ავტორი:

განხეთქილება ცხინვალში – "სამხრეთ ოსეთის ეპარქიასა" და ბიბილოვს შორის დაპირისპირება მწვავდება

განხეთქილება ცხინვალში – "სამხრეთ ოსეთის ეპარქიასა" და ბიბილოვს შორის დაპირისპირება მწვავდება

ოსი ჟურნალისტების თქმით, "სამხრეთ ოსეთის ეპარქიის" თემის გარშემო რეგიონში ანტირუსული განწყობა მატულობს. მას შემდეგ, რაც ცხინვალის ე.წ. ეკლესიის მეთაურს, ეპისკოპოს ამბროსის "ოსური პასპორტი" ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოართვეს, ადგილობრივი მრევლი ანატოლი ბიბილოვისა და მისი ე.წ. ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოვიდა.

ოს სასულიერო პირს "პასპორტი" მაშინ ჩამოართვეს, როდესაც აღდგომის დღესასწაულების შემდეგ ზემო როკის სასაზღვრო პუნქტით ცხინვალიდან ვლადიკავკაზში მიდიოდა... ცხინვალში ირწმუნებიან, რომ ეს ინციდენტი "ალანიის ეპარქიის" მმართველსა და დე-ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შორის არსებული დაპირისპირების გაგრძელებაა.

დაპირისპირება კი 2017 წლის ნოემბერში დაიწყო, როდესაც ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პატრიარქს კირილეს შეხვდა და მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ ე.წ. ოსური ეკლესია რუსეთის ეკლესიის მართვის დაქვემდებარებაში გადასულიყო.

ოსური მედია იტყობინებოდა, რომ მოსკოვიდან დაბრუნებული ანატოლი ბიბილოვი რუსულ ეკლესიასთან შეერთების საკითხის განსახილველად ადგილობრივ სასულიერო პირებსა და მრევლს შეხვდა. თუმცა, მათგან კატეგორიული უარი მიიღო. მაშინ ბიბილოვმა განაცხადა, რომ "ალანიის ეპარქიაში" და ოსი მართლმადიდებლებისთვის მთავარ, ღვთისმშობლის ეკლესიაში არასდროს შევიდოდა...

მართლაც, მას შემდეგ ბიბილოვის და მისი "ხელმძღვანელობის" პირები ოსურ მთავარ ტაძარს არ მიკარებიან. აღდგომის დღესასწაული რუსეთის 58-ე არმიისათვის აშენებულ რუსულ ეკლესიაში აღიშნეს, რამაც ოსი მართლმადიდებელი მრევლის დიდი გაღიზიანება გამოიწვია. "ეს გამოწვევაა!.. ის ალანიის ეპარქიას კონფლიქტს ღიად უცხადებს" - წერდნენ ოსები სოცილურ ქსელები.

ცოტა ხანში, ბიბილოვმა მასთან დაპირისპირებულ ეპისკოპოსს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უჭერს მხარს, "ცხინვალის რესპუბლიკაში" შესვლის გზაც გადაუკეტა.

ცნობისთვის, "ალანიის ეპარქია" 2003 წელს დაფუძნდა და საბერძნეთის ერთ-ერთ განდგომილ, მეთონის ძველი სტილის მართლმადიდებელ ეკლესიას ექვემდებარებოდა... მაშინ ეპისკოპოსობა გიორგი ფუხაევმა ითავა, რომელიც შემდეგ ეპისკოპოსმა ამბროსიმ შეცვალა, რომელსაც განსაკუთრებული სიჯიუტით და შეუვალობით ახასიათებენ.

ამ მხრივ ძალიან აქტიურობს რუსული მედიაც, სადაც წერენ, რომ ოსეთში ეკლესია-მონასტრების აღდგენა ისევ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება, თუმცა, მისი მმართველობა მაინც საბერძნეთისკენ იწევს. "პატარა სახელმწიფო ასევე ძალიან პატარა სახელმწიფოში" - ასე მოიხსენიებიენ ისინი ცხინვალელ სასულიერო პირებს...

"ოსი სასულიერო პირები ანატოლი ბიბილოვის საპრეზიდენტო კამპანიის ოფიციალური წარმომადგენლის 2011 წლის გამოსვლებს იხსენებენ, სადაც ის ეროვნულობაზე საუბრობდა და ოს სამღვდელობას მოსკოვთან დაპირისპირებულ და საქართველოს ეკლესიის მოკავშირე მხარედ წარმოაჩენდა..." - წერს ოსური მედია.

"მიუხედავად იმისა, რომ ბიბილოვის ხელმძღვანელობა მასთან დაპირისპირებულ ეპარქიას ანტირუსულ განწყობასა და "პროქართულობას" აბრალებს და უმადურობაში ადანაშაულებს. ამბობენ, რომ "მათ არ შეუძლიათ დაინახონ რუსეთის თანადგომის ფასი, რომელმაც სამხრეთ ოსეთი ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა" – წერს ოსი ჟურნალისტი ირინა ქელეხსაევა.

2017 წლის 22 სექტემბერს, სწორედ "ეპარქიის მმართველმა" მეუფე ამბროსიმ და იაკობ ხეთაგუროვმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ "ცხინვალისა და ალანიის ეპარქია დამოუკიდებელ და თვითმმართველ ეკლესიად უნდა ჩამოყალიბებულიყო".

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია "ალანიის ეპარქიას" არ აღიარებს, თუმცა 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ ქართული ეკლესიის იურისდიქცია ცხინვალში არ ვრცელდება. ერთადერთი, ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მოქმედებს სამი ქართული ეკლესია, რაც სეპარატისტების დიდ უკმაყოფილებას იწვევს და დიდი ხანია საჯაროდ კეთდება განცხადებები იმაზე, როგორ გაუშვან "რესპუბლიკიდან" და აუკრძალონ მოღვაწეობა ქართველ სასულიერო პირებს, რომლებიც "ალანიის ეპარქიას" არ სცნობენ. სეპარატისტული რეჟიმი მუდმივად უქმნის პრობლემებს მეუფე ისაია ჭანტურიას და სხვა ქართველ სასულიერო პირებს.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი