ეროვნული ბიბლიოთეკა მხატვარ ეკა ტყემალაძე-ვაინშტაინის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს

ეროვნული ბიბლიოთეკა მხატვარ ეკა ტყემალაძე-ვაინშტაინის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს

7 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მხატვარ ეკა ტყემალაძის ნახატების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.

ეკა ტყემალაძე, რომლის დაბადების სახელია ლუდმილა ვაინშტაინი, 1983 წელს უკრაინაში, ქალაქ ოდესაში დაიბადა. 1990 წელს ის ქართველმა ქალმა იშვილა და საქართველოში ჩამოიყვანა ეკა ტყემალაძის სახელით. მაშინ ის 4 წლის იყო. ეკა ასე იხსენებს ამ ისტოტიას:

"ბავშვთა სახლში ვიყავი, ალბათ, ერთი წელი. ვერ ვიტყვი, რომ ბევრი მნახველი მყავდა, მაგრამ ორი ქალი მოვიდა ჩემს სანახავად… სულ რაღაც, ალბათ, 10 წუთი დამათვალიერეს და წავიდნენ. რაღაც პერიოდის შემდეგ, ისევ ის ორნი მოვიდნენ ჩემს წასაყვანად. მერე, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი ამ ქალებიდან იყო დედაჩემი (გამზრდელი), მეორე კი დედაჩემის მეგობარი, რომელმაც მერე მომნათლა. მე ბავშვთა სახლიდან საქართველოში წამოსვლა არ მინდოდა, რადგან იქ უკვე მყავდნენ მეგობრები და ამიტომ, გაბრაზებული ვიყავი. რამდენიმე დღეში სუფრა გაკეთდა ჩვენთან სახლში (თბილისში), ალბათ, იმის აღსანიშნავად, რომ დედაჩემმა შვილი აიყვანა. დედა მაშინ 50 წლის იყო...

მახსოვს ნათესავები შემომესივნენ, მე მაშინ რუსულად ვსაუბრობდი და არ მესმოდა, მაგრამ მათი სახის გამომეტყველებით ვხვდებოდი, რომ მოვეწონე და ცდილობდნენ დამტვრეული რუსულით ჩემთან კონტაქტში შემოსვლას. კუთხეში ვიყავი მიმწყვდეული და ყველა ზემოდან დამძახოდა რაღაცას. გაბრაზებული ვიყავი ყველაზე, რადგან ჩემს პირად სივრცეში შემოიჭრნენ უხეშად, რაც დღემდე არ მიყვარს, მაღაზიაში გასაყიდი თოჯინა მეგონა თავი და ყველას ცუდი სიტყვებით ვპასუხობდი. დედაჩემმა ყველა გააფრთხილა, რომ არავითარ შემთხვევაში რუსულად არ უნდა ესაუბრათ ჩემთან და ნუ, რამდენიმე თვეში დავიწყე ქართულად ლაპარაკი" - იხსენებს ბავშვობას მხატვარი.

2012-2015 წლებში ცხოვრობდა ისრაელში, თელ-ავივში. 2016 წლიდან ცხოვრობდა გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგში. ეკა თბილისში 2018 წელს დაბრუნდა. ეკა ტყემალაძის ისტორია პირველად 2016 წელს გამოქვეყნდა პლატფორმაზე "ქალები საქართველოდან", რასაც მკითხველის მხრიდან დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა მოჰყვა. ასევე გაიზარდა ეკას პერსონალურ გამოფენაზე დასწრების ინტერესი და ამის საშუალება მსურველებს ახლა მიეცემათ.

ეკა ტყემალაძის შემოქმედებაში დიდი ადგილი პოპ-არტის სტილში შესრულებულ სიუჟეტებს უკავია. მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე გამოფენაში საქართველოში, ისრაელში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მხატვრის ნამუშევრები შექმნილია 2015-2018 წლებში, გერმანიასა და ისრაელში ცხოვრების დროს. გამოფენაზე ნამუშევრების შეძენაც იქნება შესაძლებელი.

მისი ნამუშევრები გამოგზაურებთ ასანთის კოლოფების სამყაროში. ასევე, შეძლებთ ნახოთ რა კავშირია არტსა და სანაგვე ყუთს შორის, როგორ და რატომ გარბიან ჭიამაიები ბროწეულებიდან და ჭიანჭველები ადამიანებისგან. თითოეული ნამუშევარი უნიკალურია თემატურად და ფერთა შეხამებით და შესრულებულია აკრილით ტილოზე. გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს ღვინის მეწარმე ქრისტინე მაღლაკელიძე გაუმასპინძლდება საკუთარი ღვინით - "ცისფერყანწელები".

7 ივლისს, 19:00 საათზე ეკა ტყემალაძის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიხსნება, რომელიც გასტანს 9 ივლისის ჩათვლით. დასწრება თავისუფალია, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ეკა ტყემალაძის ვებ-საიტს: ekatkemaladze.com

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება