ავტორი:

დაბრუნდება თუ არა გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში?

დაბრუნდება თუ არა გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში?

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მისი წინამორბედებივით საჯარო აქტივობას ასრულებს. პრემიერის პოსტის დატოვებიდან ერთთვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, საზოგადოებაში შემთხვევით ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად განუცხადა.

"რა პოლიტიკაზეა საუბარი, დღესასწაულზე ვარ მოსული. საჯარო აქტივობა დავასრულე, არაერთხელ ვთქვი" - განუცხადა ჟურნალისტებს კვირიკაშვილმა სვეტიცხოველში, სადაც წმინდა მოციქულების ხსენების დღესთან დაკავშირებულ სადღესასწაულო წირვაზე იმყოფებოდა.

მის ამ კომენტარს 12 ივლისს ნატო-ს სამიტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება უსწრებდა, რომელსაც კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს.

"გვყავდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც თითქოს ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა, არადა თითქოს მაისში გვქონია იმხელა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აქამდე საქართველოს არ ჰქონია. რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი?! შემდეგ გაქრა პოლიტსაბჭოდან და ფაქტობრივად სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება?! რა დააშავა ამ ადამიანმა?! ეს კითხვა პარტნიორებს კი არა, აქვთ ნებისმიერ ქართულ ოჯახში, სადაც შედიხართ და აღარ გეკითხებიან - გვეშველება რამე?! გეკითხებიან - კვირიკაშვილი რატომ წავიდა და მე პასუხი არ მაქვს. მე ეს კითხვა არაერთხელ დავსვი" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თანამდებობიდან პრემიერის წასვლის შემდეგ მას არ შეხვედრია საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე, რომელიც პარლამენტში კვირიკაშვილის კადრად ითვლება. ამიტომ არ იცის, სად გააგრძელებს საქმიანობას ყოფილი პრემიერი.

"კვირიკაშვილის გადასაწყვეტია სად გააგრძელებს საქმიანობას. ის იყო ძალიან კარგი პრემიერი და პარლამენტში საჯაროდაც აღვნიშნე ამის შესახებ. მისი გადასაწყვეტია, პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩება, თუ გადავა ისევ კერძო სექტორში, როგორც აქამდე იყო. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მასთან არ მისაუბრია და ამიტომ მის გეგმებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით" - უთხრა AMBEBI.GE-ს ზოიძემ.

კვირიკაშვილის პოლიტიკურ აქტიურობას არ ელოდებიან პოლიტოლოგებიც. გია ხუხაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნება კომიკური იქნება.

"კანონზომიერი იყო ეს განცხადება, როგორც უცნაურად მოვიდა, ისე უცნაურად წავიდა. ასე, რომ მისი საჯარო აქტივობა ძალიან კომიკური იქნებოდა. მას არანაირი პოლიტიკური კაპიტალი არ გააჩნია და არც შეიძლება გააჩნდეს. ის იყო გარკვეული პერიოდით შემოყვანილი და როგორც შემოიყვანეს ისე გაიყვანეს. არ ველოდები პოლიტიკაში მის დაბრუნებას, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია. ჩემი აზრით კი ეს სასაცილო იქნება" - გვითხრა ხუხაშვილმა.

პოლიტიკაში კვირიკაშვილის ტაიმ-აუტს მიესალმება ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც:

"მობრუნდება თუ არა კვირიკაშვილი პოლიტიკაში ამის თქმა ძალიან რთულია. ამ ვითარებაში გარკვეული ტაიმ-აუტი სჭირდება ყველას, რომ დაფიქრდეს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში სწორი მიმართულებით აზროვნებს, რადგან გარკვეული პერიოდი - მინიმუმ 6 თვე სჭირდება იმისთვის, რომ შეაფასოს თავისი მოღვაწეობა და რეალურად შეხედოს იმ ვითარებას, რომელშიც აღმოჩნდა. რეალურად გააცნობიეროს რა მოხდა და უფრო მშვიდად მიიღოს გადაწვეტილება.

როგორც ჩანს, კვირიკაშვილი თავიდანვე არ იყო მომხრე საჯარო პოლიტიკაში დაეწყო საქმიანობა, შემდეგ პრემიერად რომ დაინიშნა გაუჩნდა ამბიციები. ახლა სწორედ დრო აქვს, რომ ყველაფერზე კარგად დაფიქრდეს. ზოგადად კი ჯობია, დარჩეს კერძო სექტორში.

მიუხედავად, ჩემი დამოკიდებულებისა და კეთილგანწყობისა, ვფიქრობ რომ საქართველოს სხვანაირი ხელისუფლება სჭირდება და არა კვირიკაშვილისნაირი. ის ძალიან კარგი იქნება სტაბილური განვითარების ქვეყნისთვის. ჩვენთან საკმაოდ რადიკალური ნაბიჯებია გადასადგმელი და ხისტი პოლიტიკააა გასატარებელი. კვირიკაშვილი იყო ქვეყნის პირველი პირი, ამიტომ ოპოზიციაში მისი დაბრუნება შეუსაბამო იქნება მის მენტალობასთან" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ძაბირაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები