ავტორი:

რა ხდება თურქეთში არჩევნებამდე ერთი დღით ადრე და ვინ არის კაცი, ვინც ერდოღანს წინასაარჩევნოდ "სიმშვიდეს ურღვევს"

რა ხდება თურქეთში არჩევნებამდე ერთი დღით ადრე და ვინ არის კაცი, ვინც ერდოღანს წინასაარჩევნოდ "სიმშვიდეს ურღვევს"

ხვალ, თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. წინასაარჩევნო კვლევებში, როგორც მოსალოდნელი იყო, ერდოღანის "სამართლიანობის და განვითარების" პარტია ლიდერობს. თუმცა, ოპოზიცია რეალობას არ ეგუება და ერდოღანის დამარცხებას გაერთიანებული ძალებით ცდილობს.

ადგილობრივი ექსპერტების თქმით, კვლევები აჩვენებს, რომ ოპოზიციას პარლამენტში უმრავლესობის მოპოვების შესაძლებობა აქვს და გარდა ამისა, არ არის გამორიცხული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც ჩატარდეს.

საქმე ის არის, რომ 24 ივნისს დაგეგმილი არჩევნები, პრეზიდენტს უფრო მეტ ძალაუფლებას მისცემს. მოქმედი პრეზიდენტი თურქეთს 2003 წლიდან მართავს და თუკი იქ მიმდინარე პროცესებს გადავხედავთ, მისი პოზიცია კარგად ჩანს - ერდოღანი პოზიციების დათმობას კიდევ რამდენმე წელი არ აპირებს; 2014 წლამდე მას პრემიერ-მინისტრის, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ეკავა. გასულ წელს ერდოღანმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა რეფერენდუმში, რომელიც კონსტიტუციის შეცვლას და თურქეთს საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო სახელმწიფოდ გადაქცევას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, რეფერენდუმის შედეგად, პრეზიდენტმა მეტი ძალაუფლება მიიღო.

მისივვე გადაწყვეტილებით, არჩევნები დაგეგმილზე წლინახევრით ადრე იმართება, რის მიზეზადაც, ორი არგუმენტი დასახელდა - ერთის მხრივ, ის ცდილობდა ოპოზიციa არ მოძლიერებულიყო და მეორეს მხრივ, ერდოღანი აცხადებდა, რომ არჩევნები იქამდე უნდა ჩატარებულიყო, ვიდრე ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა.

ახლა თურქეთში ყველამ იცის, რომ ქვეყანას დიქტატორი მართავს, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი.... ამაზე მიანიშნებს არც ისე შორეულ წარსულში, ფეთულა გიულენთან კავშირში და სახელმწიფო გადატრიალებაში ეჭვმიტანილი ათასობით სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი ადამიანი - პოლიტიკოსები, სამხედრო და ძალოვანი პირები, ლექტორები, ჟურნალისტები და უბრალოდ სამოქალაქო აქტივისტები... ასობით მათგანს, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილიებისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანის მიმართ ადგილობრივ მოსახლეობაში უკმაყოფილება დიდი ხანია არსებობს, მაინც დიდ იმედებს არ ამყარებენ, რომ ოპოზიცია არსებული რეალობის შეცვლას შეძლებს. ამას ემატება ის, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნოდ უსამართლო გარემოა. მედიის 90% ერდოღანის ან მისი მხარდამჭერების ხელშია და შესაბამისად, ოპოზციას ტრიბუნა პრაქტიკულად არ აქვს...

მაინც როგორია სურათი მეზობელ სახელმწიფოში არჩევნებამდე ერთი დღით ადრე - პოლიტიკური პარტიები რესპუბლიკური პარტიის და მისი ლიდერის მუჰარემ ინჯეს გარშემო ერთიანდებიან. ინჯე იმით არის არის გამორჩეული, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ერდოღანის რეიტინგის ვარდნის კვალდაკვალ, აქტიურად იკრებდა პოპულარობას... ბოლო ერთi თვის განმავლობაში, მისი პარტიის რეიტინგი 10%-ით გაიზარდა. ინჯე ქარიზმატული ფიგურაა, რელიგიური ოჯახი ჰყავს, თუმცა სეკულარიზმის უპირატესობას აღიარებს. სწორედ ეს პერსონა უფრთხობს სიმშვიდეს ერდოღანს.

"ინჯეს ოჯახში ქალები თავსაბურავს ატარებენ, მისი მშობლები პატარა სოფელში ცხოვრობენ და ძალიან მორწმუნეები არიან. ასე რომ, ერდოღანი მის დასაკნინებლად ვერც იმას ამბობს, რომ მისი მთავარი მოწინააღმდეგე რელიგიური არ არის," - წერენ თურქი ექსპერტები.

რაც შეეხება წინასაარჩევნო გამოკვლევებს, ბევრი რამის გათვალისწინებით, ერდოღანი ლიდერობს, თუმცა მისი რეიტინგი 50%-ს არ სცდება. სწორედ ამის იმედი აქვს ოპოზიციას, უფრო სწორად, იმედს იტოვებს, რომ არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

რაც შეეხება, ინჯეს და "რესპუბლიკურ პარტიას", მათი წარმატება ნაწილობრივ პრო-ქურთულ პარტიაზეა დამოკიდებული. რესპუბლიკური პარტიისთვის საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებისთვის პრო-ქურთული "სახალხო დემოკრატიის პარტიის", HDP-ის ლიდერის სელაჰატინ დემირტაშის მხარდაჭერა გადამწყვეტია. იგი არჩევნებში ციხიდან მონაწილეობს. მის პარტიას 10% აქვს, შესაბამისად, მას პარლამენტში მოხვედრის შანსიც აქვს.

ცნობისთვის, საპარლამენტო ბარიერი თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია - 10% უნდა გადალახო, რომ პარლამენტში მოხვდე.

კვლევითი ორგანიზაცია "სონარის" ვარაუდით, ერდოღანი აიღებს 48,3 %-ს, ინჯე - 31%... რაც შეეხება, პარტიებს, მმართველი პარტია - 49,3%, "სახალხო-დემოკრატიული პარტია" - 42%.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე