დატბორილი სახლები და ნაკვეთები, შეფერხება რკინიგზაზე - ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის გარდა პრობლემები რეგიონებშიც შექმნა

დატბორილი სახლები და ნაკვეთები, შეფერხება რკინიგზაზე - ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის გარდა პრობლემები რეგიონებშიც შექმნა

ძლიერმა წვიმამ წუხელ, დედაქალაქის გარდა პრობლემები რეგიონებშიც შექმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად დუშეთის რაიონში ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა.

მათივე ცნობით, დუშეთიდან უწყებაში 22 შეტყობინება შევიდა. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. დაშავებულები არ არიან.

გარდა ამისა, უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. შსს-ს ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ, კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები კი თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ.

„გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანით გადაადგილება ამინდის გაუმჯობესების შემდეგ აღდგება“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თბილისი-ბათუმი, ზუგდიდი-თბილისი და ფოთი-თბილისის მატარებლების მოძრაობა შეფერხდა.

გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა ყვარლის მუნიციპალიტეტშიც. უხვმა ნალექმა სოფელ გავაზში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, სარდაფები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, ისინი დაზარალებულებს წყლის ამოტუმბვაში ეხმარებიან.

სტიქიის ზონაში იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი. როსტომ სესიაშვილის განმარტებით, უკვე შეიქმნა ზარალის შემსწავლელი სპეციალური კომისია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია