ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ სექტემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ სექტემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ სექტემბრის ნომერი #9(93), რომელშიც წაიკითხავთ:

მთავრის აკლდამის საიდუმლობა - წალენჯიხის ტაძარში ლევან დადიანის უკანასკნელი ნავსაყუდელია შემორჩენილი

საქართველოს ძნელბედობამ, ისტორიულმა ქარტეხილებმა და მტრის მრავალრიცხოვანმა შემოსევებმა ჩვენი წინაპრების არაერთი განსასვენებელი წარხოცა და სამუდამოდ დაკარგა. ამ მხრივ გამონაკლისია წალენჯიხის ტაძრის დასავლეთ გალერეაში, ეკლესიის მთავარი კარიბჭის სამხრეთით მდებარე ეკვდერი. მისი შესწავლა ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, როგორ ზრუნავდნენ ქართველი მეფე-მთავრები საკუთარ უკანასკნელ ნავსაყუდელსა და საკუთარი ხსოვნის უკვდავყოფაზე.

ლევან დადიანი სამეგრელოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი მთავარი იყო. აკლდამაც ისეთი მოიწყო, რომელსაც მასშტაბითა და სიმდიდრით საქართველოში ანალოგი არ ეძებნება. სამეგრელოს მთავარმა იმქვეყნიურ ცხოვრებაზე ზრუნვა, ჩანს, სიცოცხლეშივე დაიწყო და დიდი სამუშაოც გასწია. ამ სამზადისის შესახებ მოთხრობილია ეკვდერში შემორჩენილ არაერთ წარწერაზე. განსასვენებლის მოწყობის ისტორია ყველაზე ვრცლად 16-სტრიქონიან ეპიტაფიაშია გადმოცემული. მონათხრობიდან ირკვევა, რომ ეკვდერში მანამდე დიდი მთავრის წინაპრები ყოფილან დაკრძალული, როგორც თავად აღნიშნავს, თითქმის ყველა ხელმწიფე, თუმცა განსასვენებელი ცუდად, შეიძლება ითქვას, შეუსაბამოდ ყოფილა მოწყობილი...

დადიანი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მას აკლდამაში “ძვალისა ჩასაყრელი” კი არ გაუკეთებია, არამედ განსასვენებელი. ამისთვის კონსტანტინოპოლიდან ორი მარმარილოს ქვა ჩამოუტანია.

ჯონ სტეინბეკისა და რობერტ კაპას თვალით დანახული საქართველო

ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჯონ სტეინბეკის მოგზაურობას საქართველოში. 1947 წელს, როცა მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო, მომავალი ნობელიანტი მწერალი საბჭოთა კავშირს ეწვია. მას თან ახლდა რობერტ კაპა, ფოტოგრაფი უნგრეთიდან - დოკუმენტური ფოტოგრაფიის კლასიკოსი, სამხედრო ფოტოჟურნალისტიკის ფუძემდებელი და მსოფლიოში პირველი ფოტოსააგენტოს, «მაგნუმის» ერთ-ერთი დამფუძნებელი. მოგზაურებმა მოინახულეს მოსკოვი, კიევი, მაშინდელი სტალინგრადი, უკრაინის რამდენიმე სოფელი, აგრეთვე, თბილისი, გორი და ბათუმი. მოგზაურობა, რომელიც არ ყოფილა განპირობებული მხოლოდ უცხო ქვეყნის დათვალიერების სურვილით, ორ თვეს გაგრძელდა. მისი შედეგი გახლდათ 1948 წელს სტეინბეკის მიერ გამოქვეყნებული ნაწარმოები.

რუსული დღიური - ასე უწოდა მან წიგნს, რომელშიც თავისი შთაბეჭდილებები ამერიკელ მკითხველს გაუზიარა. წიგნის შესავალ ნაწილში სტეინბეკი წერდა: «იყო რაღაც-რაღაცები რუსეთის შესახებ, რაზეც არავინ წერდა და რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებდა. როგორც ეცვათ იქ? სადილად რას ჭამდნენ? წვეულებებს თუ მართავდნენ და რით უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს? როგორი სექსი ჰქონდათ ან როგორ კვდებოდნენ? რაზე ლაპარაკობდნენ? თუ ცეკვავდნენ, მღეროდნენ და თამაშობდნენ? ბავშვები სკოლაში დადიოდნენ თუ არა? ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა, ეს ამბები გაგვერკვია, ფოტოები გადაგვეღო და ამაზე დაგვეწერა». ეს სიტყვები ნათლად წარმოაჩენს ამ მოგზაურობის მიზანს და რა თქმა უნდა, მწერლის ინტერესის საგანი საქართველოც იყო, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მასზე.

როგორ მზადდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომი

XX საუკუნის უკანასკნელი ათწლეული რუსეთსა და საქართველოს შორის საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ვითარების გამწვავებით ხასიათდებოდა. ეს ტენდენცია უფრო მეტად საგრძნობი გახდა ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 1999 წლიდან. 2008 წლის ომზე საუბრისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ამ ომის მიზეზები საბრძოლო მოქმედებებამდე რამდენიმე თვით ან თუნდაც წლით ადრე კი არ არის საძიებელი, არამედ დაკავშირებულია მოვლენების ერთობლიობასთან, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში 1999 წლიდან განვითარდა...

მსოფლიოში უდიდესი ჯაინისტური ტაძარი

თეთრი მარმარილოსგან აგებული რანაკპურის ჯაინისტური სატაძრო კომპლექსი უდიდესია ინდოეთში, მისი მთავარი ტაძარი ჩაუმუკჰა ადინატჰა კი მსოფლიოში უდიდესი ჯაინისტური ტაძარია. რანაკპურის სატაძრო ანსამბლი არქიტექტურულად იმდენად დახვეწილია, რომ მას ტაჯ-მაჰალსაც ადარებდნენ. ტაძარი წარმოადგენს უბრწყინვალეს 3-სართულიან ნაგებობას, რომლის ჭერსა თუ შპილებიან გუმბათებზე გამოსახულია ისტორიული სიუჟეტები, ხოლო მისი 12 მეტრის სიმაღლის 1444 სვეტი გასაოცრად არის მოჩუქურთმებული. ყველა სვეტი ინდივიდუალურია და არც ერთი არ მეორდება.

ეს ყველაფერი შემკულია მრავალი სახის ძვირფასეულობით, ყოველი ნივთი თუ არქიტექტურული დეტალი იმდენად ნატიფია, რომ მნახველებში აღფრთოვანებას იწვევს, წმინდა ტაძარი ყველასთვის ღიაა, ბერების ოთახებში ღამის გათევაც ყველა გაჭირვებულს შეუძლია, თუმცა საკურთხეველთან მიახლოების უფლება მხოლოდ მორწმუნეებს აქვთ.ჯაინიზმი დჰარმული რელიგიაა, ანუ ერთ-ერთია ინდოეთის ნახევარკუნძულზე ჩამოყალიბებული ოთხი რელიგიიდან (ინდუიზმი, ჯაინიზმი, ბუდიზმი და სიქიზმი). ის ამჟამად 6 მლნ მიმდევარს ითვლის, აქედან 3,5 მლნ ინდოეთში ცხოვრობს, მიმდევრები არიან არა მარტო აზიის ქვეყნებში, არამედ ევროპასა და აშშ-კანადაში.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ელისაბედ I-ის ბეჭდის საიდუმლო

გერმანიის უძველესი ბიბლიოთეკა რომაულია

მსოფლიოში ყველაზე ძველი ყველი ეგვიპტეშია

უცხოელი ქართველოლოგები - აკადემიკოსი იანის სტრადინში

ძველეგვიპტელი ქურუმი ძვირფასი ნიღბით

გერმანულ-ქართულ-ოსმალური დიპლომატიური სამკუთხედი. ნაწილი I

ქართველები საზღვარგარეთ. თეთრი “გიორგანელის” უცნობი წერილები - გიორგი კერესელიძის ეპისტოლეების მიხედვით. ნაწილი I

მოგზაური ეთნოლოგის ჩანაწერები. ვრცელი «ქვეყანა» არტაანი. ნაწილი ჩინეთის ისტორიიდან. «მზისქვეშეთის» ქალბატონი იმპერატორი

მილიონობით წელიწადი ქარვის ტყვეობაში

უკრაინის ისტორიიდან. სტალინი და უკრაინული ავტოკეფალიური ეკლესია (დასასრული)

ჯარისკაცის თავგადასავალი. 500 დღე და ღამე მტრის ზურგში (გაგრძელება)

ფურცლები წარსულიდან. ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს