გია ყანჩელს 83 წელი შეუსრულდა

გია ყანჩელს 83 წელი შეუსრულდა

დღეს ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს 83 წელი შეუსრულდა. მაესტრო ამჟამად დანიის სამეფოში იმყოფება და საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი გმირია. ფესტივალი 5 აგვისტოს გაიხსნა კონცერტით "ყანჩელი & ბრამსი". ნაწარმოებები დანიის კამერულმა ორკესტრმა და შვედმა სოლისტმა შეასრულეს, გია ყანჩელს მაყურებელი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით აჯილდოვებდა.

"კონცერტის პირველი ნაწილი მიეძღვნა წლევანდელი საერთაშორისო ფესტივალის მთავარ კომპოზიტორს, მსოფლიოში ცნობილ გია ყანჩელს საქართველოდან. მისი ემოციურად დატვირთული და ლამაზი მუსიკა სულში ჩამწვდომია მათთვისაც კი, ვინც ჯერ კიდევ მიუჩვეველია ახალ და თანამედროვე მუსიკას,“-ვკითხულობთ "რუდერსდალის" ფესტივალის ვებგვერდზე.

საერთაშორისო ფესტივალი "რუდერსდალის" (მხარე/რაიონი კოპენჰაგენის ჩრდილოეთით) ზაფხულის კონცერტების სახელით არის ცნობილი და იგი 2010 წელს დაარსდა. 2018 წლის აგვისტოში ფესტივალის ფარგლებში 10 კონცერტი გაიმართება და მასში ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ კლასიკური მუსიკის ანსამბლები და ორკესტრები დანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ინგლისიდან, პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. გია ყანჩელის სიმფონიურ ნაწარმოებებთან ერთად, შესრულდება ცნობილი კლასიკოსების, ბახის, ბეთჰოვენის, ბრამსის და მოცარტის ნაწარმოებები.

10 აგვისტოს დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო გია ყანჩელისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას გამართავს, სადაც დანიელი მუსკოსების მიერ შესრულდება მაესტროს ნაწარმოებები. მიღებას დანიის სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და ასევე ქართული დიასპორის წარმომადგნელები დაესწრებიან.

გიგი გიგიაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში: "ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს საელჩოს შესაძლებლობა აქვს უმასპინძლოს გამოჩენილ და ყველასათვის საყვარელ ქართველ კომპოზიტორს, ბატონ გია ყანჩელს. ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, სწორედ საქართველოს საელჩოში მივულოცოთ ბატონ გიას დაბადების დღე და საშუალება მივცეთ დანიურ საზოგადოებას, ჩვენთან ერთად მოუსმინოს მის განუმეორებელ მუსიკას".

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ