24 წლის ქართველმა ბიჭმა სიკვდილის შემდეგ თურქეთის ხუთ მოქალაქეს სიცოცხლე აჩუქა

24 წლის ქართველმა ბიჭმა სიკვდილის შემდეგ თურქეთის ხუთ მოქალაქეს სიცოცხლე აჩუქა

თურქეთში გარდაცვლილმა 24 წლის საქართველოს მოქალაქემ თავისი ორგანოების გადანერგვით თურქეთის ხუთ მოქალაქეს სიცოცხლე აჩუქა - ამის შესახებ საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გია თომაძემ გვიამბო: - დღეს მსოფლიოში, ძირითადად, ექვსი ორგანოს გადანერგვის ოპერაციები ტარდება. ეს ორგანოებია: თირკმელი, ღვიძლი, გული, ფილტვი, პანკრეასი და ნაწლავი. საქართველოში მხოლოდ ორი ორგანოს გადანერგვა ხდება - თირკმლისა და ღვიძლის.

გადასანერგი ორგანოების ორი წყარო არსებობს: დონორი შეიძლება იყოს ცოცხალი ან გარდაცვლილი. საქართველოში გვამური დონაცია არ წარმოებს და ამას თავისი მიზეზები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კანონმდებლობით გარდაცვლილის ორგანოების გამოყენება დასაშვებია, საბოლოოდ მაინც გარდაცვლილის ოჯახმა უნდა განაცხადოს თანხმობა, ამ საკითხის მიმართ კი ჩვენი მოსახლეობის განწყობა არც ისეთი პოზიტიურია.

23-25 ივლისს სტამბოლში ორგანოთა ტრანსპლანტაციასა და დონაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო სემინარი ჩატარდა, რომელზეც ლექტორის სტატუსით ვიყავი მიწვეული. მკითხეს, რატომ არ ხდება საქართველოში გვამური დონაციაო? ვუთხარი, ერთ-ერთი პრობლემა ფინანსებია, მეორე კი - მოსახლეობის განწყობა-მეთქი. ამის შემდეგ შეკითხვის ავტორმა მამცნო, რომ აპრილში თურქეთში ავტოავარიის შედეგად 24 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილა (ვინაობის გამხელა არ შეიძლება. დონორის ახლობლები და რეციპიენტი ერთმანეთს არ უნდა იცნობდნენ სხვადასხვა მოსაზრების გამო). მისი გარდაცვალება თავის ტვინის სიკვდილმა გამოიწვია, ამ შემთხვევაში კი გულისცემა გარკვეული ხნით შენარჩუნებულია და თავის ტვინის გარდა, სისხლი სხვა ორგანოებს მიეწოდება. შესაბამისად, გადასანერგად უფრო ვარგისია, ვიდრე გულისცემაშეწყვეტილი ადამიანისგან ამოღებული ორგანოები. თურქული კლინიკა დაუკავშირდა გარდაცვლილის ოჯახს საქართველოში და სტამბოლში მიიწვია. თავდაპირველად ოჯახის წევრებმა გვამურ დონაციაზე უარი განაცხადეს, მაგრამ მას მერე, რაც მათ აუხსნეს, რომ თანხმობის შემთხვევაში ხუთ ადამიანს შეუნარჩუნებდნენ სიცოცხლეს, დათანხმდნენ. შედეგად, თურქეთის ხუთ მოქალაქეს გადაენერგა საქართველოს მოქალაქის გული, ფილტვი, ორი თირკმელი და ღვიძლი.

საქართველოში არის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელთაც გაცხადებული აქვთ, რომ სიკვდილის შემთხვევაში თანახმა არიან, მათი ორგანოები გამოიყენონ გადასანერგად, თუმცა, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ოჯახის წევრების მისაღებია.

- როდესაც საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრები გარდაცვლილის დონორობაზე დაითანხმეს, მათ თანხა შესთავაზეს?

- დონორობისთვის თანხას არ იხდიან.

განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ