"კონფლიქტური ადამიანია, "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება მიიღოს იმაზე უარესი, რაც მარგველაშვილში არ მოსწონდა" - გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

"კონფლიქტური ადამიანია, "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება მიიღოს იმაზე უარესი, რაც მარგველაშვილში არ მოსწონდა" - გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ კონფლიქტური ადამიანია. "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება მიიღოს იმაზე უარესი, რაც მარგველაშვილში არ მოსწონდა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რითაც საპარლამენტო კულუარებში არსებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი შესაძლოა არ წარადგინოს და საკუთარ ამომრჩევლებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდოს.

ამასთან, მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ბოლო წლების მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტია. როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ზურაბიშვილი ქარიზმატული ადამიანია, თუმცა ეს ქარიზმა პოზიტიური ენერგიის მატარებელი არ არის.

"სალომე ზურაბიშვილი შეიძლება ფორმალურად "ქართულ ოცნებაში" არ არის, მაგრამ ის, რომ იგი დამოუკიდებელი კანდიდატია და "ქართულ ოცნებას" არ წარმოადგენს, ეს იუმორის სფეროდან მგონია. მან ამ წლებში მთელი თავისი მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ ის არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აქტივისტი. რაც შეეხება საკუთრივ სალომე ზურაბიშვილს, მესმის, რომ რატომღაც აქცენტები კეთდებოდა, რომ გენდერული ნიშნით ყოფილიყო წარმოდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატი. აქ იყო გარკვეულ თვისებებზე ლაპარაკი, მაგალითად, შემრიგებლობა, სიმშვიდე და ა.შ. რასაც ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი არ ფლობს. ჩემი გამოცდილებით, ზურაბიშვილი საკმაოდ კონფლიქტური ადამიანია. "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება მიიღოს იმაზე უარესი, რაც მარგველაშვილში არ მოსწონდა და რისიც საკმაოდ მაღალი ალბათობაა. მისი ხასიათიდან გამომდინარე იგი არის შენელებული მოქმედების ნაღმი, რომელიც როდის იფეთქებს არავინ იცის და ეს "ქართული ოცნების" თავის ტკივილი იქნება. ის ქარიზმატული ადამიანია, თუმცა ეს ქარიზმა მაინც და მაინც პოზიტიური ენერგიის მატარებელი არ არის. თუ სალომე ზურაბიშვილი გახდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი, საკმაოდ მხიარული არჩევნები გვექნება," - განაცხადა მან.

გია ხუხაშვილის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება "ქართული ოცნების" კანდიდატი, რადგან მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პარტიის რესურსზეა დამოკიდებული და არა პირად რეიტინგზე.

"რა მნიშვნელობა აქვს ზურაბიშვილის პერსონალურ რეიტინგს. ნებისმიერი კანდიდატი "ქართული ოცნების" მხრიდან დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობის ხმებს მიიღებს, ანუ იმდენს, რამდენსაც მოახერხებს პარტიული რესურსი. "ქართულ ოცნებაში" არ მომხდარა ისეთი ლიდერების გენერირება, რომლებსაც საკუთარი პერსონალური წვლილის შეტანა შეეძლოთ არჩევნებში. აქედან გამომდინარე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება კანდიდატი,"- განაცხადა ხუხაშვილმა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მეორე მხრივ, საპარლამენტო კულუარებში არსებული ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი შესაძლოა არ წარადგინოს და საკუთარ ამომრჩევლებს სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდოს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელიც მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში განიხილება, თუმცა თავად სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ მის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

აღსანიშნავია ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ ამ ფორმით გახდა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, როცა “ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში კანდიდატი არ დააყენა და მხარდაჭერა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ ზურაბიშვილს გამოუცხადა.

ამომრჩეველი ახალ პრეზიდენტს ოქტომბერში აირჩევს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო არჩევნებია, როცა ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფოს მეთაური ეყოლება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები