ზაზა სარალიძის კომენტარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ - 6 თვე პროკურორების დაკრულზე ვიცეკვე, რომლებიც ყველაფერს მატყუებდნენ

ზაზა სარალიძის კომენტარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ - 6 თვე პროკურორების დაკრულზე ვიცეკვე, რომლებიც ყველაფერს მატყუებდნენ

6 თვე პროკურორების დაკრულზე ვიცეკვე, რომლებიც ყველაფერს მატყუებდნენ და არანაირი სურვილი არ მაქვს შოთაძეს მარტო ჩემს ადვოკატთან ერთად შევხვდე, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჩემი მოსაზრება გავუზიარე, რაც ჭეშმარიტებასთან ძალიან ახლოს არის. შეხვედრაზე დავასაბუთე ყველა ის ეჭვი, რაც პროკურატურის მიმართ გამაჩნია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გაიზიარეს ჩემი პოზიცია და მაქსიმალურად ეცდებიან, რომ გვერდით დაგვიდგნენ", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მან პროკურატურის მიერ სპეციალური ჯგუფის შექმნის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ შოთაძის უწყებას იმ ჯგუფთან ერთად შეხვდება, რომელსაც თავად შექმნის.

"6 თვეა პროკურორების დაკრულზე ვიცეკვე, რომლებიც ყველაფერს მატყუებდნენ და არანაირი სურვილი არ მაქვს შოთაძეს მარტო ჩემს ადვოკატთან ერთად შევხვდე. თვითონ თუ უნდათ ჯგუფის შექმნა, შექმნან. მე ჩემს ჯგუფს შევქმნი იქნება ეს ადვოკატი, ჩემი მეგობარი თუ ჩემი ოჯახის წევრი, კეთილი ინებონ და მომისმინონ. აღარ ვაპირებ დახურულ სივრცეში მათთან ჯდომას. დახურულ სივრცეში ფხაკაძესთან და გუგუშვილთან რაც ვიჯექი და რა შეურაცხყოფებიც მივიღე, საკმარისი იყო,"- აღნიშნა მან.

სარალიძემ გუშინ პროკურორის მიერ მტკიცებულებების გასაჯაროვებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ პროკურორ კაპანაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას.

"არ ჰქონდეს შოთაძეს იმის ილუზია, რომ მე კანონებით მელაპარაკოს და კაპანაძემ გაასაჯაროვოს ჩემი შვილის ტანსაცმელი. მე ვისჯები კანონით და თვითონ არა? მე ჩემი შვილის ტანსაცმლის ჩვენებას როცა ვითხოვდი, მითხრეს, რომ არ შეიძლებოდა წვდომა მქონოდა ნივთმტკიცებებთან. თვითონ კი მთელ საქართველოს კი არა, მთელ მსოფლიოს აჩვენებს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს