ამ ეტაპზე მთავარი პროკურორობისთვის 18 კანდიდატი იბრძვის - როგორ აფასებს მათ გია ხუხაშვილი

ამ ეტაპზე მთავარი პროკურორობისთვის 18 კანდიდატი იბრძვის - როგორ აფასებს მათ გია ხუხაშვილი

ვინც არ უნდა იყოს არჩეული მთავარ პროკურორად, განცდა იმისა, რომ ის ემსახურება არა კონკრეტულ ხელისუფლებას, არამედ მართლმსაჯულებას, ვერ დამკვიდრდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა მთავარი პროკურორის შერჩევის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ თავად ხელისუფლების ინტერესებში იყო, რომ არჩევნები რეფორმის შემდეგ ჩაეტარებინა, რომ მთავარ პროკურორს საზოგადოების მეტი ნდობა ექნებოდა.

“პროცედურული საკითხები ძალიან დაბალი ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში და მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების ინტერესებში იყო, თვითონ პროცედურის რეფორმა გაეტარებინა, სანამ ამ არჩევნებს ჩაატარებდა. როგორც არ უნდა დასრულდეს და რამდენად ობიექტურადაც არ უნდა წარიმართოს ეს პროცესი, გამომდინარე იქიდან, რომ საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა ძალიან დაბალი ნდობით სარგებლობს, ეს აკნინებს ამ ყველაფერს. ვინც არ უნდა იყოს არჩეული მთავარ პროკურორად, განცდა იმისა, რომ ის ემსახურება არა კონკრეტულ ხელისუფლებას, არამედ მართლმსაჯულებას, ვერ დამკვიდრდება. მოქმედებაში შეიძლება დროთა განმავლობაში გასწორდეს, მაგრამ როცა ფუნდამენტი არ იწვევს ნდობას, მასზე აშენებულ შენობას ვერასოდეს ენდობი. ხელისუფლებისთვის უკეთესი იყო, რომ ჩაეტარებინა მაქსიმალურად გამჭვირვალე არჩევნები და ამ შემთხვევაში კითხვები იქნებოდა ნაკლები“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება კანდიდატებს, როგორც ხუხაშვილი ამბობს, ბევრ მათგანზე არაფერი იცის, თუმცა ისურვებდა, რომ წარდგენილ კანდიდატებს შორის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მოქმედი მინისტრი, კახა კახიშვილი მოხვედრილიყო.

“ვიცნობ შალვა შავგულიძეს და დიდ პატივს ვცემ მას. ვფიქრობ, მის კანდიდატურას აკნინებს ის, რომ ის არის ადვოკატი, ხოლო გაპროკურორებული ადვოკატი სქესის შეცვლის ტოლფასია ჩემთვის. როგორც წესი, ადამიანები მეორე მხარეს გადასვლას ვერ ახერხებენ, ამის მაგალითია არჩილ კბილაშვილი. ეს ერთი მიზეზია და მეორე არის ის, რომ პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც ის წარმოადგინა, თავად არის დისკრედიტირებული და მართლმსაჯულების სისტემის დეგრადაციაზეა პასუხისმგებელი. მე მის ადგილზე უარს ვიტყოდი, რომ ამ ჯგუფს წარვედგინე. ბოკერიას წარდგენილი პროკურორი ჩემში პოზიტიურ ემოციებს არ იწვევს. რაც შეეხება შალვა თადუმაძეს, მასზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, საკმაოდ კვალიფიციური ადამიანია, თუმცა მასაც არ აქვს საპროკურორო გამოცდილება და ეს მისი მინუსია. ამასთან, ის ძალიან ხისტად ასოცირდება ხელისუფლებასთან. სხვების შესახებ არაფერი ვიცი. საერთოდ, ვისურვებდი, რომ კახი კახიშვილი ყოფილიყო წარდგენილი, რადგან ამ თანამდებობაზე უნდა იყოს ერთი მხრივ, ხელისუფლებისთვის მისაღები კანდიდატურა და მეორე მხრივ, საზოგადოების ნდობა უნდა ჰქონდეს. ზუსტად ასეთი ადამიანი არის კახა კახიშვილი, თუმცა მე ვიმედოვნებ, რომ კახიშვილი თუ პროკურორად არა, იუსტიციის მინისტრად მაინც მოგვევლინება. ხელისუფლების ინტერესშია, რომ ასეთი ადამიანები არ დაკარგონ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ამ ეტაპზე მთავარი პროკურორობისთვის ბრძოლას 18 კანდიდატი აგრძელებს. როგორც საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დასახელებულ კანდიდატებს შორის კვლავ რჩებიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი და ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე.

ამასთან, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად რიგითობით მთავარი პროკურორობის შემდეგი კანდიდატებია წარდგენილი: პაატა შავაძე; ზურაბ ჯორბენაძე; გია ბერძენიძე; ნანა რევაზიშვილი; თამარ კერესელიძე; გრიგოლ გაგნიძე; იოსებ ბაჩიაშვილი; ჯემალ გახოკიძე; შალვა თადუმაძე; ედიშერ ფუტკარაძე; ნინო გოგნიაშვილი; ირაკლი ნადარეიშვილი; შალვა შავგულიძე; ნონა ფილაური; ალექსანდრე კობაიძე; კოტე ჭილაია; ლევან ძნელაძე; თეიმურაზ ონიანი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები