ავტორი:

როგორ დავგეგმოთ იაფი დასვენება - საჭირო რჩევები მოგზაურებისგან

როგორ დავგეგმოთ იაფი დასვენება - საჭირო რჩევები მოგზაურებისგან

მათ, ვისაც მოგზაურობა ძალიან უნდა, თუმცა ზუსტად არ იცის, მცირე ბიუჯეტი როგორ გაანაწილოს, რჩევა აუცილებლად უნდა ჰკითხოს გამოცდილ მოგზაურებს, რომლებსაც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა აქვთ ნანახი და დაბალი ბიუჯეტითაც უმოგზაურიათ.

ბილეთების, კვების, ტრანსპორტირებისა და დაბალი ბიუჯეტით მოგზაურობის დაგეგმვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით, AMBEBI.GE-ს მკითხველს რეკომენდაციებს ორი გამოცდილი მოგზაური აძლევს.

თემო მაჩიტიძე წლებია აქტიურად მოგზაურობს. ის 24 წლისაა და უკვე 21 ქვეყანაშია ნამყოფი. ამბობს, რომ მაგალითად, კვიპროსზე 5 დღის განმავლობაში ცხოვრება იმდენად იაფი - 150 ევრო დაუჯდა, თვითონაც გაოცებული დარჩა. ყველაფერთან ერთად, სუვენირებიც კი შეიძინა.

სეზონი

თემოს რჩევით, მოგზაურობა იაფი რომ დაგვიჯდეს, ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ სეზონი.

„მართალია, არსებობს ადგილები, სადაც იაფად ვერასდროს ვერ ვიმოგზაურებთ, მაგრამ შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურიად დაბალი ფასების პოვნა მაინც შეიძლება მოხერხდეს. ზოგადად, შემოდგომის ბოლო, ზამთარი და გაზაფხულის პირველი ნახევარი ყველაზე იაფი სეზონებია, თუმცა პერიოდის არჩევა აქაც საჭიროა და ქვეყანასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, დეკემბრის ბოლოს, როცა შობაა და იანვრის დასაწყისში უკვე ახალი წელი, მოგზაურობა ყველაზე ძვირია, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარია. შობა-ახალი წლის პერიოდში ყველა სადღაც - ზოგი ოჯახთან, ზოგი პირიქით, ოჯახისგან შორს მიდის, რაც ფასების აწევას იწვევს.

დაბალი ფასები დამოკიდებულია იმაზეც, თუ ტურს რამდენი ხნით ადრე ვგეგმავთ. ზოგადად, ადრე დაგეგმვა კარგია, თუმცა ზედმეტად ადრეც არ ვარგა, მქონია შემთხვევა, როცა ნაადრევად ნაყიდი ბილეთი ნახევარ ფასში მინახავს, რაც არც ისე კარგი შეგრძნება იყო,“ - ისხენებს ის.

თემო მაჩიტიძის თქმით, კარგი ავიაკომპანიის შერჩევაში ვებ-გვერდი kiwi.com ეხმარება, თუმცა აქ ბილეთები ხშირად უფრო ძვირია, ვიდრე ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდებზე, შესაბამისად, kiwi.com-ს უფრო მარშრუტების დასაგეგმად იყენებს, ვიდრე ბილეთების შესაძენად.

„უკვე არსებული პირდაპირი რეისების შედარებით იაფად პოვნა momondo.com-ზეა შესაძლებელი. საცხოვრებლად ყველაზე იაფი და კარგი ვარიანტების პოვნა couchsurfing.com-ზე შეიძლება, ყველა ქვეყანაში მოიძებნება არაერთი ადამიანი, ვისაც სახლში ზედმეტი საწოლი უდგას და უსასყიდლოდ უზიარებს სხვებს“ - აღნიშნავს ის.

თუ სახლში სადილის მომზადებაში დროის დაკარგვა არ გსურთ, თემო მაჩიტიძის გამოცდილებით ყველაზე კარგი ვარიანტია სწრაფი კვების ობიექტები, კერძოდ, „მაკდონალდსი,“ სადაც თითქმის ყველა ქვეყანაში საკვები ყველაზე იაფად იყიდება.

26 წლის ნათია დემეტრაშვილი უკვე 5 წელია მოგზაურობს და 10 ქვეყანაშია ნამყოფი, დაბალი ბიუჯეტით მოგზაურობის კარგი გამოცდილებაც დააგროვა და მზადაა, რჩევები დამწყებ მოგზაურებს გაუზიაროს.

ბილეთების შეძენა

ნათიას განმარტებით, არსებობს გავრცელებული "რჩევა", რომ ავიაკომპანიის ბილეთებს რაც უფრო ადრე იყიდი, თანხებს უფრო დაზოგავ, ამიტომ ხშირად 4-6 თვით ადრე იძენენ ხოლმე ბილეთებს. თუმცა, მისი დაკვირვებით, იგივე ბილეთები, იმავე თარიღსა და მიმართულებაზე 4-6 კვირით ადრე უფრო იაფია. გარდა ამისა, ტურისტულ სეზონზე, მაგალითად, ზაფხულში დაბალბიუჯეტიანი ტურის დაგეგმვა შეუძლებელია.

„მიუხედავად ამისა, როცა საქმე ავიაკომპანიას ეხება, ასე თუ ისე ყველაფერი მაინც გამართლებაზეა, მაგრამ მგონი იმაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ბილეთის ყიდვა რამდენიმე დღით ადრე არ შეიძლება, როცა იაფად მოგზაურობა გვინდა,“ - გვეუბნება ნათია.

დაბინავება

რაც შეეხება საცხოვრებელს, ახალგაზრდა მოგზაურის რჩევით, ხშირად სასტუმროზე იაფი ბინის დაქირავება გამოდის, რაც, ნათიას თქმით, გარდა იმისა, რომ უფრო კომფორტულია, საშუალებას გაძლევს, თანხა დაზოგო კვებაში, რაც მოგზაურობის დროს არც თუ ისე ცოტა ჯდება.

„იაფად მოგზაურობასთან ჩემთვის ყოველთვის ჰოსტელი ასოცირდება. ერთი და იგივე ადგილზე არსებული ჰოსტელისა და სასტუმროს ფასი აუცილებლად განსხვავდება და ჰოსტელი ბევრად იაფია ხოლმე. გარდა ამისა, ჰოსტელს ის უპირატესობა აქვს, რომ რამდენიმე ვარიანტის შემოთავაზება შეუძლია, მხოლოდ დასაძინებელი ადგილის ან ერთი ოთახის, რომელშიც მხოლოდ შენ იქნები, რაც მოგზაურობისას თანმდევი თავგადასავლებისა და სასიამოვნო მოგონებების რიცხვს აორმაგებს. თუ უცხო ხალხთან ერთად ძილი არცთუ ისე კარგ იდეად გეჩვენება, შეგიძლია, პირად ნომერში დაბინავდე.

სასტუმროსგან განსხვავებით ჰოსტელები ხშირად საუზმეს (ზოგადად კვებას) არ ითვალისწინებს, მაგრამ უმეტესობას აქვს სამზარეულო თავისი მაცივრით, რაც საშუალებას გაძლევს, ჰოსტელში მარტივი რაღაცები მოამზადო, თუნდაც საუზმე ან უბრალოდ სენდვიჩები, როდესაც ქალაქში გასასვლელები იქნებით“ - განმარტავს ნათია.

თუ სასტუმროს ადგილმდებარეობის შერჩევა გიჭირთ, მოგზაური ამ პრობლემის აღმოსაფხვრელადაც გაძლევთ რჩევას. ნათია დემეტრაშვილის თქმით, ხშირად ჰგონიათ, რომ გარეუბანში სასტუმრო უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ცენტრში, თუმცა საბოლოო ჯამში ტრანსპორტში იმდენი იხარჯება, რომ ისევ ცენტრში ცხოვრება სჯობს, თუმცა ეს მაინც ქალაქიდან ან ქვეყნიდან და მისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასებიდან გამომდინარეა, ამიტომ მოგზაურმა ყველა წვრილმან და მნიშვნელოვან ინფორმაციას წინასწარ უნდა გადახედოს.

გარდა ამისა, სახლის დაჯავშნისას აუცილებელია, მომხმარებლების მიერ დაწერილ შენიშვნებს გადახედოთ, რადგან როგორც 26 წლის მოგზაური განმარტავს, შეიძლება, სასტუმრო ცენტრში იყოს, იაფიც ღირდეს, მაგრამ ოთახები იყოს მოუვლელი, უხეში პერსონალი ჰყავდეს და მოგზაურობა არასასიამოვნო გახდეს. ასევე, ბინის დაჯავშნისას ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ ბინის მეპატრონეს დეპოზიტად თანხა ხომ არ მიაქვს. როგორც ნათია განმარტავს, ზოგი მეპატრონე თავის დაზღვევის მიზნით რამდენიმე ათეულ ან ასეულ ევროს წინასწარ დეპოზიტად იღებს, რომ სახლში რაიმე თუ დაზიანდა, მომხმარებელს მიყენებული ზარალი აღნიშნული თანხიდან გამოუქვითონ, რაც დაბალი ბიუჯეტით მოგზაურობის დროს სახარბიელო არ არის.

კვება

რაც შეეხება კვებას, მოგზაურის თქმით, იაფად მოგზაურობა პირდაპირ კავშირშია სწრაფ კვებასთან. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ნათია დემეტრაშვილი განმარტავს, რომ ნებისმიერი კაფე ან რესტორანი საბოლოო ჯამში მაინც ძვირი ჯდება, ამიტომ თუ დაბალბიუჯეტიანი ტურის დაგეგმვა გვსურს, ამისთვის არსებობს ორი ვარიანტი: სახლში მოვამზადოთ მარტივი სადილები (მაგალითად, გარეთ წასაღები სენდვიჩები), ან ვიკვებოთ სწრაფი კვების ობიექტებში. მიუხედავად ამისა, მოგზაურის თქმით, დაბალი ფასების მქონე რესტორანი ყველგან მოიძებნება, უბრალოდ ეს არ იქნება ქალაქის ცენტრში. ცენტრისგან მოშორებით კაფე ან რესტორანი ყოველთვის ბევრად იაფი და ჩემთვის გემრიელიცაა,“ - აღნიშნავს მოგზაური.

ევროპაში ტრანსპორტი საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა ქალაქების უმეტესობა თანხის დაზოგვის სხვადასხვა არჩევანს სთავაზობს მოგზაურს. კერძოდ, რამდენიმე ბილეთის ერთად შეძენა, რაც უფრო იაფი გამოდის, ერთკვირიანი ან რამდენიმედღიანი სამგზავრო ბარათები საკმაოდ ბევრი თანხის დაზოგვის საშუალებას იძლევა, მთავარია, ეს ბარათი ქალაქში არსებული ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტის კარს აღებდეს.

თუ მუზეუმების ნახვასაც გეგმავთ, თანხის დასაზოგად ე.წ „მუზეუმ პასი“ უნდა შეიძინოთ. ნათია დემეტრაშვილის თქმით, მისი მეშვეობით მეტ თანხას დაზოგავენ, ვიდრე ცალ-ცალკე გადახდით.

სუვენირები

თუ დაბალი ბიუჯეტით მოგზაურობა გსურთ, მაგრამ ახლობლებს საჩუქრები უნდა ჩამოუტანოთ, ნათია დემეტრაშვილი გვირჩევს, რომ სუვენირები ტურისტულ ადგილებში, მაგალითად, ეიფელის კოშკთან არ უნდა შევიძინოთ, რადგან მოშორებით, არატურისტულ ადგილებში უფრო იაფია.

ახალგაზრდა მოგზაურებმა ჩვენთან საუბარში ის ქალაქებიც დაასახელეს, სადაც მოგზაურობა ყველაზე ძვირი დაუჯდათ. თემოს შემთხვევაში ეს ბარსელონაა, რადგან ვიზიტი ივლისის ბოლოს რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა და ყველაფერში თითქმის სამმაგი, ზოგჯერ კი როგორც თავად იხსენებს, ათმაგი გადაიხადა.

ნათიას გამოცდილებიდან კი ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებს შორის პარიზი და ამსტერდამი ახსენდება, სადაც, მისი თქმით, ცხოვრება საკმაოდ ძვირია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ