ავტორი:

"16-თვიანი ჯოჯოხეთი გამოვიარე..." - რას ყვება NATO-ს ყოფილი ოფიცერი, რომელიც ერდოღანის რეჟიმს ევროპაში გაექცა

"16-თვიანი ჯოჯოხეთი გამოვიარე..." - რას ყვება NATO-ს ყოფილი ოფიცერი, რომელიც ერდოღანის რეჟიმს ევროპაში გაექცა

NATO-ს ყოფილი ოფიცერი ქაფერ ტოპკაია იმ ათასობით სამხედროდან ერთ-ერთია, ვინც რეჯებ თაიპ ერდოღანის ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით გაასამართლა. 16-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ის თავდებით გაათავისუფლეს, ოღონდ ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელშეკრულებით. შემდეგ გაირკვა, რომ მას ისევ პატიმრობა ემუქრება, ამიტომაც, თურქეთიდან ბრიუსელში ფარულად გადავიდა, სადაც Deutsche Welle-ს ინტერვიუ მისცა და თურქეთში მიმდინარე პროცესებზე, ფაქტობრივად, პირველმა ისაუბრა...

გამოცემის ცნობით, ტოპკაიამ გადაწყვიტა ისაუბროს ყველა იმ ადამიანის ნაცვლად, ვინც ვერ ახერხებს პრესასთან საუბარს, მეტიც, ვერ ხვდებიან თავიანთ ადვოკატებს და ახლა, როდესაც ციხეში არიან, ვერ ახერხებენ უდანაშაულობის დამტკიცებას... სამხედრო-საზღვაო ოფიცრის თქმით, მას აღარ ეშინია ერდოღანის, მისი პარტნიორების, თურქული დაზვერვისა და მზად არის ისაუბროს ყველაფერზე, რაც თურქეთში ხდება.

თურქეთის ხელისუფლება ნატო-ს ოფიცერს, ლეიტენანტ-მეთაურ ტოპკაიას “ტერორისტს” უწოდებდა და გარკვეული დროის განმავლობაში პატიმრობაში ჰყავდა. Deutsche Welle-ს ცნობით: “მასობრივ წმენდაში, რომელიც თურქეთში წლების განმავლობაში გრძელდება, ძირითადად ის სამხედრო მოსამსახურეები მოხვდნენ, ვინც განათლება დასავლეთში მიიღეს... 2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ერდოღანმა ბრძანება გასცა, ყველა მათგანი ანკარაში დაბრუნებულიყო, რათა “დაკითხვაზე” გამოცხადებულიყვნენ, რაც პრაქტიკულად, პატიმრობას ნიშნავდა.”

გამოცემის ინფორმაციით, მაშინ ბევრი თავის ქვეყანაში არ დაბრუნდა და იქ დარჩა, სადაც მსახურობდა... თუმცა, ტოპკაია, რომელიც ასევე, ანკარაში “სასწრაფო შეხვედრაზე” გამოიძახეს, წავიდა, რადგან მიაჩნდა რომ ვალდებული იყო ბრძანება შეესრულებინა და ამას მდგომარეობა აიძულებდა... მისივე თქმით, სჯეროდა, რომ თუ ფორმალურ კითხვებს უპასუხებდა, გაირკვეოდა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირი არ ჰქონდა და არც ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან აკავშირებდა რამე.

“არასდროს შეხება არ მქონია გიულენთან... სუფთა წარსულის სამხედრო პირი ვარ, რომელიც სულით ხორცამდე თავისი სახელმწიფოს სამსახურში იყო. დასავლური მოდელის განათლება მივიღე, მაგრამ არ მეგონა, თუ ეს ნატო-ს წევრ ქვეყანაში ეჭვს გამოიწვევდა... მე პატივს ვცემ ყველა რელიგიას, მაგრამ არც ერთ მათგანს არ ვიზიარებ,” - აცხადებს თურქი სამხედრო.

გამოცემის ცნობით, ის ბოლო წუთამდე თავს უსაფრთხოდ გრძნობდა, რადგან მთელი ცხოვრება სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერი იყო, თანაც ყველაზე გავლენიანი, ნატო-ს ორგანიზაციის... სამხედრო პირი, ოჯახს ორი დღით დაემშვიდობა, თუმცა, ეს ორი დღე 16 თვემდე გაიწელა. მალევე ოფიციალური საშვი გაუუქმეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ პოლიციას მისი დაკავება შეეძლო...

ტოპკაიას ყოფილი თურქი კოლეგები ახლა მას უკვე “ტერორისტად” მოიხსენიებენ და აცხადებენ, რომ სამხედრო პირი ტვიტერზე ერდოღანის შეურაცხმყოფელ პოსტებს წერდა. თუმცა, თავად ოფიცერი ირწმუნება, რომ იმ კონკრეტულ დროს მას ტვიტერი არც ჰქონდა. თურქეთში დაბრუნების შემდეგ, ის სინკანის ცნობილ ციხეში გაამწესეს, სადაც სხვა მაღალი თანამდებობის სამხედრო პირებთან - პროფესორებთან, სამოქალაქო ორგანიზაციის ლიდერებთან, ლექტორებთან და ექიმებთან ერთად, 12 დღის განმავლობაში ბეტონის იატაკზე იწვა.

ოფიცრის თქმით, პირადად მასზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა, თუმცა, პირადად ნახა დაკითხვაზე გაყვანილი და უკან შემოყვანილი ადამიანების სხეულზე სასტიკი ძალადობის კვალი.

“ეს იყო 16-თვიანი ჯოჯოხეთი, რომელიც გამოვიარე... ერთ-ერთ ოფიცერს, რომელმაც გადატრიალებაში მონაწილეობა უარყო, უთხრეს, რომ მისი ცოლი ჰყავდათ “დაკითხვაზე” დაბარებული და მის მცირეწლოვან შვილსაც დაემუქრნენ... კიდევ ერთმა, ასევე ოფიცერმა, მას შემდეგ რაც ელექტროსკამზე დასვეს, “დანაშაული აღიარა”... როდესაც პირველად წარვსდექი პროკურორის წინაშე, ნერვიულობისგან ფეხზე დგომაც კი მიჭირდა და მისი საუბრის ტონიდან მივხვდი, რომ ნატო-ს ოფიცრობა არაფერს მშველიდა...

მოსამართლემ მკითხა, - თქვენ ნატო-ში მუშაობთ, არა? - დიახ, მე ვმუშაობ ნატოს შტაბ-ბინაში, თურქეთის არმიის წარმომადგენლად და თურქეთის არმიის მეთაურმა დამნიშნა-მეთქი... თუმცა, ვერ დავარწმუნე, რომ უდანაშაულო ვიყავი. თურქეთში პროდასავლურობა და ნატოს მხარდაჭერა, უკვე დანაშაულად ითვლებოდა...” - იხსენებს ის და დასძენს, რომ ბოლოს, მშობლების თავდებით გაათავისუფლეს, ოღონდ იმ პირობით, რომ ყოველკვირეულად შეამოწმებდნენ. გარკვეული გზებით, რომლის გამხელისგანაც თავი შეიკავა, ქაფერ ტოპკაიამ ქვეყანა დატოვა და ბრიუსელში, თავის ბინაში დაბრუნდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ამ პუბლიკაციით მისი ოჯახი საფრთხეში ჩააგდო, გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რადგან დუმილს დანაშაულად მიიჩნევს... ადგილობრივი გაზეთები, რომელთაც ხელისუფლება აკონტროლებს, მას “მოღალატეს” უწოდებენ და უამრავ ისტორიას იგონებენ...” - წერს "დოიჩე ველე". ნატო-ს სხვა, ყოფილი თურქი ოფიცრების თქმით, ისინი ტოპკაიას გამბედაობას აფასებენ, თუმცა, დასძენენ, რომ “ერდოღანის საცეცები” ყველგან წვდება და მას შეუძლია “არასასურველი პერსონები” ყველგან იპოვოს. ამიტომაც, “ჩვენ, აქ, ბელგიაშიც კი, თურქული საზოგადოებისგან თავი შორს გვიჭირავს. ეს რისკია,” – აცხადებენ ისინი გამოცემასთან საუბრისას.

მიმდინარე წლის 18 აპრილს, თურქეთის შს მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობისა და ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, 77 081 ადამიანი გაასამართლა და ეს პროცესი გრძელდება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე