ავტორი:

რა განათლება აქვს და რა ქონებას ფლობს 29 წლის თორნიკე რიჟვაძე, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდება

რა განათლება აქვს და რა ქონებას ფლობს 29 წლის თორნიკე რიჟვაძე, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდება

აჭარის მთავრობას უახლოეს მომავალში ახალი თავმჯდომარე ეყოლება. პარტია "ქართულმა ოცნებამ" ზურაბ პატარაძის შემცვლელად 29 წლის თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წამოაყენა ისე, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულების საშუალება არ მისცა. მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატის წარდგენას ნატო-ს სამიტის შემდეგ გეგმავდა.

მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი არ შეეცდება რეგიონში კრიზისის შექმნას და „ქართული ოცნების“ კანდიდატს მხარს დაუჭერს.

"მასთან აქტიური შეხების შესაძლებლობა არ მქონია, თუმცა ბატონ თორნიკეს როგორც კარგ მენეჯერს ახასიათებენ. თორნიკე რიჟვაძეს კარგი განათლება აქვს, მას ბიზნეს ადმინისტრირება აქვს დამთავრებული და მისი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ძალიან აქტიური ახალგაზრდა ხელმძღვანელი ეყოლება აჭარას" - განაცხადა ინფასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

რიჟვაძე დეპუტატებმა აჭარის მთავრობის პოსტზე ოფიციალურად გუშინ წარადგინეს. მისი თქმით, შემოთავაზება მმართველი გუნდიდან მიიღო. მომავალმა ხელმძღვანელმა მთავრობაში საკადრო ცვლილებებიც დაანონსა.

"ჩვენ დეტალურად და ყურადღებით გავივლით ყველა იმ საკვანძო ფიგურას, რომელიც მინისტრთა კაბინეტში უნდა იყოს და შევჯერდებით, რა თქმა უნდა, უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად, იმ შემადგენლობაზე, რომელიც თავს გაართმევს ადეკვატურად იმ გამოწვევებს, რომლებიც რეგიონშია. პერსონალიებზე ვისაუბრებთ ოფიციალური წარდგენის შემდეგ" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ და დასძინა, რომ რეგიონში ცალკეული მიმართულებებით ცვლილებებია საჭირო.

"მინდა, გამოვხატო სრული მზაობა იმ კონკრეტული პასუხისმგებლობისთვის, რასაც ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა. ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს გარკვეულ პროცედურებს, რასაც ჰქვია პრეზიდენტის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა. ამ წარდგენის შემთხვევაში, მე მზად ვარ, წარვადგინო მთავრობის განახლებული შემადგენლობა, ასევე, ის სამთავრობო პროგრამა, რომლითაც ვიმოქმედებთ აჭარის რეგიონში. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ხარისხობრივი და თვისობრივი ცვლილებები და სწორედ ახალი სამთავრობო პროგრამა ამ პრიორიტეტებს გაუსვამს ხაზს“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა.

29 წლის თორნიკე რიჟვაძე დღემდე საქართველოს ენერგეტიკის ფონდის ხელმძღვანელი იყო. ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებამდე კი მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

2013 -2017 წლებში რიჟვაძე "აჭარისწყალი ჯორჯიას" მრჩეველი, შემდეგ კი კომპანიის დირექტორი იყო. ეს კომპანია მდინარე აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურებს აშენებს.

2014-2016 წლებში თორნიკე რიჟვაძე იყო აჭარის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მრჩეველი საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში; 2011-2012 წლებში მუშაობდა „ოუფენ რევოლუშენ ჯორჯიას“ აჭარის რეგიონალურ მენეჯერად, 2010-2011 წლებში კი იყო ბიზნეს კონსულტანტი, დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინატორი გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში.

თორნიკე რიჟვაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, ის სამართლის ბაკალავრია. მოგვიანებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გახდა ბიზნესის მაგისტრი MBA/საერთაშორისო ბიზნესის სპეციალიზაციით. ამასთან, სწავლობდა უცხოეთში. კერძოდ: 2012-2013 წლებში სიტის უნივერსიტეტში, ლონდონში, სადაც სამართლის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა საერთაშორისო ბიზნეს სამართალში; 2012 წელს იყო ლი იაკოკას და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი ლიჰაის უნივესტიტეტში და დღემდე არის ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი - PHD ენერგეტიკის სამართალი.

რიჟვაძეს ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. 2017 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია ბინა თბილისში, რომლის ფართი 69 კვმ შეადგენს და ის რიჟვაძემ 2017 წელს შეიძინა 61 ათას დოლარად. ის ასევე ფლობს კომერციულ ფართს ბათუმში.

რიჟვაძე არის კომპანია Adjara Berries Limited-ის 25%-იანი წილის მფლობელი და კომპანია "ბისიჯი ჯორჯიას“ 100%-იანი წილის მფლობელი. ენერგეტიკის ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნისას, მისი სახელფასო სარგო 8 ათას ლარს შეადგენდა.

დეკლარაციის მიხედვით, თორნიკე რიჟვაძეს საქართველოს ბანკში აღებული აქვს სესხი, 95 000 დოლარის ოდენობით. რაც შეეხება ფულად თანხას, დანაზოგის სახით აქვს 15 ათასი დოლარი, 2 300 ევრო და 5 500 ლარი.

აჭარის მთავრობის მომავალი თავმჯდომარის მეუღლე ბათუმში ფლობს 59 კვ.მ ბინას, რომელიც მას ნაჩუქრობით აქვს მიღებული 2007 წელს, ასევე „ტოიოტა ქამრის“, რომელიც დეკლარაციის თანახმად, 8 500 დოლარად შეიძინა 2016 წელს.

თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უფროსია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები