"რომ კითხეს ბავშვმა რა დაგიშავაო - ტიროდა და ვესროლეო..." - რას ყვებიან სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულზე ხადას ხეობის ბინადრები

"რომ კითხეს ბავშვმა რა დაგიშავაო - ტიროდა და ვესროლეო..." - რას ყვებიან სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულზე ხადას ხეობის ბინადრები

ხადას ხეობის მცხოვრებლები ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის ვაჟის მკვლელობის შესახებ ახალ დეტალებს ყვებიან.

"იმედთან" საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ 19 წლის მწყემსი, რომელიც შემზარავ მკვლელობაშია ბრალდებული, უკვე დაკავებულია. მათივე ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ, შელაპარაკებას მოყვა.

სოფლის მაცხოვრებლების თქმით, მას შემდეგ რაც მწყემსმა სმიტების ოჯახი ჩანჩქერის ტერიტორიაზე მიიყვანა, რაიან სმიტსა და 19 წლის მწყემსს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა სავარაუდოდ, მამაკაცს ესროლა, შემდეგ ქალი მოკლა, ბოლოს კი 4 წლის ბავშვი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც მწყემსმა ცხედრები გადამალა, დარეკა ხადას ხეობაში დახმარების სათხოვნელად და განაცხადა, რომ ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვა და ახლოს ვერ მიდიოდა, რადგან ცხედრის ეშინოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებების დაწყების შემდეგ, ბრალდებული მწყემსი თავადვე მონაწილეობდა დანარჩენი გარდაცვლილების ძებნის პროცესში.

ტარიელ ზაქაიძე, ხადას ხეობის მკვიდრი: "ჩვენც გაოგნებულები ვართ, ბევრი არაფერი ვიცით. ასეთი მანიაკი თუ გვყავდა აქ, არ ვიცოდით. ბავშვები გვყავს აქ და ჩვენ არ გვჭირდება ასეთი არც მეცხვარე, არც სახლში, არც გარეთ... ჩვეულებრივი ნორმალური ბავშვია, ზრდილობიანი... იარაღი ქონია, თავისი იარაღით აქვს ნასროლი. მე მივიყვანე იქამდეო, თვითონ აღიარებს, რომ გააკეთა და რა მიზნით, არავინ იცის. თქვაო, რომ ბავშვი დამარხაო.

"უთქვამს თოფი ვესროლეო, იძულებული გამხადაო... ცოლი გადავურჩინე, კლდიდან ვარდებოდა, სურათებს რომ იღებდნენო, მივეშველე ქალს და კაცმა დამარტყაო. ვითომ თავს იმართლებს, იძულებული გამხადაო. რომ კითხეს ბავშვმა რა დაგიშავაო, ტიროდა და მა რას ვიზამდი, იმასაც ვესროლეო - აღიარა დანაშაული. ამბობს, რომ მარტოკა იყო" - ყვება ადგილობრივი ქალი "იმედთან" საუბარში.

"ჯერ კაცი ჰყავს მოკლული, ქალზე იძალადა და მერე ბავშვიც მოკლა. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მოკლულ კაცს სახეში აქვს ნასროლი, თვალებიც არ აქვს... ბავშვის ზურგჩანთაც გახვრეტილია, რომელიც მოკლულს ზურგზე ეკეთა. მერე ცხენის ძუაზე მოუბამს ეს კაცი და ისე გამოუთრევია“ - განუცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა "იმედის" ჟურნალისტს.

დუშეთის რაიონის მერის ნუგზარ სეხნიაშვილის თქმით, მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული

“ჩემი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ ანახა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვი ჰყავდა გადამალული. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო სავარაუდოდ. ჩემი ინფორმაციით, მცირეწლოვანს თოფი აქვს ნასროლი. კონფლიქტი მოზარდის მშობელსა და მწყემსს შორის ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა და სავარაუდოდ, თოფი ესროლა. ეს არის ვერსია. მწყემსი დაკავებულია“, - განაცხადა სეხნიაშვილმა.

6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, 112-ში შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყეს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო