„ბიბლუსი“ 10 წლისაა - როგორ იქმნებოდა კომპანიის 10 წლიანი ისტორია

„ბიბლუსი“ 10 წლისაა - როგორ იქმნებოდა კომპანიის 10 წლიანი ისტორია

2018 წელი წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსისთვის" საიუბილეო წელია - ქართველი მკითხველის საყვარელი კომპანია 23 მაისს 10 წლის ხდება. "ბიბლუსის" პირველი მაღაზია 2008 წელს თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე გაიხსნა. სწორედ ეს პატარა მაღაზია გახდა საფუძველი საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელის შექმნის, რომელიც 10 წლის შემდეგ 56 ფილიალს აერთიანებს სხვადასხვა რეგიონში და ემსახურება ერთ მიზანს: წიგნის კითხვა კიდევ უფრო პოპულარული გახადოს მკითხველში. იმის შესახებ, თუ როგორ იქმნებოდა "ბიბლუსის" 10 წლიანი ისტორია, "კვირის პალიტრა" კომპანიის დირექტორს ირაკლი გაგნიძეს ესაუბრა:

- ათი წლის წინ, ფაქტობრივად, არ არსებობდა შუამავალი მკითხველსა და წიგნს შორის, რომელიც კითხვის მოყვარულებს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ლიტერატურის ხარისხიან და მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებდა. ალბათ, სწორედ ასეთი ვითარება განაპირობებდა, რომ წიგნის პოპულარიზაციის დონეც საზოგადოებაში დაბალი იყო. „ბიბლუსის“ შექმნის იდეაც ამიტომ გაჩნდა - თავდაპირველად, არავის უფიქრია ფინანსურ სარგებელზე, ანალიზიც კი არ გაგვიკეთებია რა შემოსავალს მოგვიტანდა პირველი მაღაზიის გახსნა, უბრალოდ, გაჩნდა იდეა – წიგნი მიგვეწოდებინა მკითხველისთვის და მისი განხორციელება თითოეულმა თანამშრომელმა ენთუზიაზმის დონეზე დაიწყო. პირველი მაღაზია იოსებიძის ქუჩაზე გავხსენით. „ბიბლუსის“დაარსებიდან მალევე საბანკო ოპერაციის შესასრულებლად, ერთ-ერთ ბანკს ვესტუმრე და როდესაც ოპერატორს ჩემი სამუშაო ადგილის შესახებ ვუთხარი, აღფრთოვანებული მიყვებოდა, როგორ შეიძინა მისთვის საყვარელი წიგნები, რამდენად კმაყოფილი იყო მომსახურებით და მაღაზიაში არსებული გარემოთი. მივხვდი, რომ „ბიბლუსი“ მალევე იქცა საზოგადოებისთვის საყვარელ ბრენდად.

- იდეამ რომ ნამდვილად გაამართლა, „ბიბლუსის“ წარმოუდგენლად სწრაფი განვითარებიდანაც ჩანს - 10 წლის წინ, ერთი მაღაზიით დაწყებული ბიზნესი, დღეს 56 ფილიალს აერთიანებს. გარდა სწორი და საზოგადოებისთვის საჭირო იდეისა, კიდევ რამ განაპირობა „ბიბლუსის“ 10-წლიანი წარმატება?

- მართლაც, პირველ მაღაზიას მალევე რამდენიმე ფილიალი მოჰყვა არამხოლოდ დედაქალაქში, რეგიონებშიც. წარმატების მთავარი ფორმულა, ალბათ, თანამშრომლებშია - თითოეული მათგანი გრძნობს, რომ ბევრად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ ბიზნესია და ემსახურება წიგნის პოპულარიზაციის იდეას. ამ მხრივაც მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს, რაც არამხოლოდ „ბიბლუსისთვის“, ქვეყნისთვისაც მნიშვნელოავანია - წიგნზე მოთხოვნა და შესაბამისად, მკითხველების რაოდენობა გაიზარდა. პირველივე წლებში უამრავი მხარდამჭერი გამოგვიჩნდა არამხოლოდ გამომცემლებში, სხვადასხვა ბიზნესის წარმომდგენლების მხრიდანაც. არ დამავიწყდება პირველი შთაბეჭდილება, როდესაც „ბიბლუსის“ მაღაზიასთან კონკრეტული წიგნის შესაძენად თინეიჯერები რიგში საათობით იდგნენ. ჩვენ ეს შევძელით - დღეს თუ მოზარდებში კითხვა ისევ პოპულარული გახდა, ამაში წვლილი „ბიბლუსსაც“ მიუძღვის, ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად სწორედ ამას მივიჩნევთ. სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, მომხმარებელთა ჯგუფი, რომელიც დღეს ყველაზე აქტიურია და წიგნების არჩევასა და პოპულარიზაციაშია ჩართული, მოზარდები არიან, ეს სეგმენტი კი წიგნის ბიზნესში, 6-7 წლის წინ, ფაქტობრივად, არ არსებობდა. „ბიბლუსი“ ქვეყნისა და ხალხის ნაწილი გახდა.

- გარდა მრავალფეროვანი წიგნების არჩევანისა, „ბიბლუსში“ მოეწყო კომფორტული გარემოც ლიტერატურის მოყვარულთათვის...

- დღეს „ბიბლუსი გალერეა“ მულტფუნქციური ადგილია, სადაც წიგნის კითხვისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. გალერეა აერთიანებს კაფე - „პიატოსაც“, სადაც მოსულ სტუმარს შესაძლებლობა აქვს სასიამოვნო გარემოში დააგემოვნოს არაჩვეულებრივი კერძები და ისიამოვნოს სასურველი წიგნის კითხვით. ასევე გვაქვს საბავშვო სივრცე, სამკითხველო და ა.შ. „ბიბლუსი გალერეა“ არის სივრცე, რომელიც მრავალ მიმართულებას აერთიანებს და რომელიც კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება მომავალში. თუმცა ჩვენი ყველა ფილიალის ძირითად მიზანს როგორც ყოველთვის, ახლაც წარმოადგენს „ბიბლუსში“ მოსული მომხმარებელისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა, რომელიც თავისთავად გაამძაფრებს მათში მეტი წიგნის წაკითხვის სურვილს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს