ავტორი:

დაკავებული ქართველები, ე.წ. ოსური პასპორტები და ბიბილოვის საეჭვო გეგმები

დაკავებული ქართველები, ე.წ. ოსური პასპორტები და ბიბილოვის საეჭვო გეგმები

თრუსოს ხეობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, მომხდარზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

სუს-ში არ აკონკრეტებენ, თრუსოს ხეობის რა მონაკვეთში, რა ვითარებაში მოხდა საქართველოს მოქალაქეების დაკავება და რას ითხოვს საოკუპაციო რეჟიმი მათ გასათავისუფლებლად... მოლაშქრეების დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა.

საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ. ახალგაზრდების ასაკი 22-30 წელია. მათგან ორი გოგონაა, სამი ბიჭი.

არსებული ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი მისი წინამორბედებისგან განსხვავებული გეგმების განხორციელებას აპირებს, როგორც "რესპუბლიკის" შიგნით, ისე, "საზღვრის გაფართოების" კუთხით, რაც “სახელმწიფოს გაძლიერებას ემსახურება და ამ მხრივ მოკავშირე რუსეთისგან სრული მხარდაჭერა აქვს...”

“ბიბილოვის ხელისუფლება არაერთი სხვა მიმართულებით გეგმავს გააქტიურებას. უკვე დაწყებულია კორუფციასთან ბრძოლა, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი, როგორც თიბილოვის, ასევე, კოკოითის ხელისუფლების წარმომადგენელი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ეს ეხება გზების და ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ტყის გაჩეხვას და უკანონოდ გატანას...” - წერს ოსური მედია.

ekhokavkaza.com-ს ცნობით, მიმდინარე წელს პირველად, ახალგორის რაიონში ე.წ. ოსური პასპორტების გაცემა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ის “საბიუჯეტო ორგანიზაციის” თანამშრომლებსა და იმ ახალგაზრდებს დაურიგდათ, ვინც საშუალო სკოლა დაამთავრა.

ეს პროცესი ივლისის დასაწყისში დაიწყო - ახალგორის რაიონში ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, ე.წ. ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ძალოვანი უწყებების “ხელმძღვანელობასთან” ერთად ჩავიდნენ და ადგილობრივი მოსახლეობისგან აღწერა და ასევე, ძველი დოკუმენტაციის ჩაბარება დაიწყეს.

ამავდროულად გავრცელდა კიდევ ერთი ვერსია, თითქოს სექტემბრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტების გაცემა მოსახლეობის სხვა კატეგორიებზევ გავრცელდება, თუმცა, მანამდე ეს შეეხება საბიუჯეტო ორგანიზაციებს, რადგან კანონის შესაბამისად, იქ დასაქმებულები აუცილებლად რესპუბლიკის მოქალაქეები უნდა იყვნენ.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის თქმით, ის ხედავდა როგორ მიდიოდა მოსახლეობა ადგილობრივ “მილიციაში"...

"ეს დაწესებულება ჩემი სახლის ფანჯრიდან ჩანს... ვერ ვიტყვი, რომ ისინი ბევრნი იყვნენ, მაგრამ სამუშაო საათებში მიდიოდნენ იქ, საპასპორტო მაგიდასთან და საბუთებს აბარებდნენ... იმავდროულად დაიწყო ახლის გაცემის პროცესი. როგორც მითხრეს, ასეთი დოკუმენტი უკვე აიღო ერთმა ადამიანმა... მსგავსი სიტუაცია საპრეზიდენტო არჩევნების წინ იყო. მაშინ დილის 6 საათიდან დაიწყო პასპორტების გაცემა და ადგილობრივი მოქალაქეობის მიღება, ახლა იმდენი ხალხი აღარ არის, მაგრამ პროცესი მაინც დაწყებულია", - წერს მეარაყიშვილი.

კიდევ ერთი ვერსიით, ჯერ კიდევ ივლისიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ე.წ. ახალი წესი, რომლის თანახმადაც “სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებისთვის” “საზღვრის” გადაკვეთისას და “რაზდახანის” გამშვებ პუნქტზე შეზღუდვები უნდა დაწესებულიყო. ბიბილოვის “ხელისუფლება” ამის გაკეთებას პირველი სექტემბრიდან დაიწყებს და “საქართველოში გადასვლა მათ მხოლოდ დასვენების დღეებში, თანაც თვეში ერთხელ შეეძლებათ...”

“საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცედურები შეიცვალა... ადრე, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს გვიტოვებდნენ, ახლა კი ისინი ბიომეტრიული მონაცემებით შეცვალეს. თუ რა არის ასეთი ცვლილების მოტივი, ამაზე არაფერს ამბობენ და მისი ლოგიკური კი არა, რამენაირი ახსნა ადგილობრივმა მოსახლეობამაც ვერ ვიპოვეთ... ერთ-ერთი ვერსიით, - სამხრეთ ოსეთის მილიციაში შიშობენ, რომ გარკვეული დროის შემდეგ, მათ ისევ ძველ დოკუმენტებს დაუტოვებენ, თუმცა, ახლებს რას უზამენ, არც ამის შესახებ გვაქვს რამე ინფორმაცია...”

თამარ მეარაყიშვილის თქმით, ეს მანევრები და სატყუარები გაურკვევლობას იწვევს, ერთის მხრივ, “ხელისუფლება” ცდილობს, ამ გზებით შეისწავლოს მოსახლეობის რა რაოდენობას აქვს ქართული პასპორტი და ამის მიხედვით დაწესდება ე.წ. რეგლამენტი “საბიუჯეტო ორგანიზაციებში” დასაქმებულებისთვის.

ამასთან, მათ პრაქტიკულად აიძულებენ, ქართულ მხარეს "ოსური პასპორტებით" გადავიდნენ, თანაც შეზღუდულ ვადებში და ტოტალური კონტროლის ქვეშ... სხვა შემთხვევაში, ისინი “საზღვარს” ვერ გადაკვეთენ.

ფოტო:RFE/RL

"ქართველებმა დრო იხელთეს და ამერიკის დახმარებით მასალები გააყალბეს" - როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ოკუპირებულ რეგიონებში

"ჩვენს სახლს კასეტური ბომბი დაეცა, დედაჩემი შეიწირა... გულისფანცქალით ველოდი ამ დღეს" - რას ამბობს 2008 წლის ომში დაზარალებული სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

"...ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში" - გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე