ავტორი:

გახდება თუ არა წულუკიანი "ოცნებაში" დაპირისპირების მიზეზი?

გახდება თუ არა წულუკიანი "ოცნებაში" დაპირისპირების მიზეზი?

"ქართულ ოცნებაში", შესაძლოა, შიდა დაპირისპირების ახალი ტალღა აგორდეს. ამ შემთხვევაში კი "განხეთქილების ვაშლად", შესაძლოა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იქცეს. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი ლიდერი მთავრობის ახალ შემადგენლობაში წულუკიანის დარჩენით უკმაყოფილებას არ მალავს და მთელ პასუხისმგებლობას ბახტაძეს აკისრებენ.

იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის დარჩენით უკმაყოფილოა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე:

"პრემიერის გადასაწყვეტია, როგორ და რა კუთხით გამოიყენებს იუსტიციის მინისტრს. წულუკიანი დაპირისპირების საგანი არ გახდება, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ეს არის მთლიანად გუნდის პასუხისმგებლობა - მისი წარმატებული და წარუმატებელი ნაბიჯებიც და ეს პასუხისმგებლომა მთლიანად მთვარობამ აიღო", - განუცხადა AMBEBI.GE-ს ჭიჭინაძემ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, წულუკიანი, შესაძლოა, მომავალი შიდაპოლიტიკური პროცესის არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდეს.

"ბახტაძის ხედვები ეკონომიკასთან მიმართებაში, ბიზნესთან დამოკიდებულება ჩემთვის მთლიანობაში მისაღები იყო. ამ კუთხით აარჩია ადამიანები მინისტრთა კაბინეტში, მე ამ ხალხის შესახებ არაფერი ვიცი, ამიტომ წინასწარ ვერც ზედმეტად სკეპტიკური ვიქნები და ვერც - ზედმეტად ოპტიმისტი. თუმცა, თუ ეს ადამიანები მოყვანილი არიან მთავრობაში იმისათვის, რომ ბახტაძის ხედვები განახორციელონ, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება ჩემთვის. დანარჩენი მოქმედებაში უნდა შევაფასოთ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, საქმე ის არის, რომ ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში სწრაფად შედეგები ვერ მიიღება.

"სხვადასხვა პოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე, ასეთ დროს ხელისუფლებას სწრაფი შედეგები სჭირდება რაღაც სხვა მიმართულებით და აქ ჩნდება უკვე პრობლემა, რომელიც თეა წულუკიანის ფიგურას უკავშირდება. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თეა წულუკიანის დემონიზება მოვახდინო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ქვეყანაში ჩამოყალიბდა ძალიან დაბალი ნდობა და ეს დაბალი ნდობა უკავშირდება კონკრეტულად იუსტიციის მინისტრის ფაქტორს, ხელისუფლებას ზუსტად ამ მიმართულებით შეეძლო სწრაფი შედეგების მიღება იმისთვის, რომ ეკონომიკაში სოლიდური, კარგად გათვლილი ნაბიჯების გადადგმის კომფორტი ჰქონოდა.

მაგრამ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი არ გადადგა - არ თუ ვერ გაუშვა წულუკიანი სახლში და ეს სერიოზული რისკის შემცველია სამომავლოდ თვითონ ხელისუფლებისთვის. თუ პოლიტიკას აქვს ორი ინსტრუმენტი - პური და სანახაობა - და პურს შენ სწრაფად ვერ აძლევ ხალხს, სანახაობა შესაძლებელი იყო მართლმსაჯულების სისტემაში სწრაფი რეფორმის დაწყებით, მაგრამ ეს პრობლემა რჩება. შესაბამისად, წულუკიანი მომავალი შიდაპოლიტიკური პროცესის არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი შეიძლება გახდეს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, დაპირისპირება იქნება, თუმცა ეს სერიოზულ განხეთქილებაში არ გადაიზრდება:

"არა მგონია მინისტრად წულუკიანის დატოვებამ „ოცნებაში“ დიდი განხეთქილება გამოიწვიოს. შეიძლება ვიღაცეებს სურდათ მისი ჩანაცვლება, თავიანთი კადრიც ეყოლებოდათ, მაგრამ ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელმაც სერიოზული დაპირსპირება გამოიწვიოს ამ ეტაპზე მაინც.

რაღაც დროის შემდეგ კი შესაძლოა დაიწყოს, მაგრამ ასეთი რამ მოსალოდნელია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ახლა ძირითადად „ქართული ოცნების“ ყველა ჯგუფი ერთობაში თუ ცალ-ცალკე დაკავებული იქნება არჩევნების საკითხით. „ქართულ ოცნებაში“ არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ინტერესი და ეს ჯგუფები იბრძვიან იმისთვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო სია დააკომპლექტონ. ვინ დარჩება ხელისუფლებაში 2020 წლის არჩევნების შემდეგ, აი ამაზე მიდის პოზიციების გამყარება ან გაძლიერება. შესაბამისად გარკვეულ ჯგუფებს წულუკიანის წასვლა, ისევე როგორც წინა აჟიოტაჟი, სჭირდებათ იმისთვის, რომ საკუთარი პოზიციები გაიმყარონ.

იქნება ხმაური, მაგრამ ამას არ მოჰყვება სერიოზული დაპირისპირება. ეს „ოცნების“ ერთიანობას ვერ დაარღვევს - საპარლამენტო უმრავლესობაც დარჩებათ და საკონსტიტუციოც. თუ 76 დეპუტატი შეინარჩუნებს „ოცნებაში“ ერთიანობას, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობას დააკომპლექტებენ უპრობლემოდ, ამის შენარჩუნება კი არ გაუჭირდებათ“, - გვითხრა ძაბირაძემ.

ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის აზრით კი, წულუკიანმა თანამდებობა ბიძინა ივანიშვილის სურვილით შეინარჩუნა, ამიტომ თანაგუნდელები ყოფილი პრემიერის ავტორიტეტის გამო ამაზე უკმაყოფილებას აღარ გამოთქვამენ.

"გახდება თუ არა წულუკიანი კონფლიქტის რაიმე მიზეზი, ამის თქმა ძნელია, მაგრამ როგორც ჩანს, მისი დარჩენა ამ თანამდებობაზე იყო ბატონი ბიძინას სურვილი. ამიტომ საეჭვოა, ეს სერიოზული განხეთქილების მიზეზი გახდეს. შეეგუებიან და გაჩერდებიან, რადგან ივანიშვილს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. მათთვის იგი სერიოზული ავტორიტეტით სარგებლობს," - უთხრა AMBEBI.GE-ს ფირალიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები