ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული მოზარდის ადვოკატები პატიმრობას გაასაჩივრებენ

ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული მოზარდის ადვოკატები პატიმრობას გაასაჩივრებენ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

როგორც არასრულწლოვან დ.ღ.-ს ადვოკატმა გოჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე დაუსაბუთებელია. კვარაცხელია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ დაუშვებელია არასრულწლოვანს მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეეფარდოს, თუკი აღკვეთის ღონისძიების მიზნები უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებითაც მიიღწევა.

„ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. მან არ გაითვალისწინა არც არასრულწლოვნის პიროვნული მახასიათებლები, არც დანაშაულის სიმძიმე, არც მისი გულწრფელი აღიარება სარალიძის ნაწილში. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დაუშვებელია არასრულწლოვნის მიმართ პატიმრობის გამოყენება, თუკი შესაძლებელია აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა, უფრო მსუბუქი ხასიათის აღკვეთის ღონისძიებით. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ გავასაჩივრებთ კანონით დადგენილი წესით. საქმეში არ არიან ისეთი მოწმეები, რომლებიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რაიმე დანაშაულის ჩადენაში ამხელენ. არ არსებობს არანაირი არსებითი გარემობა, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ, სავარაუდო ცრუ ჩვენების მიცემამ შეცვალა“, - განაცხადა ადვოკატმა.

გოჩა კვარაცხელიას ინფორმაციით, სასამართლოს თავად ბრალდებულმაც მიმართა და ბრალი ნაწილობრივ აღიარა.

„მან სასამართლოზეც თქვა, რომ სარალიძის ნაწილში აღიარებს ბრალს. ნამდვილად შეხვდა ზაზა სარალიძეს და მისივე თხოვნიდან გამომდინარე, ეს არ განუცხადებია სასამართლოში. დ.ღ.-ს მიერ არანაირი ცრუ ჩვენების მიცემა არ იკვეთება, თუ არ ჩავთვლით ამ ერთ ეპიზოდს“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

რაც შეეხება დ.ღ.-ს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის, სასულიერო პირის შვილის, გ.მ.-ს შესაძლო დაჭრას, ადვოკატის თქმით, ის აღნიშნულ საკითხზე არავითარ ინფორმაციას არ ფლობს. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ