რა შანსი აქვს გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში? - გია ხუხაშვილის შეფასება

რა შანსი აქვს გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში? - გია ხუხაშვილის შეფასება

ელექტორატის რაოდენობიდან გამომდინარე, გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი ძალიან თეორიულია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ვაშაძის ელექტორალური ბაზა პრაქტიკულად ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზას, დანარჩენი ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა კი პრაქტიკულად ნულოვანია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი არის ერთგვარი ჩაკეტილი სისტემა, რომელსაც არ აქვს ზრდის პოტენციალი გამომდინარე წინა ისტორიიდან. ეს არის საკმაოდ მობილიზებული, მაგრამ არა განვითარებაზე ორიენტირებული ელექტორატი. გამომდინარე ელექტორატის რაოდენობიდან, არჩევნებში გამარჯვების შანსი ძალიან თეორიულია. მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა არის დიდი პარტიული გაერთიანება გაკეთდეს, დანარჩენი პარტიები მხოლოდ სტატისტის როლს თამაშობენ, მათ პრაქტიკულად არ ჰყავთ თავისი ელექტორატი და აქედან გამომდინარე, რაიმე სინერგიის გაჩენის იმედი მხოლოდ ილუზიაა და მეტი არაფერი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე რეალურად ბრძოლა მიდის ბოკერია-სააკაშვილს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის გადასაბირებლად.

„ვაშაძის კონკურენტი ამ არჩევნებზე არის არა სახელისუფლებო კანდიდატი არამედ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი, რადგან ეს ორივე პარტია იბრძვის „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის განაწილებაზე. ორივე პარტია არის ჩაკეტილი ერთი და იმავე სისტემაში და ერთმანეთს ეჯიბრებიან ელექტორატის გადაქაჩვაზე. ჯამური ოდენობა ამ ბაზის შესაძლოა ავიდეს მაქსიმუმ 20%-მდე, ესეც დაბალი აქტივობის პირობებში. ბრძოლა მიმდინარეობს ბოკერია-სააკაშვილს შორის და არა ხელისუფლება ოპოზიციას შორის“, - აღნიშნა ექსპერტმა.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურის თეორიული შანსი რჩება, თუ გიორგი მარგველაშვილი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა მეორე ტურში ვაშაძე გავა და არა მარგველაშვილი.

„მეორე ტურის ერთადერთი თეორიული შანსი რჩება. მეორე ტურის შანსი იქნება თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი მიიღებს მონაწილეობას. „ქართული ოცნების“ სამობილიზაციო ელექტორატის ნაწილს მარგველაშვილი ალბათ თავის თავზე გადაქაჩავს და ამით ჩნდება შანსი, რომ მეორე ტურამდე მივიდეს ყველაფერი. ასეთ თეორიულ შემთხვევაში ვაშაძეს მეორე ტურში გასვლის შანსი აქვს, თუმცა მეორე ტურში განწირულია დამარცხებისთვის. რაც შეეხება მარგველაშვილს, იგი რომ მომზადებულიყო არჩევნებისთვის, თავის დროზე ჩამოეყალიბებინა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოეზიდა რესურსები, შეიძლებოდა მის შანსებზე საუბარი, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ არჩევნები კარს არის მომდგარი და არ არის ჩამოყალიბებული რა უნდა და რას აპირებს, დაგვიანებულია რაიმე რეალურის გაკეთება მისი მხრიდან. მე არ ვურჩევდი არჩევნებში მონაწილეობას, რადგან იგი არ არის კლასიკური ტიპის პოლიტიკოსი და მისთვის ძალაუფლება უფრო ტვირთია, ვიდრე პრივილეგია. იგი ამას აცნობიერებს და სწორ კარს ეძებს პოლიტიკიდან გასასვლელად. მას თეორიული შანსი ჰქონდა, მაგრამ მან ეს შანსი გაუშვა“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები