თიბისი გალერეაში კინორეჟისორ ალბერტ სერასთან საჯარო შეხვედრა გაიმართა

თიბისი გალერეაში კინორეჟისორ ალბერტ სერასთან საჯარო შეხვედრა გაიმართა

თიბისი გალერეაში ესპანელ კინორეჟისორ ალბერტ სერასთან საჯარო შეხვედრა გაიმართა. თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორი თბილისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროექტის - „თანამედროვე კინოს დიდოსტატების“ ფარგლებში ეწვია, რომლის მიზანია თანამედროვე კინომეტყველების ფორმების დანერგვა და ამ მიმართულებით სტუდენტების, პროფესიონალებისა და კინომოყვარულების პროფესიული უნარებისა და შემოქმედებითი თვალსაწიერის გაფართოვება.

ალბერტ სერა ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა, რომელიც გაჯერებულია თანამედროვე კინომეტყველებისათვის დამახასიათებელი ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტებით, როგორიცაა „კინოდრო, როგორც ონლაინ რეჟიმი“, „პერფორმანსი კინოში“, „ფსიქიკური სხეული“, „მხატვრული პირობითობისა და დოკუმენტური სტილისტიკის სინთეზი“. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია: „ჩემი გარდაცვალების ამბავი“, „ლუი XIV-ს გარდაცვალება“ და „Birdsong”. რეჟისორის ნამუშევრები კანის, ლოკარნოსა და ვენეციის კინოფესტივალების არაერთი ჯილდოს მფლობელია.

ალბერტ სერამ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის მასტერკლასები ჩაატარა, 8 ივნისს კი საზოგადოებას მისი საჯარო ლექციის მოსმენის საშუალება თიბისი გალერეაში მიეცა. თანამედროვე კინოს ტენდენციებზე, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებაზე, იმპროვიზაციაზე, ურთიერთსაპირისპირო იდეებზე გადაღების პროცესში და კინოს შექმნის სხვა დეტალებზე ფართო აუდიტორიამ თავად რეჟისორისგან მოისმინა.

„ფილმის შექმნა ადვილი არ არის. მოხარული ვიქნები, თუ სტუდენტები ჩემს ლექციებში შთაგონებას ნახავენ,“ -აღნიშნა სერამ.

რეჟისორს მოდერატორობა პროექტ „თანამედროვე კინოს დიდოსტატების“ იდეის ავტორმა და რეჟისორმა ვახო ჯაჯანიძემ გაუწია.

„ყველაზე რადიკალური და ამავე დროს, ყველაზე საინტერესო რეჟისორი ალბერტ სერა პროქტის, - „თანამედროვე კინოს დიდოსტატების“ ფარგლებში თბილისს ეწვია. ეს გახლავთ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, აჭარანეტისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს XXI საუკუნის კინემატოგრაფის პოპულარიზაციას და თანამედროვე კინომეტყველების ფორმების დანერგვას ჩვენს კინოინდუსტრიაში.“ - განმარტა პროექტის ავტორმა, ვახო ჯაჯანიძემ.

„თიბისი ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კულტურის და ამ შემთხვევაში, კინოს მხარდაჭერა. „თანამედროვე კინოს ოსტატები“ - ეს პროექტი ჩვენთვის საინტერესო გახდა იმით, რომ ის შესაძლებლობას აძლევს კინოთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ იმ რეჟისორებს, რომლებიც დღეს, ახლა, ქმნიან ძალიან ინტელექტუალურ, მნიშვნელოვან, ნამდვილ კინოს,“ განაცხადა თიბისი ბანკის კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მენეჯერმა მაშო სამადაშვილმა.

პროექტ „თანამედროვე კინოს დიდოსტატების“ ფარგლებში მომავალში დაგეგმილია XXI საუკუნის კინემატოგრაფიისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ავტორების ჩამოყვანა, როგორებიც არიან: კარლოს რეიგადასი, აპიჩატპონგ ვერასეტაკული, იორგოს ლანთიმოსი, ლუკრეცია მარტელი, ანდრეი ზვიგინცევი და სხვები.

თეკლე ჯანელიძე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი