შეზღუდულია იმ პირთა წრე, ვისაც აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დღეს თბილისის პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა მთავარ პროკურატურაში ზაზა სარალიძის მიერ მთავარ პროკურორთან ჩაშლილ შეხვედრაზე.
კაპანაძის თქმით, მთავარი პროკურორი გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერ დროს ნებისმიერ საკითხზე შეხვდეს ზაზა სარალიძეს მხოლოდ მის ადვოკატთან ერთად.
„არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, კანონი აწესებს შეზღუდვებს. შეზღუდულია იმ პირთა წრე, ვისაც აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ არის შეზღუდვა დაწესებული და ამიტომ არის პროცესები დახურული. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მთავარი პროკურორი გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერ დროს, ორივე მხარისთვის ოპტიმალურ, ხელსაყრელ დროს შეხვდეს ბატონ სარალიძეს ნებისმიერ საკითხზე, ადვოკატთან ერთად, ვისაც ექნება საადვოკატო საქმიანობის უფლება“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, პროკურატურა არის დაზარალებულის მხარეს და ყოველდღიურ რეჟიმში იბრძვის იმისთვის, რომ აღნიშნულ საქმეზე მიაღწიოს შედეგს, „დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და კანონის წინაშე პასუხი აგოს ყველამ, ვინც ჩაიდინა დანაშაული“.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამისა და მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის შეხვედრა ჩაიშალა. ამის მიზეზი ზაზა სარალიძესთან ერთად ადგილზე მისი უფლებადამცველების ყოფნა გახდა, რომლებიც შეხვედრაზე დასწრებას ითხოვდნენ.
როგორც მხარეებს პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსმა განუმარტა, ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვნებს, გარე პირებს აღნიშნული შინაარსის განხილვებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ზაზა სარალიძისა და უფლებადამცველების უკმაყოფილება მოჰყვა. მათი შეფასებით, მსგავსი აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ სასამართლო პროცესებზე და არა პროკურორთან შეხვედრების დროს. ზაზა სარალიძის შეფასებით, ირაკლი შოთაძეს შეეშინდა იმ კითხვებზე პასუხების გაცემის, რომელიც საქმეში არსებობს.