"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - სტრასბურგის სასამართლოში ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს

"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - სტრასბურგის სასამართლოში ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ზეპირი მოსმენა დაიწყო. საქმეზე დღეს ბოლო ზეპირი მოსმენა იმართება. სხდომის შემდეგ სასამართლო სათათბიროდ გავა, გადაწყვეტილება კი სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გამოცხადდება.

სტრაბურგში იმყოფება საქართველოს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით.

სტრასბურგის სასამართლო დიდი გამოწვევის წინაშეა იმიტომ, რომ საქმე ძალიან კომპლექსური და რთულია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ საქართველოდან ნონა წოწორიამ განაცხადა, რომელიც აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ მოსმენას სტუმრის სტატუსით ესწრება.

„დღევანდელი დღე ნამდვილად ისტორიულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც და სასამართლოსთვისაც. დიდი გამოწვევის წინაშე არის სასამართლო იმიტომ, რომ საქმე ძალიან კომპლექსური და რთულია. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ამ გამოწვევას ისევე ღირსეულად გაუმკლავდება, როგორც სხვა გამოწვევებს, რომელთა წინაშეც მდგარა“, - განაცხადა წოწორიამ.

საქართველომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ განაცხადი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა, თუმცა საბოლოოდ ის დასაშვებად იქნა ცნობილი 2011 წლის 13 დეკემბერს.

საქართველოს რუსეთს ედავება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის და შემდგომ პერიოდშიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და მისი ოქმებით გარანტირებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უხეშ და მასობრივ დარღვევებს. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, გადაადგილების თავისუფლების შესახებ ევროკონვეციის მუხლები დაარღვია.