აზარტული თამაშები, აკრძალული ნივთების ფლობა, თანხის შეგროვება და ალკოჰოლის მოხმარება - რა დარღვევებია 14 წლამდე მოსწავლეებში

აზარტული თამაშები, აკრძალული ნივთების ფლობა, თანხის შეგროვება და ალკოჰოლის მოხმარება - რა დარღვევებია 14 წლამდე მოსწავლეებში

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 14 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებში რამდენიმე სახის დარღვევა იკვეთება, მათ შორის - აზარტული თამაშები, აკრძალული ნივთების ფლობა, ალკოჰოლის მოხმარების მცდელობა, თამბაქოს მოხმარება და თანხის შეგროვება.

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა პარლამენტში, განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ბულინგთან ბრძოლის მიმართულებით სამინისტროს სტრატეგია წარადგინა.

“ცალკე გამოვყავით დარღვევები, რომლებიც 14 წლამდე მოზარდებში გამოიკვეთა და ესენია - აზარტული თამაშები და ეს ეხება როგორც კომპიუტერულ თამაშებს, ასევე ბანქოს, ასევე გამოიკვეთა აკრძალული ნივთების ფლობა, ალკოჰოლის მოხმარების მცდელობები და თამბაქოს მოხმარება, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა თანხის შეგროვების, იყო ასევე მოსწავლეთა შორის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სავარაუდო ნარკოტიკული საშუალების მოხმარების 1 და 2 შემთხვევა, თუმცა ამ ფაქტების შემდეგ მშობლებმა სკოლებში მოიტანეს ცნობები, რომ აბები, რომელსაც ბავშვები ფლობდნენ, ექიმის მიერ იყო დანიშნული. მოცემული გვაქვს ასევე ინვენტარის დაზიანების შემთხვევები. ყველა შემთხვევა, რომელზეც მე ვსაუბრობ, სკოლის პერიმეტრის შიგნით, ან სკოლის ეზოში არის დაფიქსირებული“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

2017-2018 სასწავლო წელს სკოლებში დისციპლინური გადაცდომის, აკრძალური ნივთების აღმოჩენის, ფიზიკური დაპირისპირების და კონფლიქტის, ასევე ვანდალიზმის სულ 96 084 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული მონაცემები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა პარლამენტში, შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

ლია გიგაურის ინფორმაციით, აღნიშნული დარვევები მანდატურის სამსახურის მიერ არის იდენტიფიცირებული და მონაცემები სამინისტროს ყოველდღიურად მიეწოდება.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, გამოვლენილი დარღვევებიდან ყველაზე მეტი შემთხვევა დისციპლინურ გადაცდომას უკავშირდება. ამავე პერიოდში მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის 2 538 ფაქტი, ფსიქოლოგთან რეფერირება-ბულინგის 1081 შემთხვევა და ასევე დაფიქსირდა 297 ფაქტი, როცა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩარევა გახდა საჭირო.

“დისციპლინურ დარღვევებში იგულისხმება ძირითადად დაგვიანება, ან გაპარვა სკოლიდან. რაც შეეხება სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რომელიც ცალკე კლასიფიცირდება, ამის შესახებ ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას, ხოლო რაც შეეხება ფსიქოლოგთან რეფერირებას, ესენი არის ბულინგის შემთხვევები, რომლებსაც მართვა სჭირდება. ფსიქოლოგთან რეფერირების მაჩვენებლები 2017-2018 სასწავლო წელს ცოტა ნაკლებია, ვიდრე წინა წელს, ვინაიდან სკოლებიდან, სადაც ფსიქოლოგი დაემატა, ცენტრში რეფერირების საჭიროება აღარ გახდა საჭირო, ამიტომ ეს მონაცემი არ აღირიცხებოდა“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

რაც შეეხება აკრძალული ნივთების შეტანას სკოლაში, მინისტრის მოადგილის თქმით, მაღალი რისკის მქონე ნივთების შეტანა არ ხდება დიდი რაოდენობით, თუმცა „ასეთი ნივთების შეტანა პირდაპირ ბმაში არის მედიაში გახმაურებულ ინფორმაციასთან, რომ მოსწავლეებმა დაჭრეს, ან იჩხუბეს“.

“როცა ფსიქოლოგებმა ჩაატარეს კვლევა, გამოიკვეთა გარკვეული შიშები, ანუ როცა ინფორმაცია ვრცელდება, რომ ვიღაცამ ვიღაცა დაჭრა, ის მოსწავლეები, ვისაც გარკვეული შიშის ფაქტორი აქვს, მეორე დღეს მიდის რაიმე ნივთით შეიარაღებული“, - აღნიშნა გიგაურმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ