როგორ მიულოცა სხვადასხვა ქვეყნის შვიდმა პრეზიდენტმა თავისუფლების მოედნიდან საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე

როგორ მიულოცა სხვადასხვა ქვეყნის შვიდმა პრეზიდენტმა თავისუფლების მოედნიდან საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე

საქართველო დღეს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ქვეყნის მასშტაბით, ერდროულად 6 ადგილას - თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში-ქოროღლის ციხესთან, ბათუმსა და გელათში ფიცის დადების ცერემონიალი უკვე გაიმართა. ცერემონიის დასრულების შემდეგ თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ჯარისკაცებსა და საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა მიმართეს.

მათ შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პირველი პირები, რომლებიც საქართველოში სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ჩამოვიდნენ.

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი: "ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია თქვენთან ერთად დღეს, ამ ძალიან ემოციურ ღონისძიებაში მონაწილეობა. დღეს გახლავთ ისტორიული მომენტი მთელი ევროპული საზოგადოებისათვის. რა თქმა უნდა, მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა არის დაუსრულებელი გზა, საქართველოს და მის ხალხს კი აქვს ამბიცია, რომ ეს სვლა გააგრძელოს. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი მომავალის ბედი საკუთარ ხელში აგეღოთ და არასოდეს შეჩერებულხართ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში. საბოლოო ჯამში, თქვენ მიაღწიეთ ამას. მინდა ვთქვა, რომ მთელი საუკუნის მანძილზე საქართველომ ის გადაწყვეტილება და სულისკვეთება გააძლიერა, რომელიც 1918 წლის 26 მაისს ეროვნულ დონეზე იქნა მიღებული და საბოლოოდ მან თანამედროვე ბილიკზე დაიწყო სვლა. ქვეყანამ თავისი მომავალი დემოკრატიის და თავისუფლების პრინციპებზე ააშენა, გაითავისა ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპები. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არ არის მხოლოდ მისწრაფება, ჩვენთვის ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი და თავდადებული მოღვაწეობის შედეგი. დემოკრატია გახლავთ ის გზა, რომელსაც ქართველმა ერმა უპირატესობა 1918 წელს მიანიჭა. ეს სულისკვეთება დღესაც განსაზღვრავს თქვენი ქვეყნის მომავალს".

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი: "ჩემთვის დიდი სიამოვნებაა თქვენს შორის ვიყო დღეს, ამ შესანიშნავ დღეს, ამ დღესასწაულის დროს. ორი ერი - ქართველები და სომხები ინაწილებენ და იზიარებენ ამ დღესასწაულს. 28 მაისს ჩემი ერიც იზეიმებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, მაგრამ ჩვენი ორი ერი, ქართველები და სომხები არა მხოლოდ 100 წლის მანძილზე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, არამედ ასთასობით წლოვანი ისტორია გაგვაჩნია. ჩვენ ვიზიარებთ უამრავ რამეს, რაც საერთო გვაქვს. ვცხოვრობთ როგორც ძმები და დები ერთმანეთის გვერდით, ეს საოცარი ფაქტია, რომ ორი ერი ცხოვრობს ერთად, იბრძვის ერთად, თავიანთი დამოუკიდებლობისა და ღირსებისთვის მრავალი ასეული წლის მანძილზე და არასოდეს გვქონია ჩვენ რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი და გაუგებრობა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ღირებულებაა და იმ ახალი თაობებისთვის არის მაგალითი, რომლებიც საქართველოში და შესაბამისად, სომხეთში ცხოვრობენ".

ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს მოსახლეობას საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავი ქართულ ენაზე მიულოცა. მან ქართულ ენაზე თავისუფლების მოედანზე, ფიცის დადების ცერემონიალზე ისაუბრა.

"გამარჯობა, საქართველო. ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას 100 წლისთავს. ამიერიდან, ჩვენ თქვენს ქვეყანას - საქართველოს ვუწოდებთ. ეს ჩვენი სიმბოლური საჩუქარია თქვენდამი. დიდება, საქართველოს!", - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საული ნიინისტე: "ჩემთვის დიდი პატივია თბილისში ყოფნა. ფინეთისა და ჩემი სახელით მინდა მოგილოცოთ დემოკრატიისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავი. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. ჩვენც, გასულ წელს ვიზეიმეთ ფინეთის დამოუკიდებლობა და რასაკვირველია, ყოველი დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია - თავისუფლება, თანასწორობა, განათლება, იმისათვის, რომ დინამიური, სიცოცხლით სავსე საზოგადოება ავაგოთ. ერთად ყოფნის პრინციპი საერთაშორისო ურთიერთობებსაც ეხება. რა თქმა უნდა, პარტნიორებთან თანამშრომლობა, მეგობრობა სარგებლობას ანიჭებს თითოეულ მხარეს, ქვეყანას. საქართველო არაა მხოლოდ ფინეთის პარტნიორი, ის აგრეთვე არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი. საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია რეფორმების განვითარების გზაზე და იმედი მაქვს, რომ ამ ბილიკს ის არ გადაუხვევს. ბატონო პრეზიდენტო ,ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობასა და სუვერენიტეტს".

სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა: "თქვენ ხართ შრომისმოყვარე, მებრძოლი ადამიანები და არასდროს წუწუნებთ. თქვენ ხართ ძალიან მამაცები და დიდი მოთმინების მქონე ადამიანები. ჩვენ მეგობრები ვართ, ჩვენ ყველანი ერთად ვართ ევროპაში და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ აგრეთვე ევროკავშირის ოჯახში ძალიან მაღალ მდგომარეობას ვანიჭებთ საქართველოს. თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ, ხოლო ჩვენ, თქვენს გვერდით ვართ და ერთად ვიბრძვით. გაუმარჯოს საქართველოს, ბედნიერ 100 წლის თავის იუბილეს გისურვებთ".

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა: "მიხარია, რომ თქვენს შორის ვიმყოფები დღეს თბილისში, რათა ვიზეიმო პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სტატუსით და მოგილოცოთ პირველი ქართული დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა. საქართველო არის პოლონეთის ძმური ქვეყანა, ჩვენ დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან სიყვარულით, მეგობრობით და თანამშრომლობით. ჩვენც და თქვენც ვიბრძოდით მრავალი საუკუნის მანძილზე იმისთვის, მიგვეღწია თვითგამორკვევისთვის. დამოუკიდებლობა ჩვენი სამშობლოებისთვის ყველაზე უფრო დიდი ღირებულებაა. ჩვენ გამოვცადეთ თითქმის ერთნაირი სიმწარე საუკუნეების მანძილზე და საქართველო გამორჩეულია რეგიონის ქვეყნებს შორის თავისი თავდადებით და ერთგულებით სუვერენობისა და თავისუფლებისადმი. ის არასოდეს არ შეურიგდება იმას, რომ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები დაირღვეს და ამით დაირღვეს საერთაშორისო კანონმდებლობა. საქართველოს გააჩნია საერთაშორისო კანონმდებლობის პატივისცემა, ეს გახლავთ საფუძველი მშვიდობის შენარჩუნებისა მთელ ევროპაში. გამოწვევები კვლავ ელის საქართველოს, მაგრამ ჩვენ თქვენთან ერთად ვართ სოლიდარობის სულისკვეთებით განმსჭვალულნი"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ