არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, ჩვენება ამერიკის ფედერალური ბიუროს გამომძიებლებს მისცეს, - ამის შესახებ ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა დავით გირგვლიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენიაზე განაცხადა.
ადვოკატის სურვილია ასევე, რომ ყველა საჭირო ექსპერტიზაც ამერიკის მხარემ ჩაატაროს.
"ჩემი სურვილია და მოვითხოვ, რაც შეიძლება მალე მოხდეს ჩემი შეხვედრა ამერიკის ფედერალური ბიუროს გამომძიებლებთან. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, ჩვენება მისცეს სწორედ ამერიკის ფედერალური ბიუროს გამომძიებლებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაინტერესებული ვართ მათთან შეხვედრით, თანამშრომლობით. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა შედგება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ყველა ექსპერტიზა, რაც ამ საქმის ირგვლივ არის ჩასატარებელი და დანიშნული, ამერიკის ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარდეს ამერიკაში, მათ კვლევით ლაბორატორიებსა და საექსპერტო ბიუროებში. მე, როგორც ბრალდებულის ადვოკატი, მზად ვარ პირდაპირ დებატებში დავუჯდე საქმის პროკურორს, ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც კი სურვილი აქვს და ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას, რომელიც არ იქნება დამაზიანებელი გამოძიებისთვის", - განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, ენდობა თუ არა ქართული მხარის გამოძიებას, გირგვლიანმა განაცხადა, რომ „ქართულ გამოძიებას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებიც არ ენდობიან“.
"ქართული გამოძიების კომპეტენტურობა და მიუკერძოებლობა არის საკითხი, რაც ხორავას ქუჩის საქმემ გვაჩვენა. ქართულ გამოძიებას თავად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები რომ არ ენდობიან, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რატომ არანაირ ზომას არ იღებს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ არის ორი უცნობი პიროვნება, საიდან აღმოჩნდა ორი ადამიანი ხადას ხეობაში?", - განაცხადა ადვოკატმა.
როგორც ცნობილია, სმიტების ოჯახის სამი წევრის - ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის ბავშვის მკვლელობას, დაკავებული 19 წლის მწყემსი არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ხეობაში ორი უცნობი პირი, სავარაუდოდ, ჩრდილოკავკასიელი იყო და მკვლელობაც სწორედ მათ განახორციელეს.
თავის მხრივ, შეგახსენებთ იმასაც, რომ ქართულ მხარეს აღნიშნული საქმის გამოძიებაში დახმარებას FBI (ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო) უწევს.