ავტორი:

ახალგორის რაიონში ქართულენოვანი მოსახლეობის წინააღმდეგ ახალი ტალღა აგორდა

ახალგორის რაიონში ქართულენოვანი მოსახლეობის წინააღმდეგ ახალი ტალღა აგორდა

ახალგორის რაიონის საბავშვო ბაღებიდან ყველა ის თანამშრომელი გააძევეს, რომელიც რუსულ და ოსურ ენებზე არ საუბრობს. ოსური მედია წერს რომ, "როგორც მოსალოდნელი იყო, ადგილობრივმა ქართულენოვანმა მოსახლეობამ ეს მათზე მორიგ ზეწოლად აღიქვა...".

7 ივნისს ახალგორში ახალი საბავშვო ბაღი გახსნეს, რომელსაც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის “პრეზიდენტი” ანატოლი ბიბილოვი და რუსეთის ე.წ. “ელჩი” მარატ კულახმეტოვიც ესწრებოდნენ.

“ახალი საბავშვო ბაღი ორი ქვეყნის მეგობრობის პატივსაცემად აშენდა და მასში აღსაზრდელები 4 ცვლაში ისწავლიან. მთლიანობაში, 100 ბავშვი... პრეზიდენტის თქმით, მას სოციალური დანიშნულება ექნება და ადგილობრივი მოსახლეობისა და რუსი სამხედროების ოჯახებისთვის კარგი საშუალება იქნება,” – წერს ოსური მედია და დასძენს, რომ ძველი პერსონალი, რომელიც რუსულ და ოსურ ენებზე ვერ საუბრობდა, დაითხოვეს.

აქამდე ახალგორის სკოლაში მხოლოდ რუსულენოვანი მასწავლებლების მოთხოვნა იყო, რადგან იქ რუსი სამხედროების ცოლებიც მუშაობდნენ, თუმცა, ბიბილოვის ახალი, ე.წ. ბრძანების თანახმად, საბავშვო ბაღის თანამშრომლებს, დამლაგებელსაც კი, როგორც რუსული, ასევე ოსური ენის ცოდნასაც სთხოვენ.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის თქმით, უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა და მათ შორის ოსი უფრო მეტია, ვიდრე ქართველი.

“ის ოსები, რომლებიც იქ ომამდე ცხოვრობდნენ, ოსურად ვერ საუბრობენ, რადგან მათ არ ჰქონდათ საშუალება და აუცილებლობა ოსური ესწავლათ... ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან კი, მცდელობაც კი არ ყოფილა, რომ უფროსი თაობისთვის კურსები მაინც გაეხსნათ, სადაც ადამიანები ოსურს ან რუსულს შეისწავლიდნენ... ის, რაც მათ ისწავლეს, თავის დროს სკოლებში მიღებული განათლებაა და მორჩა" - ამბობს ის.

ბოლო დროს, ბიბილოვის ე.წ. ხელისუფლება ძალიან ბევრს საუბრობს ახალგორის რაიონის ცხინვალის რაიონში “ასიმილაციის პრობლემაზე”, თუმცა, ოსური მედია წერს, რომ ამისთვის არაფერი გაკეთებულა და არც კეთდება. მათივე თქმით, ოსური ადგილობრივებმაც არ იციან, რადგან მოსახლეობა ერთმანეთში უმეტესად რუსულად საუბრობს. სკოლებში კი, ოსური ენა სიმბოლურად ისწავლება.

თამარ მეარაყიშვილის თქმით, თავის დროზე, ის ეძებდა ოსური ენის რეპეტიტორს, თუმცა, უშედეგოდ... “დავურეკე კულტურული განყოფილების უფროსს ბესარიონ ბიტაროვს და ვთხოვე, - იქნებ გაეხსნათ ენის კურსები და ცხინვალიდან კვალიფიციური სპეციალისტები მოეწვია, - რაზეც მან მიპასუხა, რომ ეს რაიონის ხელმძღვანელობის პრეროგატივაა, მაგრამ ამას ფული უნდა, რაც მათ არ აქვთო...”

ოსური მედიის თქმით, რაიონში, სადაც ყოველი მეორე ჩინოვნიკი სამ-ოთხ შტატს ითავსებს და შესაბამის ანაზღაურებასაც იღებს, "მშობლიური" ენის შემსწავლელი კურსების დაფინანსება, რომელიც ენის გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვერ ხერხდება.

"ასე რომ, სახელმწიფოს უნდა ეზრუნა ადგილობრივი მოსახლეობის ადაპტაციაზე, თუმცა, ახლა ამათ ახალ პროექტებს, უბრალო ადამიანები ეწირებიან” – წერს ოსური მედია და დასძენს, რომ "ისინი, ვინც რამდენიმე დღის წინ სამსახურებიდან გაათავისუფლეს, 10 წლის წინ საქართველოში არ წავიდნენ, - აქ დარჩნენ და მუშაობდნენ".

“არადა, მათ ცხოვრების გაგრძელებას წეროვანში სთავაზობდნენ და დაფინანსებასაც ჰპირდებოდნენ, თუმცა ლენინგორში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დარჩენა არჩიეს და მართლაც, მას შემდეგ, ქართული მხარისგან არავითარი ფინანსური დახმარება არ მიუღიათ, განსხვავებით სკოლებისგან... მაგალითად, რაიონში არსებული რუსული სკოლა დღემდე იღებს როგორც ოსური, ისე ქართული მხარისგან დაფინანსებას.

საქმე ის არის, რომ საბავშვო ბაღებს მუცინიპალიტეტი აფინანსებს, სკოლებს კი – ხელისუფლება... მნიშვნელოვანია, რომ ცხინვალმა ლენინგორის რაიონში პირველი ხელფასების გაცემა მხოლოდ 2008 წლის დეკემბერში დაიწყო... თუმცა, ბევრი იქ თანხის გამო არ დარჩენილა, - მათ უბრალოდ თავიანთ სახლებსა და სამსახურებში ყოფნა არჩიეს და ჩვენმა სახელმწიფომ ახლა ისინი საარსებო მინიმუმის გარეშე დატოვა,” – წერს ოსური მედია.

ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ცვლილებების მოლოდინში არ არის. მათი ვარაუდით, სცენარის გაგრძელება ასეთი იქნება, - “გათავისუფლებული ადამიანების ადგილზე, ჩინოვნიკები თავიანთ ახლობლებს მოიყვანენ, - წინაგარადან, ორჭოსანიდან და სხვა სოფლებიდან. ისე, როგორც ადრე ყოფილა და როგორც პოლიტიკას ახასიათებს. ამას კი ადგილობრივი მოსახლეობა დისკრიმინაციად აღიქვამს, თითქოს მათ ზედმეტად თვლიან და კარისკენ უთითებენ, უფრო ზუსტად კი - “რაზდახანის” გამშვები პუნქტისკენ...” – მიიჩნევს ოსი ჟურნალისტი მურატ გუკემუხოვი.

ფოტო: osinform.org

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი