ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” ივნისის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” ივნისის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” ივნისის ნომერი #6(90), რომელშიც წაიკითხავთ:

ფრანცისკო-მარია მაჯო - ქართული ენის გრამატიკის პირველი ავტორი

იტალიელი ფრანცისკო-მარია მაჯო (1612-1686) გახლავთ ქართული ენის გრამატიკის პირველი ავტორი და გამომცემელი. ქართული ენის მეცნიერულ შესწავლას იტალიელმა მისიონერმა ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა პალერმოელმა ახალგაზრდა ღვთისმსახურმა რომის პაპისგან საგანგებო დავალება მიიღო - საქართველოში მისიონერული მოღვაწეობისას საფუძვლიანად შეესწავლა ქართული ენა... ფრანცისკო-მარია მაჯოს წიგნი “ქართული ენის გრამატიკა” გამოიცა რომში, 1670 წელს, სარწმუნოების გამავრცელებელი სასულიერო საზოგადოების, ე.წ. პროპაგანდა ფიდეს სტამბაში. ვატიკანთან არსებული ეს დაწესებულება ამჟამად «ხალხთა ევანგელიზაციის კონგრეგაციად» იწოდება და უმაღლესი რანგის კათოლიკურ სასულიერო დაწესებულებათა შორის სამისიონერო საქმეთა სამინისტროდ არის მიჩნეული.

აღსანიშნავია, რომ ფრანცისკო-მარია მაჯოს «ქართული ენის გრამატიკის» ეგზემპლარი ინახება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში. წიგნში გამოყენებულია ქართული დამწერლობის სამივე სახე: მხედრული, ასომთავრული, ნუსხური; ქართული ანბანი რიცხობრივი შესატყვისობით... თავად ფრანცისკო-მარია მაჯო, საქართველოდან იტალიაში დაბრუნებისას, საკუთარ თავს «ოქროს საწმისის ნადავლით აღჭურვილ ახალ არგონავტს» ადარებდა.

ვალიკო ჯუღელი და 1924 წლის აჯანყება. უკანასკნელი წერილები ჩეკას ჯურღმულებიდან

1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისთვის, აპრილის შუა რიცხვებში ვალიკო ჯუღელი ემიგრაციიდან დაბრუნდა. მისმა ჩამოსვლამ შეთქმულებს ძალები გაუათკეცა. საუბედუროდ, თბილისში ყოფნისას დაასმინეს და დააპატიმრეს... ჯუღელს ჩეკაში წარუდგინეს აჯანყების გეგმა, დაარწმუნეს, რომ აჯანყება გაცემული იყო და ხელისუფლება არნახული მასშტაბის რეპრესიებისთვის ემზადებოდა. ჯუღელი მიხვდა, რომ აჯანყება გაცემული იყო და მხოლოდ უაზრო მსხვერპლს გამოიწვევდა, ამიტომ ჩეკადან წერილი გამოუგზავნა დამოუკიდებლობის კომიტეტს და მოუწოდა, აჯანყება მოეხსნათ. შემდეგ მან მოითხოვა, რამდენიმე ხნით გაეთავისუფლებინათ. «მომეცით ნელა მოქმედი შხამი, ორი-სამი დღის შემდეგ რომ იმოქმედოს, ისეთი. მე მას დავლევ აქვე, თქვენ თვალწინ, შემდეგ გავალ აქედან და აჯანყება აღარ მოხდება», - წერდა ჯუღელი ჩეკას ხელმძღვანელობას. ჩეკას შეეშინდა ჯუღელის გათავისუფლებისა, მხოლოდ დაპატიმრებულ სოციალ-დემოკრატს - ვანო ღლონტს დააკისრა მისი დავალების შესრულება. ვანო ღლონტმა ჯუღელის სახელით მიმართა სოციალ-დემოკრატთა ცენტრალურ კომიტეტს და აჯანყებაზე ხელის აღება სთხოვა. კომიტეტმა უპასუხა, გადაეცით ბატონ ჯუღელს და ჩეკას, რომ გამოსვლის საკითხი ახლო მომავალში არ დგას და არც არავითარ აჯანყებას არ ვაპირებთო. ვანო ღლონტი, თანახმად პირობისა, ჩეკაში დაბრუნდა და შემდგომ ისიც დახვრიტეს. მაშინ ჯუღელმა გადაწყვიტა, ციხიდან წერილები დაეწერა. ის კატეგორიულად მოითხოვდა წერილების პრესაში გამოქვეყნებას და ამისთვის შიმშილობაც გამოაცხადა. ხელისუფლებამ ჯუღელის წერილები დაბეჭდა საკმაოდ გვიან, 29 აგვისტოს, როცა აჯანყება უკვე დაწყებული იყო...

კვეტერა

კვეტერის ციხე-ქალაქი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თიანეთისა და თელავის შემაერთებელ ქედზე. ის ცნობილია, როგორც კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ძლიერი და აუღებელი ცენტრი. წერილობით წყაროებში პირველად XI საუკუნიდან იხსენიება, კვეტერის საერისთავო ერთ-ერთია XI საუკუნეში კვირიკე მეფის მიერ გამოყოფილ კახეთ-ჰერეთის საერისთავოებს შორის. «მატიანე ქართლისაიში» დაცული ცნობის მიხედვით, XI საუკუნის 40-იან წლებში ბაგრატ IV-მ შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, მაგრამ კვეტერის ციხის აღება ვერ შეძლო, რაც ნათლად მეტყველებს აქაური ციხის თავდაცვისუნარიანობასა და სიძლიერეზე.

კვეტერის ციხე-ქალაქის ყველაზე შთამბეჭდავ ნაგებობას წარმოადგენს X საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია შირიმის ქვით. ეს არქიტექტურული ტიპი საქართველოში ქრისტიანული ხუროთმოძღვრების საწყის ეტაპზე იყო უფრო მეტად გავრცელებული და ძირითადად, VI-VII საუკუნეებში შენდებოდა, ხოლო X საუკუნეში მისი აგება გამონაკლისად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

კვეტერის ტაძრის დეკორატიული მორთულობა ძალიან სადაა, რაც საგრძნობლად გამოარჩევს იმავე პერიოდის არქიტექტურული ძეგლებისგან. ეკლესია გადახურულია ლურჯი კრამიტით, რაც შირიმის რბილი ყვითელი ფერის ქვას შთამბეჭდავად ეხამება. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი გადაწონის ტაძრის დეკორატიული დეტალების სიმწირეს... ისტორიული და მხატვრული ღირებულების გათვალისწინებით, კვეტერის ციხე-ქალაქი 2007 წლის ოქტომბრიდან იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცდელ სიაშია შესული.

მუსიკის ლეგენდები საქართველოში

ბოლო დროს ჩვენი ქვეყანა, სხვადასხვა მუსიკალური პროექტისა და ფესტივალის წყალობით, მსოფლიო დონის შემსრულებლების თუ მუსიკალური ჯგუფების სტუმრობით განებივრებულია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ლეგენდარული მუსიკოსები საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჩამოდიოდნენ - ბენი გუდმენი, ბი ბი კინგი, ბობ დილანი, ბილი ჯოელი, იან გილანი, რეი ჩარლზი, ჯეიმს ბრაუნი, აგრეთვე «მანჰეტენ ტრანსფერი», ჯო კოკერი, «ბონი ემი», აგრეთვე სხვა მეტ-ნაკლებად ცნობილი მუსიკოსები...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ბერძნულ-რომაული ტაძარი ეგვიპტის უდაბნოში

თვითმფრინავის ძებნისას ხომალდები აღმოაჩინეს

რატომ ჰქონდათ ნეანდერტალელებს გრძელი ცხვირი

ლიკანის ორანჟერეა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

სუდანში უძველესი პირამიდები გახსნეს

«წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ყველა კავკასიელს «ერთ ქვაბში» ათავსებდნენ...»

ცარიზმის სიფრთხილე ქართველ თავადაზნაურობასთან. ლიტერატურული წრეები და სალონები საქართველოში

რას გვასწავლის ძველი ქართული დიპლომატია

დასავლეთი საქართველო - დაცემის ქრონიკები. XVII საუკუნის დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიის მიმოხილვა

ბავშვების მსხვერპლშეწირვა სტიქიის დასაშოშმინებლად

ქართულ-ბალტიური ქორწინებების ისტორიიდან

ფრონდა - უნიკალური საშინაო კრიზისი საფრანგეთში

გრაკქუს-სციპიონების შთამომავალი... საქართველოში

ცივილიზაციათა შეჯახება იერუსალიმსა და პალესტინაში. პირველი მუსლიმური პერიოდი

ბულგარული «ხორცსაკეპი» (დასასრული)

ფურცლები წარსულიდან. ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს