შეიწირავს თუ არა წულუკიანი მთავრობას, ანუ მართლმსაჯულების დიდი კრახი

შეიწირავს თუ არა წულუკიანი მთავრობას, ანუ მართლმსაჯულების დიდი კრახი

ქართული მართლმსაჯულების სისტემის კრახი - მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეზე განვითარებულ მოვლენებს, პროკურატურის ქმედებებით დაწყებული და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დამთავრებული.

წარმოიდგინეთ - დღისით მზისით, თბილისის ცენტრში მოკლეს ორი მოზარდი, ცნობილია ინციდენტში მონაწილე ყველა პირის ვინაობა, არიან მოწმეები. თუმცა, ქართულმა მართლმსაჯულების სისტემამ მოახერხა იმდენი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაუნდობლად დაჩეხილი დათო სალარიძის მკვლელი იურიდიულად ბუნებაში არ არსებობს და ცალკე უცხოელი პროკურორები ჩამოყავთ და ცალკე პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება. ანუ მივიღეთ „მკვლელობა მკვლელის გარეშე“.

ირაკლი შოთაძე არის მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელი და ერთი რგოლი პროკურატურა-სასამართლოს დაჭაობებულ სისტემაში, რომელიც სახელმწიფოს ორგანიზმში ჩადებული ნელი მოქმედების ნაღმია. ავტორი კი ქალბატონი თეა წულუკიანია, რომელიც უკვე ექვსი წელია იუსტიციის მინისტრის სავარძელში ზის და საკუთარი უნიათობითა თუ კონფორმიზმით ქვეყანა მართლმსაჯულების სისტემურ კრიზისამდე მიიყვანა.

ამ ექვსი წლის განმავლობაში თეა წულუკიანმა ქართულ მართლმსაჯულებას ავნო ყველაფერი, რისი ვნებაც შეიძლებოდა. ვნახეთ მთავარ პროკურორებად - არჩილ კბილაშვილი, რომელიც ორ თვეში ერთხელ იძახდა, არიქა, ჟვანიას საქმე იხსნებაო; ბოტასების ქურდობაში დადანაშაულებული ფარცხალაძე; ბადაშვილი, რომელსაც ჟურნალისტების ეშინოდა და აგერ შოთაძე, რომელმაც გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს მოზარდების მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობას. ეს მაშინ, როდესაც მისი პროკურორები ბოლო ხუთი თვეა ამტკიცებდნენ, რომ ბრალდებული მხოლოდ ორი მოზარდი იყო.

ლამის მთავარი დაგვავიწყდა - ფარცხალაძე კარგა ხანი გახლდათ უგვირგვინო პროკურორი და მისი ნებართვის გარეშე დამლაგებელსაც ვერ ნიშნავდა ვერავინ პროკურატურაში.

წულუკიანმა მეორე ფრონტზეც „ივაჟკაცა“ - ის მოსამართლეები, რომელთა პასუხისგებასაც საზოგადოება ელოდა (გირგვლიანის საქმე, მოლაშვილის საქმე და ა.შ), არათუ ჩამოცილდნენ სისტემას, არამედ დაწინაურდნენ, გავლენები გააძლიერეს და სასამართლო სისტემა იქცა ერთ დიდ „კოლექტიურ მურუსიძედ“. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ წულუკიანის „რეფორმირებულმა“ პროკურატურამ საზღვარგარეთ გაქცეული ვერც ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის არათუ ექსტრადაცია, არამედ ბრალის დამტკიცებაც ვერ მოახერხა.

პროკურატურისა და სასამართლოს ასეთი სინქრონული დეგრადაციის შედეგად მივიღეთ შემდეგი სურათი - საზოგადოებაში პროკურატურის მიმართ ნდობა არის ნულის ტოლფასი, სასამართლოს მიმართ ნდობაც ნულს უტოლდება და საკითხები წყდება მიტინგებზე და არა სასამართლო დარბაზებში.

ქართული მართლმსაჯულების სისტემა გადასარჩენი კი არა, ხელახლაა შესაკოწიწებელი და ეს პროცესი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. თუმცა იმის მაგივრად, რომ ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილებით გიორგი კვირიკაშვილს ამ სისტემურ კრიზისში მთავარი პასუხისმგებელი - თეა წულუკიანი თანამდებობიდან გადაეყენებინა, ისევ მას დაავალა ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევა... წულუკიანი თავისი ნებით არ წაბრძანდება და ეს გუშინაც კარგად გამოჩნდა, როდესაც იმის მაგივრად, გაგიჟებული ჭირისუფლების წინაშე რაიმე პასუხისმგებლობა ეგრძნო, ფეისბუქპოსტში შოთაძის გადადგომას „სამართლის უზენაესობის გზაზე სიარულისთვის ცალსახა ნეგატივი“ უწოდა.

საკვირველი ის არის, ამდენ ხანს რატომ არ გადააყენეს წულუკიანი. გასაგებია, რომ ამ ქალბატონმა თავის დროზე ალასანიას გუნდს უღალატა (სკამი აირჩია) და ზოგიერთი ამას უფასებს, მაგრამ წულუკიანის თავზე ხელის გადასმით, შესაძლოა, თავზე დაემხოთ მთავრობაც და სახელმწიფოც.

მართლმსაჯულება სახელმწიფოს მთავარი მამოძრავებელი ღერძია. თუ არ არის მართლმსაჯულება, მაშინ სახელმწიფოს მართავს ქუჩა. ამიტომ აირჩიოს გიორგი კვირიკაშვილმა რა ურჩევნია - ჩამოაშოროს მთავრობას მართლმსაჯულების კრახის ავტორი, თუ თავის მთავრობიანად თან გადაჰყვეს წულუკიანს.

ავტორი: გიორგი კვიტაშვილი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები