ავტორი:

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ხარაგაულში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის 9-9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ხარაგაულში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის 9-9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

„ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფის მიერ, ყაჩაღობის ჩადენისა და დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე, აზერბაიჯანის მოქალაქე - ჰ.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "გ“ ქვეპუნქტებით, ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე - რ.ა. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ჰ.ა-მ, რ.ა-მ და მათმა თანმხლებმა სამმა პირმა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიის ტერიტორიაზე, ფერადი ციმციმებისა და ხმამაღლა მოლაპარაკის გამოყენებით, ყაჩაღური თავდასხმის განზრახვით შეაჩერეს ბათუმის მიმართულებით მიმავალი "ბე-ემ-ვე - X5" მოდელის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ ა.მ. და მისი ბიძა - ნ.მ. ჰ.ა-მ და რ.ა-მ, თანამზრახველებთან ერთად, პისტოლეტისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნების დემონსტრირებით, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.მ. ჩასვეს "ტოიოტა - ლენდკრუიზერ პრადოს" მოდელის ავტომანქანის უკანა სალონში იატაკზე, ხოლო ნ.მ. გადასვეს "ბე-ემ-ვე-X5" მოდელის ავტომანქანის უკანა სავარძელზე, რის შემდეგაც ორივე ავტომანქანით, ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულები მიიყვანეს რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, მაგისტრალის მარჯვენა მხარეს მდებარე ჩიხში. ჰ.ა., რ.ა. და მათი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ა.მ-ს ხელჩანთაში მოთავსებულ 70 000 აშშ დოლარს, ნ.მ-ს ზურგჩანთას და მასში მოთავსებულ 70 000 აშშ დოლარს, ამ უკანასკნელთა კუთვნილ ძვირადღირებულ მობილურ ტელეფონებს, ა.მ-ს კუთვნილ 700 ლარს, 200 აშშ დოლარს, 40 თურქულ ლირას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს და პირად ნივთებს.

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ დამნაშავეები გატაცებულ ნივთებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებათა შედეგად, იმავე წლის 2 დეკემბერს, თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანში ჰ.ა. და რ.ა. დაკავებულ იქნენ. სამართალდამცველთა მიერ ასევე ამოღებულ იქნა ყაჩაღური გზით გატაცებული თანხა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჰ.ა. და რ.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, -ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს