ავტორი:

ტრამპი VS მედია - უპრეცედენტო დაპირისპირება პრეზიდენტსა და ამერიკელ ჟურნალისტებს შორის

ტრამპი VS მედია - უპრეცედენტო დაპირისპირება პრეზიდენტსა და ამერიკელ ჟურნალისტებს შორის

"ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტო დაპირისპირება პრეზიდენტსა და მედიას შორის" - ასე აფასებენ ექსპერტები დონალდ ტრამპისა და ამერიკული მედიის ბოლო დროს უკიდურესად გამწვავებულ ურთიერთობას. მას შემდეგ, რაც ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, მისი მხრიდან სხვადასხვა გამოცემებზე თავდასხმა, აგრესია, მტრული დამოკიდებულება უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. არადა, ამერიკაში, როგორც თავისუფალი სიტყვის სამყაროში, პრეზიდენტებს მედიასთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება აქვთ.

"ყალბი", "ხალხის მტერი", "საშიში", "სასტიკი", "რეიტინგის გამო ყველაფერზე წამსვლელი", "მართული", "სიცრუის ტირაჟირებისკენ მოწოდებული" - ამ და სხვაგვარი ეპიტეთებით ახასიათებს პრეზიდენტი ტრამპი მედიას.

ადგილობრივი მედიის თქმით, ტრამპი მის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას ვერ ეგუება. ამიტომაც, გასულ კვირას რეიტინგული გამოცემების დიდმა ნაწილმა პრეზიდენტის მხრიდან წამოსულ აგრესიას შეთანხმებული ნაბიჯით უპასუხა. მათი პოზიციით, ტრამპის აგრესიული და სისტემურად მტრული პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ამერიკაში სიტყვის თავისუფლებას, ამიტომაც "ისტერიკამდე მისული პრეზიდენტი უნდა შეაჩერონ".

ამ წამოწყების ინიციატორი The Boston Globe-ია, რომელმაც სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა სათაურით, "ჟურნალისტები მტრები არ არიან". მათი თქმით, ტრამპი უკვე თვეებია მუდმივად თავს ესხმის თავისუფალ მედიას და მათ "თავისიანებად" და "ხალხის მტრებად" ყოფს. გამოცემას ამერიკის მეორე პრეზიდენტის ჯონ ადამსის ცნობილი ფრაზა მოჰყავს - "თავისუფალი საზოგადოების უსაფრთხოებისთვის თავისუფალი მედია ძალზედ მნიშვნელოვანია".

წამოწყებას 350-ზე მეტი მაღალრეიტინგული გამოცემა შეურთდა. "ეს უკვე სხვა ძალაა, ახლა უკვე გადამწყვეტი რაუნდია და ვნახოთ ვინ ვის მოატეხს რქებს", - წერს დასავლური მედია.

"ორ საუკუნეზე მეტია, რაც ამერიკის ეს ფუნდამენტური პრინციპი ჟურნალისტებს იცავდა, უცხოეთში კი თავისუფალი ქვეყნებისთვის სანიმუშო იყო. ახლა კი, სიტყვის თავისუფლება საფრთხის ქვეშ არის. ეს არის განგაშის სიგნალი დესპოტებისთვის... არ შეიძლება მოექცე ჟურნალისტებს ისე, როგორც საშინაო მტერს", - ნათქვამია The Boston Globe-ის სარედაქციო წერილში, რომელიც ასევე დასძენს, რომ ახალ ამბებზე მომუშავე რეპორტიორები და რედაქტორები ადამიანებიც არიან და შესაძლოა, შეცდომები მათაც დაუშვან, თუმცა მისი გასწორება შეიძლება.

გაზეთ The New York Times-ის ცნობით, რომელიც ასევე უერთდება საპროტესტო ტალღას, 2018 წლის შემდეგ უმაღლესი სახელმწიფოს პირებისგან მათზე არაერთი თავდასხმა განხორციელდა.

"მედიის კრიტიკა "ფეიკ ინფორმაციებზე" სწორია, თუმცა ჟურნალისტებიც ადამიანები არიან და იმას, რაც შენ არ მოგწონს, "ფეიკი ნიუსი" უწოდო და მათ "ხალხის მტრები" ეძახო, დემოკრატიისთვის სახიფათოა"- წერს გამოცემა. თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის ტრამპს ოპონენტებიც აკრიტიკებენ და შეახსენებენ, რომ მედიასთან დაპირისპირებით არცერთ ლიდერს არ გაუმარჯვია.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილ დირექტორს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა, იმ არგუმენტით რომ ჯონ ბრენანი, რომელიც მას აქტიურად აკრიტიკებს, მის ადმინისტრაციაში "უთანხმოების და ქაოსის" შეტანას ცდილობდა.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს აკრძალვა შესაძლოა სხვებსაც შეეხოთ, მათ შორის აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ყოფილ დირექტორს ჯეიმს კლაპერს, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ დირექტორს ჯეიმს კომს, ობამას ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს სუზან რაისს, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილ დირექტორს მაიკლ ჰეიდენსა და გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს სალი იეტსის.

დასავლური მედია წერს, რომ ბრენანს, გასულ თვეში ტრამპის კიდევ ერთი ხმამაღალი კრიტიკა არ აპატიეს. მან ამერიკის პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის საერთო პრესკონფერენციას მიუღებელი უწოდა და ეს ნაბიჯი ტრამპის მხრიდან "მოღალატეობრივად" შეაფასა.

თეთრი სახლის გადაწყვეტილების პასუხად ბრენანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პრეზიდენტს ყველა მისი მოწინააღმდეგის, როგორც მედიის, ასევე ცალკული პერსონების დასჯა სურს, რაც "სიტყვის თავისუფლების ჩახშობის და კრიტიკოსების დასჯის" მცდელობაა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე