რას ყვება ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის მოწმე: "მე დანა და დაჭრა არ დამინახავს, რაზეც გინდათ დავიფიცებ"

რას ყვება ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის მოწმე: "მე დანა და დაჭრა არ დამინახავს, რაზეც გინდათ დავიფიცებ"

"მე დანა და დაჭრა არ დამინახავს, რაზეც გინდათ დავიფიცებ" - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი საგამძიებო კომისიის ფარგლებში გამოკითხვაზე მყოფმა ავტომობილის მძღოლმა ნიკოლოზ იორდანაშვილმა განაცხადა. ნიკოლოზ იორდანაშვილი საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემთხვევის დროს ხორავას ქუჩაზე იმ ეზოში იმყოფებოდა, სადაც მკვლელობა მოხდა.

მოწმე ნიკოლოზ იორდანაშვილმა კომისიის წევრებს ის დეტალები მოუყვა, თუ როგორ მივიდა ხორავას ქუჩაზე და როგორ დაინახა მოზარდები ეზოში, თუმცა ამბობს, რომ მას დანა და დაჭრილი პირები არ დაუნახავს.

„მანქანით როდესაც შევედი ეზოში ბავშვები დავინახე, რას აკეთებდნენ არ მახსოვს, მაგრამ წყნარად იყვნენ. შემდეგ ეზოში კიდევ სხვა ბავშვები შემოვიდნენ.მე ეზოში ველოდებოდი, რომ ვიღაც უნდა ჩამოსულიყო ჩემთან. ტელეფონი მეჭირა. ამის შემდეგ ჩოჩქოლი გავიგონე და უცებ ჩხუბი დაიწყო მთელ ტერიტორიაზე. რამდენიმე ადგილზე ჩხუბობდნენ. ორი ბავშვი ჩხუბობდა ჩემი მანქანის მარჯვენა წინა კართან. ჩხუბი ხდებოდა თუ არა ფარდულთან არ მახსოვს. არ გამიხედავს თუ ვინმე მეფარებოდა ვერ ვიხსენებ. ჩვეულებრივი ჩხუბი იყო. ჯოხი არ დამინახავს. მარჯვნივ და მარცხნივ ერთი ერთზე ჩხუბობდნენ. წინ უფრო მეტნი იყვნენ. წინ წაქცეული არავინ მინახავს. არ მახსოვს მოჩხუბარი ბიჭების აღწერილობა. ამ დროს ფანჯარა ჩემს მხარეს ოდნავ ჩაწეული მქონდა. მხედველობის პრობლემა მაქვს. ასტიგმატიზმი მაქვს. ემოციურად ვიყავი ცოტა. ადამიანი ვარ მაინც და გინდა, რომ რამე გააკეთო. არაფერი არ მინახავს ისეთი“, - განაცხადა ნიკოლოზ იორდანაშვილმა.

ამასთან, კომისიის სხდომაზე იორდანაშვილმა განმარტა, თუ რატომ არ გააშველა მოზარდები და აღნიშნა, რომ „მათი სიმრავლიდან გამომდინარე, ყველას ვერ გააშველებდა“.

კომისიის წევრები დაინტერესდნენ ნიკოლოზ იორდანაშვილისგან, მოახდინა თუ არა საქმის ერთ-ერთმა მოწმემ ავტომობილის ხმოვანი სიგნალის საშუალებით მაინც მოზარდების დაწყნარება. იორდანაშვილმა აღნიშნა რომ მას „სიგნალი“ გაფუჭებული აქვს. ამასთან, მან ის დეტალები მოყვა თუ როგორ დატოვა ავტომობილით ეზოს ტერიტორია.

„ადრეც, ბიჭობაშიც მქონდა ის მომენტი, რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა და კარგად მივიღე ცხვირ-პირში და იმის მერე ვცდილობ, რომ არასდროს ჩავერიო. ეს ამბავი, ალბათ 90-იან წლებში მოხდა. ერთხელ დავიყვირე მხოლოდ როგორც მახსოვს, ნუ ჩხუბობთო. თუმცა ეს ზუსტად არ მახსოვს. რაც შეეხება სიგნალს ის გაფუჭებული მაქვს. ჩემს წინ უცებ წამებში გამეხსნა გზა. როდესაც გზა გამეხსნა მაშინვე დავიწყე გამოსვლა. დავინახე, რომ გაიფანტნენ ბავშვები.

ჩხუბი რომ დაიწყო მალევე გაიხსნა გზა. როდესაც ეზოდან გამოვედი, ეზოში ბავშვები კიდევ იყვნენ. ეზოს შესასვლელს კეტავდა მანქანაც. ვიკითხე ვისი იყო ეს მანქანა, ბიჭი მოვიდა და ჩაჯდა. ამ დროს გამორბოდნენ „არკიდან“ ბიჭები. ამ დროს ჩემი მანქანა ნახევრად გარეთ იყო, ნახევრად კვლავ - „არკაში“. ბავშვებმა გვერდზე ჩამირბინეს, თუმცა არ მახსოვს მათი აღწერილობა. ყურადღება იქითკენ მქონდა, რომ მანქანა გამეყვანა.უკან არ გამიხედავს. ეზოდან ძალიან ნელა ვმოძრაობდი. ვერ გავიხსენებ მარცხნივ და მარჯვნივ რა ხდებოდა. კონცენტრაცია მქონდა იმაზე, რომ გამოვსულიყავი. სახეზე არ დამინახავს. ახლა გაკვირდებით და თქვენ სახეს აღვიქვამ. იქ წამებში ვერ მოვახერხე დაკვირვება. მე ეზოში მანქანიდან არ გადმოვსულვარ“, -განაცხადა ნიკოლოზ იორდანაშვილმა.

ამასთან, მან კომისიის წინაშე კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მის თვალწინ არავინ მომკვდარა.

„მე მკვლელობის შესახებ დაკითხვაზე რომ ვიყავი, მაშინ გავიგე - იმავე საღამოს. როდესაც მანქანის გარეთ გამოყვანის შემდეგ კვლავ ეზოში დავბრუნდი, ყველანი შოკში იყვნენ - ისინი შოკში დაჭრის გამო იყვნენ. მე მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ვინმე გარდაიცვალა“, - აღნიშნა იორდანაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმე - მე დანა და დაჭრა არ დამინახავს, რაზეც გინდათ დავიფიცებ

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს