ავტორი:

"დგას ჩემთვის ღმერთივით ძმა და მევედრება, დამეხმარეო..." - გაიცანით, 27 წლის ხელოვანი, რომელსაც ოცნების ასრულებაში ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ

"დგას ჩემთვის ღმერთივით ძმა და მევედრება, დამეხმარეო..." - გაიცანით, 27 წლის ხელოვანი, რომელსაც ოცნების ასრულებაში ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ

“როცა დედაჩემი ნავთის ფულით მუყაოს და საღებავებს ყიდულობდა, როცა ზამთრის ყინვების გადასაგორებლად დაკეტილი საბავშვო ბაღის ფანჯრების ჩარჩო-დარაბებს და აცვენილ პარკეტს ჩეხავდა, როცა ვაგზლიდან პრიანიკების უზარმაზარ ჩანთებს ეზიდებოდა და რუსთაველზე ჯიხურებში აბარებდა - მარტო ის ვიცოდით, რომ თოკოს უნდა ეცოცხლა და თედოს უნდა ეხატა. ორივე შევძელით, ორივე გავაკეთეთ, ერთი სხეულივით ვიმოძრავეთ დედამ და სამმა ღლაპმა, ფონს გავედით, არავინ შეგვიწუხებია და ახლა დგას ჩემი აწოწილი, თვალსა და ხელს შუა კაცადქცეული, ჩემთვის ღმერთივით ძმა და მევედრება, დამეხმარეო.

არ ვიცი, რა ჰქვია, რასაც ახლა ვგრძნობ... არც ის ვიცი, რა უნდა გავაკეთო და მე თქვენ გევედრებით, ყველას, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, რა ძალა აქვს ერთად დგომას, დამეხმარეთ ჩემი თედო-ბიჭის დახმარებაში“ - ეს ახალგაზრდა მხატვრის, თედო რეხვიაშვილის დის, თამთა რეხვიაშვილის „ფეისბუქში“ დაწერილი სტატუსია, რომელსაც სოციალურ ქსელში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა...

თამთა 27 წლის ძმის დახმარებას ითხოვს, რომელმაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, განსაკუთრებით ნიჭიერთა ათეულშიც მოხვდა, თუმცა ოცნებას მხოლოდ მაშინ აიხდენს და სწავლას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ სწავლის საფასურს გადაიხდის.

როგორც თედომ AMBEBI.GE-ს უამბო, აკადემიაში ერთი წელი სწავლის საფასური 38 000$-ს შეადგენს, საიდანაც 15 000$ აკადემიამ დაუფინანსა, დანარჩენი კი სტუდენტმა უნდა გადაიხადოს. თედო რეხვიაშვილი უკვე რამდენიმე თვეა თანხის შეგროვებას ცდილობს, იქნება ეს სოციალურ ქსელში წამოწყებული კამპანია თუ სახელმწიფო და კერძო სექტორისთვის მიმართვა, თუმცა, სწავლის საფასური სრულად ჯერ ვერ შეგროვდა.

„ეს მიზანი ჩემთვის ასეთი ძვირფასი იმიტომ არის, რომ ვფიქრობ, საქართველოში ჩემი გასაკეთებელი საქმე გავაკეთე, რადგან ყოველდღე ვმუშაობ, ვხატავ, ვეწევი აქტიურ შემოქმედებით და საზოგადო ცხოვრებას, მაგრამ ეს სივრცე განვითარებისთვის აღარ მაკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში მივდივარ იმისთვის, რომ აკადემიაში ცოდნა გავიღრმავო და ახალი გამოცდილება მივიღო.

ეს სასწავლებელი მნიშვნელოვანი კიდევ იმიტომ არის, რომ პირდაპირი კონტრაქტები და კონტაქტები აქვს მსოფლიოში ცნობილ გალერეებთან და მათ ავალდებულებს, წარჩინებული სტუდენტების ნამუშევრები გამოფინონ. ეს იმდენად დიდი მიზეზია - სასწავლებელი მსოფლიოს შემოქმედებით ბაზარზე დამკვიდრებაში გეხმარებოდეს, ფაქტობრივად, მარტო ამისთვისაც ღირს ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება“ - აღნიშნა თედო რეხვიაშვილმა.

ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიამდე მისვლა და იქ მოხვედრა ადვილი არ იყო. როგორც ახალგაზრდა მხატვარი იხსენებს, საჭირო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატისა და სხვა დოკუმენტაციის წარდგენასთან ერთად, მან თავისი 20 ნამუშევარი გაგზავნა. ჩარიცხვის დამადასტურებელი პასუხი 12 აპრილს მოუვიდა და მას შემდეგ სწავლის საფასურის მოგროვებაზე ზრუნავს. როგორც თედომ AMBEBI.GE-ს უამბო, დაფინანსების მისაღებად განათლების საერთაშორისო ცენტრსაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ, ასევე წერილი გაგზავნილი აქვს როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ისე სხვა სახელმწიფო უწყებებსა და ბანკებში, საიდანაც პასუხი ჯერ არ მიუღია.

მიუხედავად იმისა, რომ თედოსა და მის ოჯახს აფხაზეთის ომი და 90-იანი წლები მთელი თავისი სიმძიმით აქვთ გამოვლილი, ხატვაზე უარი მაინც არასდროს უთქვამს. მისი ოჯახი გაგრიდან დევნილია, ჰყავს დედა და და-ძმა. როგორც თედო აღნიშნავს, მის ძმას, თორნიკეს, ძირითადად, თვითონ ეხმარება, რადგან ცერებრალური დამბლით არის დაავადებული და აშშ-ში წასვლა და მისი დატოვებაც ძალიან უჭირს.

ფაქტობრივად, ჩემი ძმის დატოვება ვერ ხერხდება, ამიტომ მაგისტრატურის ორი წელი არის გაწერილი დრო იმისთვის, რომ იქაურობა გამოვიყენო, წარმატებული დავრბრუნდე და ჩემს ძმასთან ახლოს ვიყო, დიდი ხნით ვერ დავშორდები. ჩემს ძმას დედაც ეხმარება და ამის გამო ვერ მუშაობს, ჩემი უფროსი და კი გამომძიებლის პოზიციაზე მუშაობს და საკმაოდ წარმატებულია

მიუხედავად სირთულეებისა, დასახული მიზნისკენ მიიწევს. სკოლის დამთავრების შემდეგ თედომ თბილისში, სამხატვრო სასწავლებელ ათწლედში ჩააბარა და გრაფიკის მიმართულებაზე დაიწყო სწავლა. ამის შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში ასევე გრაფიკის მიმართულებაზე ჯერ ბაკალავრის, შემდეგ კი მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

„რაც თავი მახსოვს სულ ვხატავ და ვმუშაობ. როცა აკადემიაში ვაბარებდი, მაშინ გავაცნობიერე, რომ მხატვრობა, ვიზუალური ხელოვნება იყო ის ერთადერთი, რაც ცხოვრებაში უნდა მეკეთებინა და ხელოვნების გარეშე ვერ ვიცხოვრებდი. ამიტომ გადავწყვიტე, ბოლომდე გავყოლოდი და ჩემი ყოველი დღის ძირითად ნაწილს მხატვრობა შეადგენს. დღის განმავლობაში, ყოველდღე 6 საათი მაინც ვხატავ და საგაკვეთილო პროცესს დაახლოებით 4 საათი ვუნდები - ჩემს სამხატვრო სტუდიაში მოსწავლეები მყავს. ჩემს მშობლიურ სამხატვრო სასწავლებელში ვასწავლიდი, რაც იყო სამწლიანი გამოცდილება და ამის შემდეგ სამხატვრო სტუდია გავხსენი“ - აღნიშნა მან.

გარდა სწავლებისა, თედო სხვადასხვა პროექტსაც ახორციელებს. მაგალითად, მცირერიცხოვან და მაღალმთიან სოფლებში სკოლებისა და შენობების მოხატვას. როგორც თვითონ იხსენებს, ადიგენის რაიონში რამდენიმე მოსწავლე წაიყვანა, რომლებმაც მოხატეს სკოლა და იქაურ ბავშვებს საშუალება მისცეს, საგაკვეთილო პროცესი ხალისიანად გაეტარებინათ.

„მოვხატეთ რაიონული ცენტრის მემორიალური დაფაც, ახლა იქ ტურისტები რომ მოძრაობენ, უკვირთ ხოლმე, რადგან ნახატი მოდერნისტულია. პროექტს ერქვა „ფერები ბავშვებს“. ამან შეუწყო ხელი იმას, რომ ეს ბავშვები მიდიან ნახატებთან ფოტოებს იღებენ, რაღაც ახალი შევიდა მათ ცხოვრებაში, პედაგოგებსაც აღარ ემუქრებათ საფრთხე, რომ უმუშევრები დარჩებიან და ბავშვებიც სთხოვენ მშობლებს, რომ სხვაგან არ წაიყვანონ და ამ სკოლაში დააბრუნონ“ - აღნიშნავს თედო რეხვიაშვილი.

ახალგაზრდა მხატვარი დარწმუნებულია, რომ მიზანს მიაღწევს და ამაში საზოგადოება აქტიურად დაეხმარება, სწორედ ამიტომ ცდილობს, სწავლისთვის საჭირო თანხა რაც შეიძლება, სწრაფად მოაგროვოს.

თედო რეხვიაშვილის დახმარება თქვენც შეგიძლიათ მითითებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით:

მიმღების ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში: GE98TB4919645062100001

მიმღების სახელი: თედორე რეხვიაშვილი

დაათვალიერეთ თედოს რეხვიაშვილის ნამუშევრები აქ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ