშირად ამბობენ, რა მაგია აქვს "რუსთავი 2"-ს ასეთი? არანაირი მაგია - ჩვენი მთავარი ხიბლი ერთიანობაა, ყველა გავერთიანდით იმისთვის, რომ ძალიან რეიტინგული პროექტი შეგვექმნა და თითო აგური დავდეთ პროექტის წარმატებაში.

ჩემთვის ნანუკასთან ერთად სცენაზე დგომაც ძალიან საინტერესოა, რადგანაც ორივე საავტორო გადაცემის წამყვანები ვართ და საინტერესო იყო, როგორ შევძლებდით ერთი მთლიანის ტოლძალოვანი ნაწილი გავმხდარიყავით. რამდენად გამოგვდის, ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს უკვე მესამე ლაივკონცერტია, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჩართულია პროექტში. "მხოლოდ ქართული" არათუ შედგა, უდიდესი წარმატება მოიპოვა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძალიან რეიტინგულ დასავლურ პროექტს `X ფაქტორს~, თითქმის ორჯერ უგებს. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ქვეყნისთვის. როცა საქართველომ `მხოლოდ ქართული~ სიმღერა, მუსიკა აირჩია, აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ადამიანები მსჯელობენ, განიხილავენ, აფასებენ, უკვე კარგია.

- სხვადასხვა მოსაზრებაში რას გულისმობთ?

- ვგულისხმობ სიმღერების ვერსიებთან, რეპერტუართან დაკავშირებით გაჩენილ მოსაზრებებს, მაგრამ ვიმეორებ, მაყურებელი რომ მსჯელობს პროექტზე, განიხილავს, ამას თავისი აზრი აქვს, ეს გამარჯვებაა!

- თავად როგორ მოგწონთ ძველი სიმღერების ახლებური ჟღერადობა?

- პროექტის ერთ-ერთი მიზანი იყო ქართული სიმღერები აჟღერებულიყო. ეს მიზანი შესრულდა, რადგანაც ბოლო პერიოდში ახალგაზრდები უმეტესად შოუებში უცხოურ ქავერებს მღერიან, თითქოს ქართული მუსიკა, რომელიც ძალიან საინტერესო და თვითმყოფადია, წარსულში დარჩა. ახლა ძალიან მომწონს, როცა 19-20 წლის გოგო-ბიჭები ქართულ სიმღერას თანამედროვე ჟღერადობას სძენენ, მღერიან, როცა დარბაზში ახალგაზრდებს ვხედავ, რომლებიც თანატოლების მიერ აჟღერებულ ჩვენი მშობლების სიმღერებზე ასევე მღერიან და ცეკვავენ. ეს არის მთავარი და საერთოდ, მაყურებელი ხომ მნიშვნელოვანი მსაჯულია! სრულდება ისეთი სიმღერები, რომელსაც უნდა აჰყვე.

- ჰო, მაგრამ პროფესიონალების გარკვეული ჯგუფი ქართულ სიმღერას ხელშეუხებელ ნამუშევრებად აცხადებს, რომ მისი ახალი ვერსია არ უნდა შეიქმნას, რომ ზვიად ბოლქვაძე უხეშად ექცევა მუსიკას. რას იტყვით ამაზე?

- ამას დრო გვიჩვენებს - რა დარჩება, რა წავა. მეტს ვერაფერს ვიტყვი.

- აღნიშნე, რომ არხზე ამ პროექტისთვის ყველა შეიკარით, თუმცა იყო ასეთი აზრიც, რომ `მხოლოდ ქართულმა~ რეიტინგისთვის მაია ასათიანის და ნანუკა ჟორჟოლიანის რეიტინგებიც გამოიყენა, რითაც პროექტისთვის მაყურებელი მოიზიდა...

- მეც და ნანუკაც განსხვავებული ტიპის წამყვანები ვართ, ამ პროექტში მე აბსოლუტურად სხვანაირი ვარ, ისევე როგორც ნანუკა. რა გასაკვირია, რომ თუნდაც ნიკა გრიგოლიას, ილო ბეროშვილის, თიკა ფაცაციას, აჩიკო სოლოღაშვილის, ჩემი და ნანუკას რესურსი გამოიყენეს?! დიქტორების დრო დიდი ხნის წინ დასრულდა, მაყურებელი ითხოვს წამყვანს, უნდა წამყვანი - პიროვნება და არა - დიქტორი.

- ვინ ზრუნავს თქვენს საკონცერტო კოსტიუმებზე?

- განსაკუთრებით ვემზადები ხოლმე კონცერტისთვის. საერთოდ, 25 წელია, ავთანდილ ცქვიტინიძე ზრუნავს ჩემს საეკრანო ჩაცმულობაზე `პროფილში~, `მხოლოდ ქართულში~ კი ჩემს საკონცერტო კაბებს ნანა მელქაძე ქმნის. მადლობელი ვარ მისი, მინდოდა, განსხვავებული ვყოფილიყავი, მგონი, გამოვიდა. მთავარია, რომ დადებითი შეფასება მივიღე მაყურებლისგან. თუმცა, თუ ვინმეს არ მოსწონს, რა ვუყოთ, უკვე წლებია, ასეთი კომენტარებიც არსებობს და ამის გამო ხასიათს არ ვიფუჭებ. ამხელა აუდიტორიიდან როგორ შეიძლება ყველას მოეწონო?! მთავარია, რომ პროექტი შედგა და ის, რომ ამ პროექტის თითოეულ დეტალზე მიმდინარეობს მსჯელობა, მიმაჩნია, რომ დიდი გამარჯვებაა!

- კონკურსანტებიდან ფავორიტი გყავთ?

- აქ ვიტყვი იმას, რომ მათ ძალიან შევეჩვიე. საინტერესო სანახავია ამ ადამიანების ზრდის პროცესი. თავიდან შეშინებულები იყვნენ, ცოტა დაბნეულებიც, ახლა სცენას გაუშინაურდნენ. სცენა მათთვის ორგანული გახდა, ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის კონკურსში მონაწილეობა სტრესია, თან, მას მთელი ქვეყანა ადევნებს თვალს. ვთვლი, რომ კონკურსანტები ამ ყველაფერს ვაჟკაცურად უმკალავდებიან. ასეთი პროექტების შემდეგ რამდენიმე ვარსკვლავი რჩება ხოლმე ქართულ სცენაზე და ამჯერადაც ასე იქნება.

"საფრანგეთში ვცხოვრობდი, მაგრამ მაინც ქართულად. დამიჭირეს... მერე გაირკვა, რომ ბანდიტები არ ვართ" - რას ყვება საფრანგეთიდან დაბრუნებული კაბუ

"კახეთში ისევ 3 ცხელი წერტილი - სამი კლასტერი გვაქვს" - კახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსი

"ნოემბრიდან დაწყებული, პიკით დეკემბერ-იანვარში, გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებების შემთხვევების მატებას ველოდებით" - ივანე ჩხაიძე