ავტორი:

ჩაის გამყიდველი ბიჭი ისლამაბადის ბაზრიდან - ნახეთ, როგორ შეცვალა მისი ცხოვრება პოპულარობამ

ჩაის გამყიდველი ბიჭი ისლამაბადის ბაზრიდან - ნახეთ, როგორ შეცვალა მისი ცხოვრება პოპულარობამ

პაკისტანელი ბიჭის ცხოვრება, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლის წინ პაკისტანში, ისლამაბადის ბაზარში ჩაის ჰყიდდა, ყველასთვის დაუჯერებლად შეიცვალა.

2016 წლის სექტემბრის ცხელი დღე, ტრადიციულად, 17 წლის არშად ხანმა ბაზარში, ჩაის ფარდულთან გაატარა. ბაზარში ის 4 წლის განმავლობაში მუშაობდა. ხანს 16 და-ძმა ჰყავს და მისი განათლებისთვის დიდი ყურადღება არავის მიუქცევია, სკოლაში გაკვეთილებს სულ რამდენიმე დღის განმავლობაში დაესწრო.

დღის დასასრულს, როდესაც ხანი ფარდულის დასატოვებლად უკვე მზად იყო, ბაზარში მყოფმა ფოტოგრაფმა ჯიაჰ ალიმ მას სურათი გადაუღო. ერთი თვის შემდეგ კი ალიმ ფოტო „ინსტაგრამზე“ განათავსა სათაურით „ცხელი ჩაი“.

სურათი სულ რამდენიმე დღეში ათობით ათასმა ადამიანმა გააზიარა სოციალურ ქსელებში, ჩაის გამყიდველი პაკისტანელი ბიჭი მსოფლიომ გაიცნო.

„არ ვიცოდი, თუ სიმპათიური ვიყავი. მგონია, რომ ყველა პუშტუნი კარგად გამოიყურება, საკუთარ თავს განსაკუთრებულად არასოდეს მივიჩნევდი. ჩემი უფროსი ძმა ამბობს, რომ ის ჩემზე სიმპათიურია,“ - ამბობს ხანი.

თავდაპირველად, როდესაც ხანის სურათი სოცქსელებში ვირუსულად გავრცელდა, არშადს მობილური ტელეფონი არ ჰქონდა და საკუთარი პოპულარობის შესახებ არც არაფერი იცოდა. ერთ დღესაც ბაზარში მისულს დახლთან პაკისტანელი პაპარაცი დახვდა. ხანი ამ ყველაფერმა გააოგნა და დარწმუნებული იყო, რომ ყურადღების ცენტრში უარყოფითი ამბის გამო მოექცა. ცდილობდა გაეხსენებინა, რა ჩაიდინა ისეთი, რომ ხალხი მისით დაინტერესდა.

„ვფიქრობდი, რომ შესაძლებელი იყო, ჩემს რომელიმე მეგობარს დაეშავებინა რამე, მანქანა გაეძარცვა, მაგალითად და მე მაბრალებდნენ. ბოლოს ჩემთან მოვიდა ჯიაჰ ალი, გამახსენდა, რომ მან ცოტა ხნის წინ სურათი გადამიღო. ფოტოგრაფმა მომიყვა, რაც ხდებოდა,“ - ამბობს ხანი ჟურნალისტებთან.

პოპულარობას კი მოჰყვა მოვლენები, რომელიც, უფრო მეტად ფილმის სცენარს ჰგავს - სამოდელო კონტრაქტები, ოჯახის პროტესტი, კითხვები ეროვნების შესახებ და საბოლოოდ - სიმშვიდე და წარმატება.

პაკისტანურმა ბრენდმა Fitin.pk ხანი მოდელად მიიწვია. ამის შემდეგ მან არაერთი შეთავაზება მიიღო, გამოჩნდა სატელევიზიო შოუებში, მუსიკალურ კლიპებში. ყველაზე დიდი წარმატება კი მომღერალ მუსკან ჯეის მუსიკალურ ვიდეოში მონაწილეობამ მოუტანა - სიმღერას Beparwai 3.5 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვს.

თუმცა, მისმა მონაწილეობამ კლიპში საშინლად გააღიზიანა ხანის ოჯახის წევრები - მშობლებმა ნახეს, რომ კადრში არშადი მომღერალ ქალს ეხვეოდა. ოჯახმა ბიჭს კატეგორიულად აუკრძალა მოდელობა. საბოლოოდ, ხანმა დაარწმუნა მშობლები, რომ საპირისპირო სქესის ადამიანთან კადრში ახლოსაც კი არ მივიდოდა და ოჯახმა სამოდელო სფეროში დაბრუნების ნება მისცა.

არშადი საზღვარგარეთ წასვლას გეგმავს. მისი პროდიუსერი, ჰასანი ამბობს, რომ ხანს დუბაიში ცხოვრება სურს, სწავლობს ინგლისურს და უკვე იცის WhatsApp-ისა და „ფეისბუქის“ მოხმარება. სულ მალე კი, შესაძლოა, ჩაის ყოფილი გამყიდველი არაბეთის გაერთიანებული საემიროების სამოდელო სამყაროს წარმომადგენელი გახდეს.

რეწვის ოსტატების ნაკეთობების საახალწლო გამოფენა-გაყიდვა

სამი ტრადიციული და იაფად მოსამზადებელი კერძი, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას დაამშვენებს

კევინ მაკალისტერის სახლის ფორმის ჯანჯაფილის ნამცხვარი - კონდიტერმა ფილმს, "მარტო სახლში" ულამაზესი ნამუშევარი მიუძღვნა (ფოტოები)