თბილისის რომელ ქუჩებზე დაიდგმება საზოგადოებრივი ტუალეტები: "ყველაფერს თვითონ გააკეთებს, ადამიანის ჩარევა ნაკლებად იქნება"

თბილისის რომელ ქუჩებზე დაიდგმება საზოგადოებრივი ტუალეტები: "ყველაფერს თვითონ გააკეთებს, ადამიანის ჩარევა ნაკლებად იქნება"

ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება საზოგადოებრივი ტუალეტების საკითხი. თბილისში ათი ათასობით ტურისტი ჩამოდის, შესაბამისად, აუცილებელია, ტურისტულ თუ არატურისტულ ზონებში საპირფარეშოების მოწყობა.

როგორც გავარკვიეთ, თბილისში 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო ივლისში დაიდგმება. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საპირფარეშოები 30 ადგილზე განთავსდება, მათ შორის ტურისტულ ზონებშიც.

ცნობილია, რომ საპირფარეშოებით მომსახურებისთვის თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე „მეტრომანითა“ და სხვა პლასტიკური ბარათებით.

„საპირფარეშოები ისე იქნება მოწესრიგებული, რომ ყველაფერს თვითონ გააკეთებს, ექნება ავტომატური რეცხვა და ადამიანის ჩარევა ნაკლებად იქნება,“ - განმარტეს ქონების მართვის სააგენტოში.

გარდა ამისა, კომპანია „სითი ბოქსს,“ რომელიც საზოგადოებრივ საპირფარეშოებს განათავსებს, ვალდებულება აქვს, რომ ობიექტები იყოს შშმ პირებისთვის ადაპტირებული, საინფორმაციო წარწერებზე იყოს გათვალისწინენული ბრაილის შრიფტი. ამასთან, საპირფარეშო აღჭურვილი იქნება ბავშვისთვის გამოსაცვლელი მაგიდით.

„ეს იქნება მზა კონსტრუქცია, რომელიც უკვე შეკვეთილია და უნდა ჩამოიტანონ. კონსტრუქციები იქნება ანტივანდალური, ანუ სპეციალური მასალით დამზადებული. მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე მოწესრიგებული და გამზადებულია და დადგმა სავარაუდოდ, ივლისში დაიწყება,“ - განმარტეს ქონების მართვის სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, ანტივანდალური და ავტომატიზირებული საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე პასუხისმგებელი იქნება მოიჯარე, რომელიც ასევე ვალდებულია, ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში 24-საათიანი რეჟიმით განახორციელოს.

საპირფარეშოს მომსახურების საფასური ჯერჯერობით ცნობილი არ არის. როგორც მერიის ქონების მართვის სააგენტოში განმარტავენ, ფასს კომპანია განსაზღვრავს.

„ჩვენ ფასს ვერ ვუსაზღვრავთ, მაგრამ ბაზრიდან და თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე ძვირს ვერ დაადებენ, უნდა დაადონ ისეთი ფასი, რომელიც მომხმარებლისთვის მისაღები იქნება“ - განუმარტეს AMBEBI.GE-ს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში.

რაც შეეხება ადგილებს, სადაც საპირფარეშოები უნდა განთავსდეს, მათი ჩამონათვალი ასეთია:

მეტროსადგური დიდუბის ზედა და ქვედა შესასვლელები, ჭავჭავაძის გამზირის N30-ის მიმდებარედ, ათონელის ქუჩაზე ალექსანდრეს ბაღთან, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, სააკაძის მოედანი, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარედ და მოპირდაპირედ გულიას ქუჩაზე, ჩაჩავას ქუჩის N1-ის მიმდებარედ, მეტროსადგურ ისანი მიმდებარედ ქეთევან წამებულის ქუჩა, ყაზბეგისა და პეკინის ქუჩების კვეთაზე, რიყის პარკში, დიღმის მასივში ე. მიქელაძის ქუჩის N12, აღმაშენებლის გამზირი N 19 მდებარე სკვერში, გურამიშვილის ქუჩაზე მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ, ც.დადიანის ქუჩაზე გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ, მეტროსადგურ ავლაბართან, კიკვიძის ბაღში, ც. დადიანის ქუჩაზე მეტროსადგურ „ნაძალადევის“ მიმდებარედ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, აგლაძის ქუჩის N1-ის მიმდებარედ - ელიავას ზედა შესასვლელთან, წინასძღვრიშვილის ქუჩაზე - „დეზერტირების“ ბაზრის მიმდებარედ, სადგურის მოედანზე, კახეთის გზატკეცილზე (ლილო), ბაგებში - ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე, დიღმის მასივში - მაიაკოვსკის სახელობის სკვერსა და საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ქონების მართვის სააგენტოს მიერ ჩატარებული აუქციონის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანია „სითი ბოქსს“ საზოგადოებრივი საპირფარეშოები დეკემბერში უნდა განეთავსებინა, თუმცა მიწისქვეშა კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ვადამ 6 თვით გადაიწია. მიწის ნაკვეთები, სადაც საპირფარეშოები უნდა დაიდგას, „სითი ბოქსს“ 20-წლიანი იჯარით გადაეცა.

მთავარი ფოტოს ავტორი გოგა ჩანადირი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ