"მეც მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს" - ამის შესახებ თბილისის მერი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს. კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მკვეთრ პოზიციას ელოდება, "რათა საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ დარჩეს".
"მეც მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს. მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვიზირებ საზოგადოების იმ მოლოდინებს, რომ ასეთი რეზონანსული საქმე სრულყოფილად იყოს გამოძიებული..მაგრამ... იცით რა მახსოვს? როცა პირველად ვნახე გამწარებული დედა - ირინა ენუქიძე და მის მოწოდებაზე მხოლოდ ათიოდე მოქალაქე გამოსული.
კიდევ იცით რა მახსოვს? მაშინდელი ხელისუფლების პოზიცია და ამ დანაშაულის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება და იმ საშინელებას რომ შეცდომას უწოდებენ დღესაც კი. და ახლა ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებები -- ესაა არა მარტო სარალიძეების და გირგვლიანების ოჯახებისადმი ცინიკური დამოკიდებულება. რამდენადაც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, იმდენად გაკვირვებული ვარ ამ ამორალური პირების დამოკიდებულებით საზოგადოების მიმართ.არასდროს დამავიწყდება არც გირგვლიანის დედის და არც სარალიძის მამის სულისშემძვრელი ამოძახილი... სამწუხაროდ ირინამ სამართალი ვერ იპოვა რეჟიმის პირობებში... მეც თქვენთან ერთად ველოდები პროკურატურის მკვეთრ და გამჭვირვალე პოზიციას, ისე რომ არავის კითხვის ნიშნები ან უკმარისობის გრძნობა არ დარჩეს საზოგადოებაში" - წერს კალაძე "ფეისბუქზე".
პარლამენტის შენობასთან, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით გამართული აქცია "ნუ მომკლავ" რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებმა პროკურატურას წაუყენეს მოთხოვნები, დაისაჯოს სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ყველა პირი, ასევე მირზა სუბელიანი და ყველა ის ადამიანი, ვინც დანაშაულის დაფარვასა და მტკიცებულებების გაყალბებაში მონაწილეობდა.
ცნობისთვის, მკვლელობა ხორავას ქუჩაზე გასული წლის 1 დეკემბერს მოხდა. მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს 51-ე სკოლის მოსწავლეები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.