ავტორი:

"სტალინს უნდა ენახა შოვი, მაგრამ კურორტ უწერაში თევზმა მოწამლა..." - მითები და სინამდვილე შოვში მდებარე "ბელადის სახლზე"

"სტალინს უნდა ენახა შოვი, მაგრამ კურორტ უწერაში თევზმა მოწამლა..." - მითები და სინამდვილე შოვში მდებარე "ბელადის სახლზე"

"ეს შენობა არის შოვის დასასვენებელი სახლი. ეწოდებოდა პირველი კორპუსი. იყო მაშინ კიდევ დასასვენებელი სახლები შოვში N2 კორპუსი, N3 კორპუსი... როგორც მსმენია, პირველი კორპუსი აშენებულია გერმანელების მიერ და მშენებლობისას არ იყო გამოყენებული ლურსმანი. შენობა მთლანად ხისაა... გამოირჩეოდა როგორც ყველაზე კარგი დასასვენებელი სახლი და აქვს საუკეთესო მდებარეობა. როგორც ცნობილია, ამ სახლში სტალინი ისვენებდა" - ფოტო, რომელზეც შოვში მდებარე უნიკალური ნაგებობაა ასახული სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება მინაწერით, რომ თითქოს იქ სტალინი ისვენებდა...

კურორტ შოვის დაარსების საინტერესო ისტორიასა და იმაზე, სინამდვილეში სად იყო სტალინის ვილა ონის მხარეთმცოდნეობის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი გია ბერიშვილი გვესაუბრება...

- დიახ, ეს კორპუსი არის შოვში, თუმცა საინტერესო ის არის, რომ სტალინი არასოდეს ყოფილა შოვში... იყო ერთი ვილა, რომელსაც "სტალინის სახლს" ეძახდენ. სამწუხაროდ, ის პატარა და ორიგინალური ნაგებობა აღარ არსებობს და ფოტოს ექსკლუზიურად გაწვდით...

სტალინს უნდა ენახა შოვი, მაგრამ კურორტ უწერაში თევზმა მოწამლა და უწერის წყლებით შესანიშნავმა ექიმმა - საშა ბაქრაძემ უმკურნალა. აქედან სტალინი დაბრუნდა ონში და ღამე პოლკოვნიკ გიგო იაშვილის სახლში გაათია... მოგვიანებით, როცა სტალინს ჰკითხეს, როგორი კურორტია შოვიო, ასე უპასუხა: "კარგად მყოფი იქ ვერ მიაღწევს და ავადმყოფი გზაში მოკვდებაო".

- შოვში მდებარე უნიკალურ ნაგებობაზე რა არის ცნობილი?

- შოვში ყველა ნაგებობა და კომპლექსი ასეთი უნიკალური იყო... არქიტექტორი კოლჩინი გახლდათ... საერთოდ შოვის დაარსებას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს: კურორტი შოვის დაარსება დაკავშირებულია შამშე ლეჟავას სახელთან. იგი წარმოშობით ამბროლაურის რაიონის სოფელ წკადისიდან იყო. შამშე ლეჟავას სამედიცინო განათლება ჰქონდა მიღებული, დამთავრებული ჰქონდა ვენის უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდა 1905-1910 წლებში. ექიმი ლეჟავა დაინტერესებული იყო საკურორტო საქმით, რის გამოც სტუდენტობის პერიოდში ეცნობოდა საზღვარგარეთის სხვადასხვა კურორტებს. იგი ბევრს მოგზაურობდა ევროპაში. 1908 წელს ფეხით გადავიდა ჟენევიდან ვენაში; გაეცნო და გულდასმით შეისწავლა კურორტები: ალანდი, ვილდუნგენი, ბადენი, კალსბადი, ვალენზეე, აუსზეე და სხვები...

1910 წელს ექიმი ლეჟავა დაბრუნდა საქართველოში. რაჭაში ჩამოსვლისთანავე შეუდგა ადგილის შერჩევას იმ განზრახვით, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა კურორტი აეშენებინა. 1913 წელს ივნისში ლეჟავამ მოიწვია „შოვის სანატორიუმის მომწყობი საზოგადოების“ წევრების კრება, მიიღეს დადგენილება შოვის საკურორტო ადგილების შესწავლის შესახებ. კურორტის აშენება ძალზედ გაჭიანურდა. 1923 წლის მაისში დაინიშნა კურორტ შოვის მშენებლობის კომისია. იმავე წელს შეიქმნა სამშენებლო კომიტეტი, რომელშიც სამედიცინო პერსონალთან ერთად შევიდნენ ტექნიკური მუშაკებიც. ამავე დროს დაიწყო საამშენებლო სამუშაოები...1923 წლის აგვისტოში შოვში ჩავიდა სამეცნიერო ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობდნენ გეოლოგი ავქსენტიევი, ტოპოგრაფი პროფესორი ბენაშვილი და განთქმული ქიმიკოსი კუპცისი. შოვში მივლინებული იქნა გამოჩენილი ინჟინერი ჭიჭინაძე და მისი ხელმძღვანელობით აშენდა ხიდი მდინარე ჭანჭახზე. დაიწყო ჰიდროელექტროსადგურის მშენელობა მდ. ჭანჭახზე. ელექტროენერგიის მისაღებად წყალი უნდა გამოეყვანათ მდინარე ბუბადან. ამ სამუშაოებს აწარმოებდა იჟინერი კოლჩინი.

სანატორიუმის შენობას საძირკველი 1925 წლის 15 ივლისს ჩაეყარა. კურორტის მშენებლობა სწრაფი ტემპით წარიმართა და 1928 წელს იგი უკვე მზად იყო საექსპლუატაციოდ. წიწვნარში აშენდა სანატორიუმის ორსართულიანი ლამაზი შენობა, სასტუმრო, ელექტროსადგური, კურორტის მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლი, პოლიკლინიკა, მეორე სანატორიუმი. 1929 წელს კურორტი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა" - გვიყვება გია ბერიშვილი.

შოვი მებარეობს ზემო რაჭაში, ქალაქ ონიდან 30 კილომეტრის დაშორებით, ცად აწვდილი წიწვიანი ტყით, ალპური მდელოებით, მაღალი მთებითა და მუდამ თოვლით დაფარული მყინვარებით გარშემორტყმულ ტაფობზე. მთელ საკურორტო ზონაში ნაპოვნია 16 მინერალური წყლის წყარო, რომლებიც განსხვავდება მრავალფეროვანი სასარგებლო მონერალების შემადგენლობით (კალციუმი, ნატრიუმის, მაგნიუმის ჰიდრო კარბონატი) და ჯანმრთელობისათვის საჭირო თვისებებით. ეს მინერალური წყლები გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ. შოვი ზღვის დონიდან 1520 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან მას კავკასიონის მაღალი მწვერვალები ესაზღვრება, ზოგიერთი მათგანის სიმაღლე 4 000 მეტრს აღემატება.

შოვის ტერიტორია ცნობილია წიწვოვანი ტყეებით, სადაც ბევრია გარეული ფრინველი და ცხოველი: კავკასიური თხა, არჩვი, შველი, დათვი, მგელი, კვერნა, მელია, კურდღელი, ციყვი, ფოცხვერი, კავკასიური როჭო, გარეული კავკასიური ინდაური და სხვა. ზამთარი შოვში საკმაოდ ცივია (იანვრის საშუალო ტემპერატურა -6 გრადუსი), ზაფხული საკმაოდ გრილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 16 გრადუსი). საერთოდ დღის განმავლობაში მზე 8-10 საათს ანათებს. ადგილის სიმაღლის და ჰაერის სისუფთავის გამო მზის პირდაპირი გამოსხივება და ულტრაიისფერი სხივების დიდი რაოდენობა კურორტ შოვს ანიჭებს „მზის სხივებით სამკურნალო კურორტის“ სახელს.

"ექიმები გიჟებივით დარბიან...ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის" - რას წერს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი

ერთად შეკრებილი ათასობით ადამიანი უხანში - როგორ იზეიმეს ჰელოუინი ქალაქში, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა

"სიყვარული ფერადია და ფოტოებიც ფერადი უნდა იყოს“ - ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის რომანტიკული ფოტოები "პარიზული დღეებიდან“