ავტორი:

"ქართულ ოცნებაში" კვირიკაშვილის კადრების წმენდა დაიწყო?!

"ქართულ ოცნებაში" კვირიკაშვილის კადრების წმენდა დაიწყო?!

გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ, მისი გუნდის წევრები თანამდებობას ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ. ამბობენ, რომ "საკუთარი სურვილით" მიდიან, თუმცა ის, რომ „ოცნებამ“ კვირიკაშვილის კადრების „წმენდა" დაიწყო, ამას პარტიაშიც აღარ უარყოფენ. უფრო მეტიც, ამას ბუნებრივ პროცესაც კი უწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ მალევე გადადგა ორი მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი და მიხეილ ჯანელიძე. ახლა რიგში მიხეილ გიორგაძეა. რამდენიმე დღის წინ, ასევე, "საკუთარი სურვილით" თანამდებობიდან წავიდა აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე. სწორედ ამის შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ მალე კვირიკაშვილის მიერ დანიშნული გუბერნატორებიც შეიცვლებიან. კულუარული ინფორმაციით, დიდი ალბათობით "წმენდა" საპარლამენტო თანამდებობებსაც შეეხება და დღის წესრიგში დაახლოებით 7 კომიტეტის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი დადგება. საგულისხმოა ისიც, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან გიორგი კვირიკაშვილის გვარი უკვე ამოშალეს და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა მოლოდინი, რომ „ოცნებას“ კვირიკაშვილის გუნდის წევრებისგან ასუფთავებენ.

15 საპარლამენტო კომიტეტიდან შვიდ კომიტეტს სწორედ გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრები ხელმძღვანელობენ. მათ შორის: აკაკი ზოიძე - ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე; რომან კაკულია - დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე; ირაკლი კოვზანაძე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე; ზაზა გაბუნია - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე; სოფიო ქაცარავა - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ოთარ დანელია - აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია „ოცნებაში“ კვირიკაშვილის კადრების წმენდას ბუნებრივ პროცესად მიიჩნევს, თუმცა ამ ცვლილებას პარლამენტის დონეზე არ ელოდება.

"როდესაც პრემიერ-მინისტრი ტოვებს თანამდებობას, ყველა მინისტრი ავტომატურად არის გადამდგარი - ეს არის კანონი და ქუმსიშვილის და ჯანელიძის წასვლაც ამით არის განპირობებული. როდესაც პრემიერი ტოვებს თანამდებობას, ბუნებრივია ხელისუფლებაში რაღაც ძვრები ხდება ეს ჩვეულებრივი მომენტია. ახალ პრემიერ-მინისტრს უნდა მიეცეს საშუალება, რომ თავად დააკომპლექტოს მთავრობა. ქვეყანა გადავიდა მართვის სხვა მოდელზე, თანამდებობებზე პრემიერი აკომპლექტებს და ძირითად პოლიტიკას ატარებს პარლამენტი.

პრემიერ-მინისტრები იცვლებიან და გუნდი მასთან ერთად გადახალისდება. ლოგიკურია თუ, მაგალითად ამა თუ რეგიონის გუბერნატორად სხვა პიროვნებები დაინიშნება. ვის გაუშვებს და ვის დანიშნავს, პრემიერის გადასაწყვეტია. პარლამენტში არა მგონია ცვლილებები იყოს, ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა, პირიქით მე რაც ვიცი ყველა კომიტეტის თავმჯდომარემ დაუჭირა მხარი ბახტაძეს და აქედან გამომდინარე პარლამენტში ჩვეულებრივად მიდის განხილვები“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ბუკიამ.

ანალოგიურად ფიქრობს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი დავით ჭიჭინაძე.

"კვირიკაშვილის წასვლის მიზეზი იყო პარტიის წევრებთან შეუთავსებელი პოზიცია, ამიტომ მის წასვლაში რაიმე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. შეცლის თუ არა ბახტაძე გუბერნატორებს, ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენი, დეპუტატების პოზიციაა, საზოგადოების აზრი მივიტანოთ აღმასრულებელ ხელისუფლებამდე. ვისთანაც ექნება კომფორტი, ის ადამიანები უნდა ჰყავდეს გვერდში და ამაში რაღაც განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. მუდმივი არაფერია.

პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეობის შეცვლა რომ მოხდეს, არა მგონია. მაშინ მთლიანი პარლამენტი უნდა შეიცვალოს. კვირიკაშვილი იყო სიის პირველი ნომერი და ყველა ჩვენთაგანის არჩევაში დიდი წვლილი მიუძღვის. მაშინ ახალი პარლამენტი უნდა ავირჩიოთ. არ შეიძლება შეცვალო კომიტეტის თავმჯდომარე, გადააყენო იმის გამო, რომ იგი ვიღაცასთან ასოცირდება“, - გვითხრა ჭიჭინაძემ.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ის ელოდება, რომ კვირიკაშვილის კადრებს სახლში გაუშვებენ, რადგან ეს არის ქართული პოლიტიკის სამწუხარო ტრადიცია.

„გუბერნატორების დონეზე ცვლილებები ალბათ განხორციელდება პარლამენტის დონეზე კი არა მგონია. ეს პირველ რიგში ხელისუფლებისთვის იქნება არამომგებიანი. გუბერანტორები აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენენ და გასაგებია, რომ ახალმა პრემიერმა, რომელმაც საკუთარი პოლიტიკა უნდა გაატაროს, ეს ხალხი შეცვალოს და მოიყვანოს ის, ვინც მას მიაჩნია სწორად. ეს ლოგიკურიც არის. საკანონმდებლოში კი ამის წინაპირობას ვერ ვხედავ, ალოგიკურია და ძალიან ცუდი იქნება თუ ამას გააკეთებენ.

რაც შეეხება კვირიკაშვილს, ამ ეტაპზე პოლიტიკაში მისი ჩარევა ნაადრევად მიმაჩნია - მას პოლიტიკური კაპიტალი მაინც და მაინც არ აქვს. ამ ეტაპზე მისთვის არ იქნება მომგებიანი პოლიტიკაში ჩართვა. რაღაც დრო უნდა გავიდეს და თვითონაც ახალ რეალობას უნდა მოერგოს“, - გვითხრა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის აზრით, კი “კვირიკაშვილის გუნდი“ ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ის, რომ აღმასრულბელ და საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები იქნება, არ უკვირს და ამას ბუნებრივს უწოდებს.

"როდესაც პრემიერი იცვლება ბუნებრივია, გადაადგილებები იქნება. გუბერნატორების შეცვლა გასაკვირი არ არის. პრემიერს სჭირდება გუნდი, რომელიც შეესაბამება მის ხედვებს. მთავარია, რომ ეს პროცესი ქვედა დონეებზე არ წავიდეს და რყევები არ გამოიწვიოს. ამის არაერთი პრეცედენტი გვინახავს გუბერნატორის და აჭარის მთავრობის დონეზე ჩვეულებრივი ამბავია. მით უმეტეს, რომ დიდი შესაძლებლობებით არ გამოირჩეოდა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი. არც არაფერს აკეთებდა და არც აფუჭებდა, საშუალო დონის ჩინოვნიკი იყო.

პარლამენტის კომიტეტებიც უნდა გადაიხედოს, მოგეხსენებათ ათამდე მცირდება სამინიტროების რაოდენობა და ასეთ ვითარებაში 15 კომიტეტის არსებობა ცოტა გაუგებარია, სერიოზული დისბალანსია. ასე რომ, ალბათ ამ მხრივ, რეორგანიზაცია მოხდება“, - განუცხადა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები