ავტორი:

"რანაირად ვართ დამოუკიდებლები, ღირს კი თავის მოტყუება?" - რას ამბობენ აფხაზები “დამოუკიდებლობის მიღებიდან” 10 წლის თავზე

"რანაირად ვართ დამოუკიდებლები, ღირს კი თავის მოტყუება?" - რას ამბობენ აფხაზები “დამოუკიდებლობის მიღებიდან” 10 წლის თავზე

რა შეიცვალა აფხაზეთის "დამოუკიდებლობის აღიარებიდან" 10 წლის შემდეგ? - ეს არის კითხვა, რომელსაც ადგილობრივი ჟურნალისტი ანტონი კრივენუკი რეგიონის მოსახლეობას უსვამს... ის გამოკითხვას კოდორის ხეობიდან იწყებს - ადგილობრივების თქმით, 5-დღიანი ომის შემდეგ, მათთვის უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა, მეტიც - ქართველების მიერ გაკეთებული ინფრასტრუქტურა ჩამოიშალა და დაინგრა.

“აფხაზეთის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უიმედობისგან იმასაც კი ამბობს, რომ რუსეთის შემადგენლობაში სურს შესვლა, თუმცა, სხვებს მაინც დამოუკიდებლობის შენარჩუნება უნდათ... ბევრს მიაჩნია, რომ მათი დამოუკიდებლობის ბედი სოხუმში კი არა - მოსკოვში წყდება" - უამბო ჟურნალისტმა გამოცემა Кавказский Узел-ს.

მისივე თქმით, კოდორის ხეობაში ახლა სულ რაღაც 100-მდე ადამიანია დარჩენილი. მათი ახლობლები, სოფელ აჟარაში ცხოვრობენ და ძალიან უჭირთ, რადგან იქაურობა თითქმის ცარიელია... საერთოდ კი, ჟურნალისტის ცნობით, სიცოცხლის ნიშანწყალი მთელ ხეობაში, მხოლოდ სამ სოფელში - აჟარაში, ჩხალთსა და გენწვისში იგრძნობა.

“ადგილობრივებმა მითხრეს, რომ გაუსაძლისი პირობების გამო, სულ ახლახან მეურნეობა დატოვეს და საქართველოში კიდევ ერთი ოჯახი გაემგზავრა. იქ ცხოვრების დონე ძალიან დაბალია, თუმცა, მშვიდად ცხოვრობენ... რაც მე ვნახე, სამ სოფელში, რომელიც ერთმანეთთან საკმაოდ დიდი მანძილითაა დაშორებული, ერთი მაღაზია და ერთი ექიმი მუშაობს. ამბულატორია კი არა, ექიმი, ისიც ქალი... თუ ვინმე ცუდად გახდება, ყველა მასთან მიჰყავთ.

ამბულატორია და საავადმყოფო დანგრეულია. მედიკამენტები, პრაქტიკულად არ არსებობს. ყველა ავადმყოფი სოხუმში მიჰყავთ. კაცმა არ იცის, როდის ვის რა გაუჭირდება და ყველას სიცოცხლე და ჯანმრთელობა იმ ერთ ქალზეა დამოკიდებული,” - წერს ჟურნალისტი ანტონი კრივენუკი და დასძენს, რომ მისი იქ ყოფნისას ბავშვი გახდა ცუდად. ადგილობრივებმა დიდი წვალების შემდეგ იშოვნეს სიცხის დამწევი.

“ადამიანები მიეჩვივნენ ასე ცხოვრებას... იქვე რუსეთის ბაზაა განლაგებული, თუმცა მათ ნაბრძანები აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდეთ, მით უფრო დახმარების უფლება არ აქვთ” - ამბობს კრივენიუკი, რომლის თქმითაც, აჟარის ადმინისტრაციის ხელმღძვანელმა სერგეი ჯონუამ ვითარების უკეთესად წარმოჩენა გადაწყვიტა და აღნიშნა, რომ საავადმყოფო მუშაობს, ოღონდ დანგრეულ შენობაში რანაირად ახერხებს მუშაობას, ეს ვერ დააკონკრეტა.

აფხაზეთის დანარჩენი რეგიონების მოსახლეობის თქმით, “დამოუკიდებლობის აღიარებიდან” 10 წლის შემდეგ, გარდა იმისა, რომ ყოველ წელს, რუსეთიდან, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან და სხვა მეგობარი ქვეყნებიდან მაღალჩინოსნები ჩამოდიან, უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა".

“დიახ, რუსეთმა გვაღიარა, თუმცა, სახელმწიფოში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა, ინფრასტრუქტურა ისევ ისეთი დანგრეულია, როგორც ადრე. მხოლოდ კერძო მაღაზიები, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები იხსნება, მსხვილი სახელმწიფო დაწესებულებები არ არსებობს. შესაბამისად სამუშაო ადგილები არ არის... ალბათ კიდევ ერთი ათი წელი უნდა გავიდეს, რომ რამე შეიცვალეს...” - ყვება Кавказский Узел-ის ჟურნალისტთან საუბრისას ადგილობრივი სტელა ადლეიბა.

კიდევ ერთი აფხაზის, სოხუმელი ვლადიმირის თქმით: “დამოუკიდებლობიდან 10 წლის შემდეგ, უბრალო ადამიანების ცხოვრება ერთი საფეხურითაც კი არ გაუმჯობესებულა. ჩვენ საშუალება არ გვაქვს, ჩვენი დროშის ქვეშ რომელიმე საერთაშორისო სპორტულ ტურნირზე გამოვიდეთ... მედიცინის კუთხით ოდნავ უკეთესობა იგრძნობა, - დეფიციტური პრეპარატების, მათ შორის ჰემოდიალეზის შემოტანა დაიწყეს, რაც ადრე ფუფუნება იყო... თუმცა, ეს არ არის საკმარისი. მეტიც, ზღვაში წვეთიც არ არის, რადგან რესპუბლიკაში ძალიან მწვავე პრობლემები დგას...”

ყველაფრის მიუხედავად, ზოგიერთი მათგანი ოპტიმისტურად არის განწყობილი, “რადგან 2008 წლამდე ვერც იოცნებებდნენ, რომ ვინმე მათ დამოუკიდებლობას აღიარებდა, რუსეთმა კი ეს კარი გაუხსნა.” კიდევ ერთი ახალგაზრდა სოხუმელის, დავითის თქმით - შესაძლოა, მისი პოზიცია სასიამოვნოდ და მით უფრო “პატრიოტულად” არ ჟღერდეს, თუმცა, აფხაზეთისთვის ყველანაირად ჯობია რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, რადგან იქ უკვე ისედაც ყველას აქვს რუსული პასპორტები, იღებენ რუსეთის პენსიებსა და ხელფასებს.

“გასაგებია, რომ მუდმივად ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, ომზე, მსხვერპლზე, მაგრამ რეალურად რუსეთის არმია გვიცავს. უკვე ვიღებთ რუსეთის უფასო სამედიცინო დახმარებას. რანაირად ვართ დამოუკიდებლები?ღირს კი თავის მოტყუება?" - ამბობს ის.

პოლიტოლოგ ვადიმ მუხანოვის თქმით, რუსეთი არ აპირებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთებას - ეს რომ სდომოდა, ჯერ კიდევ 2008 წელს გააკეთებდა. “რუსეთის პოლიტიკურ ელიტას ამის გაკეთება ახლა მით უმეტეს არ სურს, რასაც თავისი ახსნა აქვს. ასე რომ, რუსეთი თანახმაა ორივე რესპუბლიკასთან, როგორც ცალკე სახელმწიფოებთან თანამშრომლობდეს”, - აცხადებს ის.

"ქართველ ქურდებთან ახლობლობა ხაჯიმბას მთავარი შეცდომა იყო..." - ყოფილ პრეზიდენტს თანაგუნდელები განუდგნენ

რატომ შეელია პუტინი სურკოვს - რუსეთის პრეზიდენტმა უკრიანასა და აფხაზეთის რეგიონში თავისი "მარჯვენა ხელი" გაათავისუფლა

"დილის გათენება არ გვინდა, სიცოცხლის ფასად ვითმენთ..." - რა ხდება ჩორჩანასთან და რას უყვებიან AMBEBI.GE-ს ახალგორელები?