ავტორი:

"ოცნება" ვერ ხვდება, რომ პუტინის როლში აღმოჩნდა" - ვის რა შანსი აქვს საპრეზიდენტო არჩევნებზე?

"ოცნება" ვერ ხვდება, რომ პუტინის როლში აღმოჩნდა" - ვის რა შანსი აქვს საპრეზიდენტო არჩევნებზე?

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები რჩება და საარჩევნო მარათონი სტარტს იღებს. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჯერ კიდევ უცნობია, ვის შორის გაიმართება მთავარი ბრძოლა. იმაში, რომ არჩევნებში ამჯერადაც სახელისუფლებო კანდიდატი გაიმარჯვებს, პოლიტოლოგებს ეჭვი არ ეპარებათ. უბრალოდ, რჩება მთავარი ინტრიგა - ვინ გავა მეორე ადგილზე და იქნება თუ არა მეორე ტური.

მმართველი ძალა კანდიდატის დასახელებას არ ჩქარობს. მაგრამ დიდი ალბათობით, "ქართულ ოცნებას" ამ არჩევნებზე საკუთარი ფავორიტი არ ეყოლება და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. ასეთია თავად ბიძინა ივანიშვილის რჩევაც.

ანალიტიკოსების ვარაუდით, მნიშვნელობა არ აქვს „ოცნება“ მხარდაჭერას რომელ კანდიდატს აღუთქვამს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ეს კანდიდატი გაიმარჯვებს.

შეგახსენებთ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თბილისის ერთ-ერთ ოლქში სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ფავორიტი გახლდათ. უფრო მეტიც, ზურაბიშვილის პირველივე ტურში გამარჯვებაში დეპუტატი ეკა ბესელია უკვე დარწმუნებულია.

რაც შეეხება ოპოზიციას, 10 ოპოზიციური პარტიის მცდელობამ, როგორც ჩანს, ჩანასახშივე განიცადა კრახი. ანალიტიკოსების აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს გრიგოლ ვაშაძეს არ აქვს იმხელა რეიტინგი, რომ სახელისუფლებო კანდიდატს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს. სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევებით თუ ვიმსჯელებთ, ვაშაძეზე მაღალი რეიტინგი "ევროპული საქართველოს" კანდიდატს დავით ბაქრაძეს აქვს, რომელიც საარჩევნო მარათონში უკვე ჩაერთო. მაგრამ ბაქრაძის მცდელობაც ამაო აღმოჩნდება, თუ საბოლოოდ გაირკვევა უსუფაშვილისა და მარგველაშვილის ტანდემის ბედი.

როგორც ცნობილია, უსუფაშვილის მიმართვის შემდეგ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. თუმცა, მოხდება თუ არა მათი გაერთიანება და ვინ იქნება მათი საპრეზიდენტო კანდიდატი, უცნობია. თავად უსუფაშვილი მზადაა ყოფილ თანაგუნდელებს ოპოზიციონერის რანგში კიდევ ერთხელ შეებრძოლოს, თუმცა ამჯერად მარგველაშვილის დახმარების იმედი აქვს. შეხვედრის დეტალებს ორივე მხარე ასაიდუმლოებს, თუმცა უსუფაშვილი ზომიერად ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი აქვს მარგველაშვილი საბოლოო გადაწყვეტილებას დროულად მიიღებს.

აქვე საგულისხმოა თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილიც, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ გამორიცხავს. როგორც მან აღნიშნა, აქტიურად ფიქრობს იმაზე, რომ კანდიდატურა დააყენოს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მისივე თქმით, საჯაროდ არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დაუჭერდა მხარს, თუმცა ამის სურვილი მას შემდეგ გაუქრა, რაც პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, "ქართული ოცნების" კანდიდატი წარადგინა.

ასევე ტრადიციულად, ქვეყნის პირველი პირის სტატუსისთვის იბრძოლებს „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ლეიბორისტების“ ხელმძღვანელი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანია ყველაზე ადრე დაიწყო და „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე. თითოეული მათგანი გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა საბოლოოდ ვისკენ გადაიხრება სასწორის პინა, ოქტომბერში გაირკვევა.

ანალიტიკოსების აზრით, იმ შემთხვევაში თუ ჩამოყალიბდება უსუფაშვილისა და მარგველაშვილის კოალიცია, მეორე ტურის ალბათობა, გარდაუვალი იქნება.

"კატეგორიულად იმის თქმა, რომ „ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, არ შეიძლება. არ გამოვრიცხავ, რომ სხვა გზა არ დაინახონ და საკუთარი კანდიდატი დააყენონ. შანსებს რაც შეეხება, ხელისუფლებას აქვს სერიოზული უპირატესობა იმის მიხედვით, დააყენებს თუ არა კანდიდატს. იმიტომ, რომ სრულფასოვანი ღირსეული ალტერნატივა არ არსებობს.

მეორე ტურის ალბათობა მაღალი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი პრეზიდენტი გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას. სხვა შემთხვევაში საეჭვოა მეორე ტურის ფორმირება. ან პრეზიდენტი ან ვინმე კანდიდატი, რომელიც შეძლებს საკმარისი რესურსების მოძიებას იმისათვის, რომ გაიმარჯვოს. თუ მარგველაშვილი ან რომელიმე სხვა ზეპარტიული კანდიდატი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ამ შემთხვევაში სამობილიზაციო ხმების ნაწილს ხელისუფლება დაკარგავს, ეს კი მეორე ტურის ალბათობას გაზრდის“ - უთხრა AMBEBI.GE-ს პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრითაც, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი სახელისუფლებო კანდიდატს აქვს, თუმცა ახლა მთავარია უსუფაშვილისა და მარგველაშვილის საკითხის გარკვევა, რომელმაც მთავარი ოპოზიციური ძალის და მეორე ტურის ბედი უნდა გადაწყვიტოს.

"ნებისმიერ შემთხვევაში დიდი ალბათობით, სახელისუფლებო კანდიდატი გაიმარჯვებს. აქ პრობლემა შეიძლება ერთ რამეში გამოჩნდეს, იქნება თუ არა მეორე ტური. ის, რომ მაღალი ალბათობით გარანტირებული ექნება „ოცნებას“ გამარჯვება, ამაში ეჭვი არ მეპარება. სერიოზული ბრძოლა რომ გამართულიყო, ოპოზიციას არ უნდა ჰყოლოდა მრავალი კანდიდატი.

ელისაშვილი და მარგველაშილი თუ რაღაცას ფიქრობენ, უნდა შეთანხმდნენ ერთიან გეგმაზე და ამაში სხვა პარტიებიც უნდა ჩაერთონ, რომლებსაც კანდიდატი ჯერ არ წამოუყენებიათ. ამ არჩევნებში მთავარი ფუნქციაა მოვემზადოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და თუ დღესვე არ ჩაეყარა საფუძველი რაღაც გეგმას, მერე აზრი აღარ აქვს. ოპოზიცია მიზიდულობის ცენტრი უნდა გახდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ძალები ცალ-ცალკე გამოვლენ, მნიშვნელობა ექნება იმას, ორგანიზაციული სტრუქტურები, რომელს ექნება მოწესრიგებული. თუ ორგანიზაციული მხარე არ ექნებათ მოწესრიგებული და არცერთ უბანზე არ ეყოლებათ კომისიის წევრები ან მხარდამჭერები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმების დათვლას, ჩათვალეთ რომ წაგებული აქვთ არჩევნები" - გვითხრა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ელისაშვილი, მარგველაშვილი, უსუფაშვილი ერთ ელექტორატზე მუშაობენ, ამიტომ ცალ-ცალკე ყოფნის შემთხვევაში ხმებს ერთმანეთს წაართმევენ და არჩევნებზე მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუთმობენ. ანალოგიურად ფიქრობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც.

"თუ მართლაც ბოლომდე მიიღო „ოცნებამ“ გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, ზურაბიშვილს გამარჯვება გარანტირებული აქვს - ადმინისტრაციული რესურსით და პლიუს სააარჩევნო კანონმდებლობით. მეორე ადგილზე გასვლას რაღა მნიშნელობა აქვს - ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მეორე ადგილზე გასულს სამომავლო პერსპექტივები ეხსნება. ეს ხდება ევროპაში და შეერთებულ შტატებში.

მეორე ტური არა მგონია, იყოს - იქამდე მივიდა საქმე, რომ მოსახლეობას არჩევნები აღარ აინტერესებს. სიტყვა საზოგადოებას შეგნებულად აღარ ვხმარობ, რადგან ქვეყანაში, სადაც შეიძლება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდეს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საზოგადოების არსებობა.

საქართველოში დამოუკიდებელ კანდიდატს იშვიათად აქვს შანსი, შესაბამისად ელისაშვილს ერთი ჰქონდა მერის არჩევნებზე და მორჩა, დამთავრდა. მარგველაშვილმა თუ იყარა კენჭი, ზურაბიშვილს გაუჭირდება მასთან ბრძოლა, განსაკუთრებით კი ტელედებატები თუ შედგა. მე მაგალითად ნოლ თეთრს არ დავდებდი ზურაბიშვილის ფსონზე.

ჯაფარიძე და შალვა ნათელაშვილი არასერიოზულები არიან. ერთადერთი, შეიძლებოდა მარგველაშვილს გაეწია ზურაბიშვილისთვის წინაააღმდეგობა და გაემარჯვა კიდეც. მაგრამ მე მგონი მას ეს აღარ აინტერესებს.

„ოცნება“ არ დაუშვებს, რომ მისმა რჩეულმა წააგოს. როდესაც ამბობენ, რომ ჩვენი კანდიდატი არ არის, მაგრამ მხარს ვუჭერთ, ეს ალოგიზმია. ე.ი რას აბობენ - ნეიტრალურები ვართ, მაგრამ გვინდა, რომ ამან გაიმარჯვოს. ეს არის პუტინის პოზიცია, როცა ამბობდა, არ ვერევი ამერიკის არჩევნებში, მაგრამ მირჩევნია ტრამპმა გაიმარჯვოსო. „ოცნება“ ვერ ხვდება, რომ პუტინის როლში აღმოჩნდა.

უსუფაშვილის და მარგველაშვილის ტანდემი აქამდე უნდა შემდგარიყო. მარგველაშვილმა დიპლომატიურად თავაზიანად გაატარა ეს შეთავაზება. რატომღაც მეგონა, რომ მმართველი ძალა ნარმანიაზე უარეს კანდიდატს აღარ შემოგვთავაზებდა, მაგრამ თურმე შევცდი - მათ ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონია“ - ამბობს ცინცაძე.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები