მაგიის სრულიად განსხვავებული სტრუქტურა -  ფენტეზის ჟანრის მორიგი შედევრი ქართულ ენაზე - ბრენტ უიქსი - შავი პრიზმა

მაგიის სრულიად განსხვავებული სტრუქტურა -  ფენტეზის ჟანრის მორიგი შედევრი ქართულ ენაზე - ბრენტ უიქსი - შავი პრიზმა

ბრენტ უიქსის „შავი პრიზმა“, ფენტეზის ჟანრის სერიის, „ნათლისმტვირთველის“ პირველი წიგნია. მწერალი უკვე მეხუთე წიგნს წერს და მათში გაშლილია ერთ დიდ, გამოგონილ სამყაროში დატრიალებული ამბავი, რომელიც სხვადასხვა პერსონაჟების ცხოვრებისა და მათი ურთიერთკავშირის შესახებ მოგვითხრობს.

თხრობა ყოველგვარი შემზადებისა და ზოგადი ფონის შექმნის გარეშე იწყება და მაგიით ნასაზრდოები სამყაროს „შვიდი სატრაპიის“ იდუმალ მიწებზე პირველ ნაბიჯებს მეტად დამაინტრიგებელი და ჩამთრევი სიუჟეტით ვდგამთ, რომელიც წიგნში პირველივე თავიდან ვითარდება და ყოველი მომდევნო თავი ახალ-ახალ საინტერესო გაგრძელებას გვთავაზობს პერსონაჟთა ღრმა პიროვნული, სახასიათო ნიშნების, ცხოვრებისეული, სოციალური თუ იერარქიული პორტრეტების დახასიათებითა და მათი როლის შესახებ იქ მომხდარ ამბავთა მთლიან რგოლში.

სიუჟეტში მრავლადაა გაბნეული ეპიზოდური სცენები, რომელსაც ეტაპობრივად ეფინება ნათელი და ზოგი რამ უამრავ კითხვას ბადებს, რაც ასევე წიგნის მთავარი დამაინტრიგებელი მხარეა, რადგან იგი სავსეა საიდუმლოებებით, რომელიც კითხვის დროს თანდათან გაცხადდება და ხშირ შემთხვევეაში სასიამოვნოდ გაოცებულსაც დატოვებს მკითხველს. კითხვისას იმაშიც კი ვერ იქნებით ბოლომდე დარწმუნებული, კონკრეტული პერსონაჟი არის თუ არა სწორედ ის, ვინც ჩვენ გვგონია.

წიგნში ბლომად ვხვდებით სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებსაც, რაც საოცარ ჟანრობრივ სინთეზს ქმნის. შვიდი სატრაპიის სამყაროს მთავარი მამოძრავებელი მექანიზმი ფერის მაგია გახლავთ, რომელსაც საფუძვლად რელიგიური საწყისები უდევს, რაც არამარტო ერთღმერთიანობათან, ღმერთების წარმართულ პანთეონთანაც ასოცირდება და მათ მიმდევართა მაგიურ ჭიდილში აისახება. ისევე, როგორც ყველა სხვა სამყაროში, აქაც ქაოსია, თუმცა რთულია გაიგოთ ვინ ბოროტია და ვინ კეთილი, რადგან ყველას თავიანთი ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური ინტერესები, რთული ცხოვრება და მძიმე წარსული გააჩნიათ, რომელიც ხშირ შემთხვევაში პიროვნულ დაღად აჩნევიათ.

რთულია თარგმნის პროცესით სიამოვნება არ მიმეღო, რადგან ისიც, ისევე, როგორც თავად ნარატივი „ნონ-სტოპი“ გახლდათ. მუდმივი მოქმედება, მუდმივი სიახლის მოლოდინი, მოვლენების განვითარების იდუმალი, დახლართული ძაფები, როდესაც იმის გამოცნობაც კი ჭირს თუ რა შეიძლება მოხდეს ამა თუ იმ კულმინაციის შემდგომ. წიგნის მთავარი სიამოვნება კი ფერთა მაგიის დახვეწილი სისტემაა, რომელიც იმდენად რეალურია, რომ თარგმნისას მიკვირდა აქამდე რატომ არ დავფიქრდი ამის შესახებ, ან მეცნიერება ამას უფრო მეტად რატომ არ უღრმავდება.

მკითხველს საინტერესო მოგზაურობა ელის, სადაც გაეცნობა, ერთმანეთისგან განსხვავებულ სატრაპიებს, ერთ დროს ულამაზეს და დღეს უკვე დაქცეულ ქალაქებს, მათმეამბოხე მთვარობებს, მრავალფეროვან ხალხს, მაგიის საინტერესო სისტემას და მისი მუშაობის გასაოცარ(ხშირად საშიშ) გამოვლინებებს გარემოსა და ადამიანებში. გაეცნობა პერსონაჟების ტკბილ-მწარე ცხოვრების სევდას, სიხარულს და მათ ემოციებს გაიზიარებს. და რაც მთავარია, ბევრი რამის შეტყობასთან ერთად კითხვებიც ბლომად გაუჩნდება, რომელსაც სავარაუდოდპრიზმას სერიისმომდევნო წიგნები გასცემს პასუხს.

წიგნი უკვე ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა