"გამოუცდელია და არ იცის, რომ ჩამომხრჩვალთან თოკს არ ახსენებენ" - რომან გოცირიძე ჭუბერის სტიქიის მიზეზებზე პრემიერის განცხადებას აფასებს

"გამოუცდელია და არ იცის, რომ ჩამომხრჩვალთან თოკს არ ახსენებენ" - რომან გოცირიძე ჭუბერის სტიქიის მიზეზებზე პრემიერის განცხადებას აფასებს

თუ ვინმე ტყეს ჭრიდა ამ ექვსი წლის განმავლობაში, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ ჭუბერში მომხდარ მოვლენებს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტყის უსისტემო ჭრამ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას რომან გოცირიძემ განმარტა, მამუკა ბახტაძის განცხადება მისი გამოუცდელობიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, მიმართულია ბიძინა ივანიშვილის, ხოლო მეორე მხრივ, „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ.

„თუ ვინმე ტყეს ჭრიდა ამ ექვსი წლის განმავლობაში, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც შაორის ტყე ფაქტობრივად, გაანადგურა. ბუნებრივია, მამუკა ბახტაძე ვერ გაბედავდა ივანიშვილის ბოსტანში კენჭების გადაყრას, მაგრამ არის გამოუცდელი და არ იცის, რომ ჩამომხრჩვალთან თოკს არ ახსენებენ. ბახტაძემ დღეს ძალიან დიდი თოკი ახსენა, რომელიც მთელი შაორის ტყის ისტორიებს ხელახლა ამოატივტივებს და როგორც ვიცით, ეს ჭრა დღემდე გრძელდება.

რაც შეეხება სვანეთს, თუ ამ ექვსი წლის განმავლობაში ვინმე რაიმეს ჭრიდა, რა თქმა უნდა, რიცხვებით და ფაქტებით უნდა დაადასტუროს, ასევე სპეციალისტების განმარტებებით, რომ ასეთი რამ ხდებოდა.

ჩვენ ირიბად ვიცით, რომ 400 ჰექტარზე ტყე უნდა მოიჭრას „ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის, ეს არის მილიარდიანი ინვესტიცია და ეს პროექტი ჰაერშია ჩამოკიდებული. ამ განცხადებამ შესაძლოა, ამ პროექტის დასამარება გამოიწვიოს ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდება ამას,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძის შეფასებით, მოქმედი პრემიერ-მინისტრის განცხადებები მიმართულია მისი წინამორბედის, გიორგი კვირიკაშვილის სახელის „გაშავებისკენ“ , რაც ბიძინა ივანიშვილის დავალებაა.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, ჭუბერში შექმნილ ვითარებას ხელი ტყის უსისტემო ჭრამაც მნიშვნელოვნად შეუწყო. სტიქიის მიზეზებზე პრემიერმა ჟურნალისტებთან ჭუბერში ისაუბრა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები