ავტორი:

"ეკონომიკური ომი" ამერიკა-თურქეთს შორის - ვინ არის პასტორი, ვის გამოც ტრამპი და ერდოღანი ერთმანეთს "ხოცავენ"

"ეკონომიკური ომი" ამერიკა-თურქეთს შორის - ვინ არის პასტორი, ვის გამოც ტრამპი და ერდოღანი ერთმანეთს "ხოცავენ"

ამერიკასა და თურქეთს შორის დაწყებული განხეთქილება სახიფათო მასშტაბებს იძენს. ამერიკის თავდაცვის უწყების გადაწყვეტილებით, თურქეთისთვის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდების პროცესი შეწყდა. დასავლური მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა 717 მილიარდ დოლარიან კანონს, რომლის თანახმადაც ეს შეთანხმება გაუქმდება, ხელი 13 აგვისტოს მოაწერა. შეთანხმების ფარგლებში თურქეთს ამერიკისგან 100 ავიაგამანადგურებელი უნდა მიეღო.

Foreign Policy-ის ცნობით, ეს სამხედრო თანამშრომლობა იქამდე დაიბლოკება, ვიდრე ამერიკა-თურქეთის ურთიერთობები სხვა სიბრტყეში არ გადავა და ეს ზოგად ურთიერთობებსაც ეხება.

ამერიკასა და თურქეთს შორის დაძაბულობა ბოლო წლებია ღრმავდება. თუმცა, ამერიკელი პასტორის დაკავებამ, რომელსაც თურქული მხარე ერდოღანის მთავარ მტერთან, ფეთჰულა გიულენთან თანამონაწილეობას აბრალებდა, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავა.

ერდოღანის ხელისუფლების მხრიდან პასტორის ამერიკაში დეპორტაციაზე უარს ვაშინგტონის მხრიდან ფინანსური სანქციები მოჰყვა, რომელიც ჯერ ქვეყნის მთავრობის წევრებს შეეხოთ და შემდეგ თურქეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზეც გავრცელდა. საუბარია რკინასა და ალუმინზე, რომლის ფასები ორმაგად გაიზარდა.

ამ პროცესებს ერდოღანმა "ეკონომიკური ომი" უწოდა და ამერიკის ელექტრონულ პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, თურქეთი "ეფლისა" და სხვა ამერიკული მწარმოებლებისგან პროდუქციას აღარ შეიძენს.

თურქეთის ლიდერის პრეს-მდივნის იბრაგიმ კალინის განცხადებით, ამერიკა მზად არის "ტერორისტის", ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პასტორის ენდრიუ ბრანსონის გამო თურქეთთთან კონფლიქტში შევიდეს.

"ამერიკას თურქეთთან ურთიერთობის დანგრევამდე ერთი ნაბიჯი აქვს. თურქეთის ეროვნული უსაფრთხოება ორ რამეს ვერ აიტანს - "პარალელურ სახელმწიფოს" თავის ტერიტორიაზე და ჯაშუშობას. როგორც ჩანს, ვაშინგტონს ტერორისტი პასტორის გამო ამაზე წასვლა უღირს," - აცხადებს კალინი.

თურქული მედია ბრანსონის დაპატიმრებას "ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვას" უწოდებს და "გაოცებულია იმით, რომ ამერიკას ეს არ ესმის."

"საინტერესოა, ვინ არის პასტორი, რომლის გამო, ორ უზარმაზარ სახელმწიფოს შორის სავაჭრო ომი დაიწყო და ქვეყანა ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა?" - წერს დასავლური მედია.

bbc.com-ის ცნობით, 50 წლის პასტორი, მისიონერების ოჯახში დაიბადა. მისი და-ძმა ქადაგებისთვის მექსიკაში, პაკისტანსა და რუსეთში დადიოდნენ. ბავშვობაში მან მძიმე დაავადება გადაიტანა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა...

მან ქადაგებისთვის თურქეთი აირჩია და ჯერ კიდევ 90-იან წლებში მეუღლესა და სამ შვილთან ერთად საცხოვრებლად იქ გადავიდა, სადაც ღვთისმშობლის სახელობის ევანგელისტურ ტაძარს ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, ის სირიიდან წამოსულ ლტოლვილებს აქტიურად ეხმარებოდა. პასტორის დის, ბეტ ჰერმანის თქმით, ოჯახი თურქეთში ძალიან უბრალოდ ცხოვრობდა.

"ბარბექიუ, პიკნიკი. ცურვა, კინო და საღამოობით მაგიდის თამაშები - სულ ეს იყო მათი გასართობი" - აცხადებს ის და დასძენს, რომ იქ ცხოვრების პერიოდში წარმატებაც ჰქონდათ და წარუმატებლობაც.

2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ერდოღანის ხელისუფლების მიერ დაწყებულმა მასობრივმა დაპატიმრებებმა ვერც ამერიკელ პასტორს აუარა გვერდი. მას პროკურატურიდან უწყება მოუვიდა, რის შემდეგ გაირკვა, რომ ამერიკაში მცხოვრებ სულიერ ლიდერთან, ფეთჰულა გიულენთან კავშირში სდებდნენ ბრალს და ასევე "სამხედრო დამნაშავეებთან" თანამოაზრეობას ედავებოდნენ. ბრენსონმა ბრალდება კატეგორიულად უარყო. გასული წლის შემოდგომაზე, თურქეთმა ამერიკას მისი ფეთჰულა გიულენში გაცვლა შესთავაზა, რასაც ამერიკამ ცივი უარით უპასუხა.

"ქრისტეს მოწაფეებიც დაისაჯნენ. ახლა ჩემი ჯერია. მე უდანაშაულო ადამიანი ვარ. მე უარვყოფ ყველა ბრალდებას, მაგრამ ვიცი აქ რისთვის ვარ - იმისთვის, რომ ქრისტეს სახელით ვეწამო..." - განაცხადა პასტორმა სასამართლო პროცესის დროს.

ამ ხნის განმავლობაში მისი ოჯახი, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით ცდილობდა ამერიკელი პასტორისთვის თავისუფლება მოეპოვებინა, მაგრამ თურქეთმა ყველა შეთავაზებაზე, გარდა ფეთჰულა გიულენის გადაცემისა - უარი თქვა.

დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის აპრილში, პასტორ ენდრიუ ბრანსონზეც ილაპარაკა:

"ის კარგი ქრისტიანი ლიდერია. მას ჯაშუშს უწოდებენ, თუმცა, მე უფრო ვარ ჯაშუში, ვიდრე - ის" - განცხადა ამერიკის პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მას შინ დააბრუნებდნენ. მოგვიანებით ტრამპმა თქვა, რომ "ის თურქეთს მძევლად ჰყავს... არადა, პასტორი უდანაშაულოა და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს," - აღნიშნა ტრამპმა.

ამერიკელ პასტორზე ისაუბრა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, რომელმაც ანკარა გააფრთხილა, რომ ამ ამბის გამო თურქეთს "საგრძნობი სანქციები" ელოდება.

ბრანსონის ადვოკატის თქმით, მან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების მოთხოვნით ხელახლა მიმართა სასამართლოს. მისივე განცხადებით, ის მართლმსაჯულებისგან მოითხოვს, ბრანსონს ქვეყნის დატოვების უფლება მისცენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე