"რადიო პალიტრა" უკვე აჭარაშია!

"რადიო პალიტრა" უკვე აჭარაშია!

იცვლება დრო, ადგილები, მაგრამ არ იცვლება „რადიო პალიტრას“ სიხშირე - FM 103.9, რომელზეც რადიომიმღებების მომართვა როგორც თბილისში, გუდაურში, ბაკურიანში, ბორჯომში და დაახლოებით ერთი თვეა, უკვე აჭარაშიც შეგიძლიათ.

როგორც „რადიო პალიტრას“ პროგრამების ხელმძღვანელი, თამარ ცაგარეიშვილი განმარტავს, საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონში მაუწყებლობის დაწყება ძალიან პოზიტიური მოვლენაა, რადგან უფრო მეტ მსმენელს ექნება საშუალება ჩაერთოს ინტერაქციულ გადაცემებში, მოისმინოს ოპერატიული, ობიექტური ინფორმაცია და გემოვნებიანი მუსიკა.

„აჭარა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი მხარეა, სადაც მაუწყებლობა სწორედ იმ ტალღაზე იქნება, რომელზეც „რადიო პალიტრა“ სხვა რეგიონებში მაუწყებლობს. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ინტერაქციული გადაცემები გვაქვს, რომლის დროსაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი მოსაზრებები გამოთქვან. ახლა უკვე ბათუმშიც ექნებათ საშუალება, დღის სტუდიაში კოკა კვირკველიასთან, მერაბ მეტრეველთან, ხათუნა ლაგაზიძესთან თუ რუსა შელიასთან ერთად ისაუბრონ სერიოზულ პოლიტიკურ და საზოგადობრივ თემებზე, შეკითხვები დაუსვან მოწვეულ სტუმრებს, თავიანთი მოსაზრებები გაუზიარონ.

აჭარის რეგიონის მოსახლეობა ამიერიდან უკვე შეძლებს, ყოველდღე, რვის ნახევარზე ზურაბ თვაურის „მოკლე ჩართვაში“ დარეკოს და საკუთარი აზრი გამოთქვას, რადგან აქ მთელი დრო მხოლოდ მსმენელებს ეთმობა! ასე რომ პირადად მე ჩვენი აჭარელი მეგობრების ხმის შემოერთებას მოუთმენლად ველი,“ - ამბობს თამარ ცაგარეიშვილი.

„რადიო პალიტრას“ სპეციალურად აჭარის რეგიონისთვის ექნება ახალი ფორმატი, რომელიც ჯერჯერობით სიურპრიზად რჩება და მსმენელები მის შესახებ მალე შეიტყობენ. აღსანიშნავია, რომ ზღვისპირეთის მცხოვრებლებს უკვე აქვთ საშუალება საქართველოში ყველაზე პოპულარული საინფორმაციო სააგენტოს „ინტერპრესნიუსისა“ და „რადიო პალიტრას“ კორესპონდენტების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადებულ საინფორმაციო გამოშვებებს მოუსმინონ, განტვირთვისთვის კი გემოვნებიან მუსიკაზე გადაერთონ.

„ჩვენ გვაქვს „ქართული მუსიკის პალიტრა,“ რომლის დროსაც მოისმენთ საუკეთესო მუსიკას. ჩვენი მუსიკალური რედაქტორი, გიორგი ნაგელიშვილი გემოვნებით არჩევს არამხოლოდ ქართულ, არამედ უცხოური მუსიკის საუკეთესო ნიმუშებს. ცალკე გვაქვს კინო მუსიკა, „ოქროს ჰიტი“ და განსაკუთრებით მათ, ვისაც ღამით გადაადგილდება უწევს, შეუძლია, გზაში კარგი მუსიკა მოისმინოს" - გვეუბნება „რადიო პალიტრას“ პროგრამების ხელმძღვანელი.

მის გადაცემას, ახლა უკვე მშობლიურ ქალაქ ბათუმში რომ მოუსმენენ, ძალიან ახარებს თოქ-შოუ „რეზიუმეს“ წამყვანს, მერაბ მეტრეველს. ჟურნალისტი მოხარულია, რომ აჭარის რეგიონის მცხოვრებლებსაც მიეცათ საშუალება, წამყვანი რადიოსადგურისგან ოპერატიული და ობიექტური ინფორმაცია მიიღონ.

„რადიო პალიტრა“ ერთ-ერთია იმ წამყვან რადიოსადგურებს შორის, რომელთაც საინფორმაციო-პოლიტიკური მიმართულება აქვთ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დიდ ტერიტორიებს ფარავდეს. ზაფხულში აჭარაში თითქმის მთელი საქართველო ჩადის, ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია, აქ მცხოვრებლებს კი საშუალება ექნებათ, „რადიო პალიტრას“ მოუსმინონ, რადგან იმ რადიოსადგურების ჩამონათვალში, რომლებსაც უსმენენ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და საინტერესო რადიო დაემატა“ - აღნიშნავს მეტრეველი.

მერაბ მეტრეველის მსგავსად, „რადიო პალიტრას“ მშობლიურ აჭარაში მაუწყებლობა მნიშვნელოვან ნაბიჯად მიაჩნია მომღერალ სოფო ხალვაშს. როგორც თავად აღნიშნავს, რადიოს მოსმენის შესაძლებლობა ხშირად არ ეძლევა, თუმცა ეცდება, „რადიო პალიტრას“ უფრო მეტი ყურადღება მიაპყროს.

„ზოგადად, ყოველი ჩვენგანისთვის რადიო ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან კარგია და მიხარია, რომ „რადიო პალიტრა“ ბათუმშია და საშუალება მექნება უფრო მეტი ყურადღება მივაპყრო და მოვუსმინო“ - აღნიშნა მომღერალმა.

„რადიო პალიტრას“ მოსმენა საქართველოს ზღვისპირეთში უკვე შესაძლებელია და როგორც რადიოსადგურის გადაცემების წამყვანები და ხელმძღვანელები აღნიშნავენ, ინტერაქციულ გადაცემებში აჭარელი მსმენელების ჩართვას მოუთმენლად ელიან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ