ავტორი:

როგორ უნდა მოუაროთ მაცივარს, რომ სიცხეში არ გადაიწვას - ხელოსნის რჩევები სახლის და მაღაზიის მაცივრებზე

როგორ უნდა მოუაროთ მაცივარს, რომ სიცხეში არ გადაიწვას - ხელოსნის რჩევები სახლის და მაღაზიის მაცივრებზე

ზაფხულში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად მატულობს, ხშირად ტექნიკას პრობლემა ექმნება. მაგალითად, მაცივრის ხელოსნები ამბობენ, რომ ამ პერიოდში უამრავი კლიენტი აკითხავთ - მაცივარი მწყობრიდან გამოდის როგორც სახლში, ოთახის პირობებში, ასევე მაღაზიებში, განსაკუთრებით, სანაყინე მაცივრები, რომლებიც ქუჩაშია გამოტანილი.

მაცივრის ხელოსანი პავლე გველესიანი AMBEBI.GE-ს მკითხველს მაცივრის მოვლასთან დაკავშირებით საჭირო რჩევებს უზაირებს:

- სიცხეში ოთახის ტემპერატურა +32 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. როდესაც +32 გრადუსს მიუახლოვდება, ასეთ დროს, აუცილებელი რეკომენდაციაა, მაცივარი გამოირთოს, რადგანაც ოთახის პირობებში ხშირად ფუჭდება. ძრავა როგორც კი ხურდება, მწყობრიდან გამოდის. მაცივარს ოთახის ტემპერატურა თავისთავად ახურებს, რასაც ძრავის გაცხელება ემატება. გაგრილებას ვერ ასწრებს და ყველაფერი ფუჭდება.

დეტალები სიმხურვალისგან ფართოვდება, ცვეთა მატულობს, ფრეონის წნევა იზრდება და ძრავა დიდი დატვირთვით მუშაობას. მაღალი ტემპერატურა ფრეონის წნევაზე აისახება, რაზეც ჩვენი მაცივრის ძრავები არ არის გათვლილი. თუმცა, არსებობს მაცივრები, ძლიერი ძრავებით, რომლებიც სამხრეთ ქვეყნებისთვისაა გათვლილი და შეიძლება +37 გრადუსზეც გაძლონ. ისინი უფრო ძვირია და მეტი წარმადობისაა.

ჩვენი მაცივრები ჩრდილოეთის ქვეყნებისთვისაა. აქ ძვირი საქონელი არ შემოაქვთ, ამას ყურადღებას არავინ აქცევს, რადგან ეს სტანდარტები საქართველოში არ მუშაობს. არადა, ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ზაფხულობით სერიოზული სიცხეებია, რაც გლობალურ დათბობას უკავშირდება და მგონი, საქართველო ნელ-ნელა უდაბნოს ჰავის ქვეყანა ხდება...

- კონდიციონერით გაგრილებულ ოთახში არსებული მაცივარი საფრთხისგან დაცულია?

- იქ, სადაც ოთახის გაგრილებას კონდიციონერით ახერხებენ, მაცივარი არ ფუჭდება, ამ სიცხეში ეგ თუ უშველის და დაეხმარება იმაში, რომ ჰაერის ტემპერატურა დაბლა დასწიოს.

- ე.წ. "ვინტილატორი" ტემპერატურას ვერ დაარეგულირებს?

- შველის, მაგრამ ის მაინც იმავე ოთახის ტემპერატურას უბერავს, მაგრამ "ვინტილატორი" გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს - ოთახი გრილდება. სულ არაფერს ჯობია, მაგრამ უკეთესია, კონდიციონერი ჩაირთოს. ამაზე ელექტოროენერგიის დაზოგვა არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ ზარალში აღმოჩნდებიან.

- ხშირად ნაყინის მაცივრები მაღაზიებს გარეთ აქვთ გამოტანილი. ვისაც იმის საშუალება არ აქვს, მაცივარი მაღაზიაში შეიტანოს, უადგილობის გამო იძულებულია, გარეთ დატოვოს. 41 გრადუს სიცხეში როგორ უნდა მოიქცეს?

- ასეთი მაცივრებისთვის +41 გრადუსი უფრო სასურველი ტემპერატურაა, ვიდრე სახლში +32 გრადუსი, რადგანაც გარეთ ნიავი მაინც ხვდება და ცოტათი აგრილებს. ფაქტია, რომ ისინი მზის გულზე არ უნდა იდგეს, მზის სხივები არ უნდა ხვდებოდეს.

ისეთი მოწყობილობა, როგორიც კონდენსატორია, საიდანაც ფრეონის კონდენსაცია ხდება, რომ არ დაზიანდეს, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ. ამიტომ, გაგრილება აუცილებელია. საერთოდ, ფრეონი თავიდან 85 გრადუსზე მაღლა უნდა გაცხელდეს, მერე აუცილებლად 53 გრადუსამდე გაგრილდეს, რომ ისევ თხევადად გარდაიქმნას. თუ ამას გარე ტემპერატურის გამო ვერ ახერხებს, გამოდის, შიგნით ცხელი ჰაერის ნაკადი შედის, რის გამოც ფრეონი "დარბის", ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაცივარი კი არ აცივებს, პირიქით, თავის თავს აცხელებს. აქედან გამომდინარე, აგრეგატი უნდა გაითიშოს.

არის კიდევ ერთი მომენტი - ხალხს ჰგონია, გაუსაძლისი სიცხის დროს, მაცივრის სპეციალური ნიშნულები მაქსიმალურზე უნდა ასწიონ, მაგალითად, 5-6-7-ზე. მეტი რიცხვები არ აქვს, თორემ უფრო მეტზეც ასწევდნენ. ეს რიცხვები მაცივარს სიჩქარეს არ მატებს. პირიქით, ასეთ დროს დაბალ რიცხვებზე უნდა დავაყენოთ, რომ ძრავამ მინიმალურ ზღვარს მაინც მიაღწიოს.

მოკლედ, ციფრები ტემპერატურას არ ნიშნავს, ის მისი პოზიციაა. პირველი პოზიცია, უფრო ცივს ნიშნავს, ვიდრე მაღალი ნიშნულები. მთავარია, ერთ საათში ძრავამ ერთხელ მაინც მოახერხოს გათიშვა, რომ გაგრილდეს. შიდა დეტალები არ უნდა გადახურდეს. თუ არადა, ასეთ დროს ბევრი ცუდი რამ ხდება. თერმოსტატიც არ გაითიშება და ძრავა გაჩერდება.

- რა რეკომენდაცია შეგიძლიათ იმ მაცივრებისთვის გასცეთ, ვისაც ქუჩაში უდგათ ისინი. როგორ უნდა მოიქცნენ?

- თუ საშუალება არ აქვთ, მაღაზიაში შეიტანონ, გარეთ ჩრდილი მოუწყონ, სპეციალური ქოლგების ქვეშ მოაქციონ. ისე, მაღაზიებში როცა მჭიდროდ დგას მაცივრები, თავისი სიმხურვალით ერთი მეორეს უფრო ახშობს. ქუჩაში ასე მჭიდროდ რომ დააწყონ, ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან - როდესაც კონდენსატორი ცხელდება, ტემპერატურა მაღლა ადის და ეს შველის, შენობაში სიცხე ზევით ვერ "გარბის", ის არსებულ სივრცეს ავსებს და მაცივარი იხრჩობა.