იმოგზაურეთ იქ, სადაც "წყალი უცეცხლოდ დუღს" - თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ისტორია

იმოგზაურეთ იქ, სადაც "წყალი უცეცხლოდ დუღს" - თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ისტორია

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის შექმნის ისტორია აბანოთუბანში ცხელი გოგირდოვანი წყლების არსებობას უკავშირდება. ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში არაბი გეოგრაფი და მოგზაური იბნ ჰაუკალი გაკვირვებული წერდა, რომ - „იქ წყალი უცეცხლოდ დუღს“. ვახუშტი ბაგრატიონი მე-18 საუკუნეში ექვს აბანოს აღწერდა. თბილისის აბანოები, არა მარტო ჰიგიენური დანიშნულების, არამედ დროის გატარების, დასვენების, ქალებისთვის გასართობი, ახალი ჩაცმულობის გამოფენის და გაცნობის ადგილი იყო.

მე-19 საუკუნეში „კავკასიის გზამკვლევში“ გრიგოლ მოსკვინმა გოგირდის წყლების სამკურნალო თვისებებს სტატია მიუძღვნა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ცნობილმა გერმანელმა გეოლოგმა და მეცნიერმა ვილჰელმ აბიხმა, თბილისის გოგირდოვანი წყლების ფიზიკო-ქიმიური თვისებები გამოიკვლია და მათი სამკურნალო მიზნით გამოყენებაზე აზრი გამოთქვა.

ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, ცნობილმა ქართველმა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ იდეა გააჟღერა - თბილისის მინერალური წყლების გამოსავალზე, გაშენებულიყო ბალნეოლოგიური კურორტი. სამწუხაროდ, კომისიამ ეს წინადადება არ გაითვალისწინა. 1924 წელს, ცნობილმა კურორტოლოგმა მიხეილ ზანდუკელმა ქალაქის საბჭოს სხდომაზე შეიტანა წინადადება - ერეკლეს აბანოს ბაზაზე გახსნილიყო ამბულატორიული მკურნალობა აბაზანებითა და ახტალის ტალახით. ეს წინადადება მიიღეს და ამბულატორიამ ფუნქციონირება დაიწყო.

1930 წელს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის (თბკ) მშენებლობის კომიტეტი შეიქმნა, პერსპექტიული გეგმა შემუშავდა, ქალაქის შემოგარენის სამთო სანიტარული ზონების საზღვრები დაზუსტდა და ახალი მშენებლობები აიკრძალა. თბკ-ს ტერიტორია განისაზღვრა ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მაიდანის, ორთაჭალ-კრწანისის ბაღების, თაბორის შემაღლების, ნარიყალასა და ბოტანიკური ბაღის საზღვრებში 200 ჰექტარი ფართობით.

ზანდუკელს სურდა, საკურორტო ზონის ე.წ. საკურორტო ქალაქის შექმნა. სამწუხაროდ, ომმა ამ პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა.

შენობა 1938 წელს გაიხსნა. მისი მშენებლობა რამდენიმე მილიონი რუბლი დაჯდა და მედიცინისა და ბალნეოტექნიკის ბოლო მიღწევებით იყო აღჭურვილი. თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების ბოლო ეტაპი 1953 წელს უკავშირდება. თბკ-ს შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, გოგირდის წყლის ნაკადი გაიზარდა, მინერალური წყლის ტემპერატურის ხელოვნური შენარჩუნების ობიექტები შეიქმნა, დამხმარე ნაგებობები აშენდა. თბკ-ს განვითარების მესამე ეტაპი 1958-63 წლებია, როცა მესამე სართული დაშენდა.

ერთი წლის წინ, დაწესებულების მენეჯმენტი "მეიდან ჯგუფმა“ გადაიბარა და თბკ-ს აღორძინების მეოთხე ეტაპი დაიწყო. კურორტს მალე დაემატება კომერციული სპა-ველნეს განყოფილება. ერთი წლის შემდეგ შენობის მესამე სართულზე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება.

დღეისათვის თბკ ქალაქის ცენტრში განთავსებული სამკურნალო-დიაგნოსტიკურ-სარეაბილიტაციო დაწესებულებაა, სადაც მკურნალობა ორი მძლავრი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორით - თბილისის თერმული გოგირდოვანი (სულფიდური) მინერალური წყლითა და ახტალის ფსევდოვულკანური სამკურნალო ტალახით ტარდება.

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში ამჟამად შემდეგი განყოფილებები ფუნქციონირებს:

  • ამბულატორიული სადიაგნოსტიკო განყოფილება;
  • ბალნეოთერაპიული განყოფილება;
  • ფიზიოთერაპიული განყოფილება;
  • ბავშვთა ახლად გახსნილი სპა ველნეს განყოფილება.

მრავალწლიანი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ თბკ-ს სამკურალო ფაქტორების გამოყენება შესაძლებელია საყრდენ მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, შარდ-სასქესო, ნერვული, ენდოკრინული, სუნთქვის სისტემების, კანისა და ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი განსაზღვრული დაავადებების სამკურნალოდ.

ავტორი: დარინა ქამადაძე

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ